დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა და გენერალურ მდივნად დავით მუჯირი აირჩიეს. გარდა ამისა, სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, თუ რა სამუშაოები უნდა გატარდეს უახლოეს მომავალში და ზოგადად რა მდგომარეობაა ფედერაციაში.
"ჯერ რამდენიმე დღეა გასული, რაც მუშაობა დავიწყეთ, მაგრამ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა დაგვხვდა. სერიოზული დავალიანებებია. რუსთავში აკადემია შენდებოდა, მაგრამ დავალიანების გამო შეჩერებულია პროცესი. არის საბანკო ვალებიც როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. დავალიანებაა სუპერთასის მატჩზეც, რადგან ფედერაციამ გარკვეული თანხა უნდა გადარიცხოს უეფაში. კონკრეტული თანხის (ვალის ოდენობა) დასახელებას არ დავიწყებ, მაგრამ საზოგადოება გაიგებს, თუ რა მდგომარეობაში ჩავიბარეთ ფედერაცია და საიდან ვიწყებთ. 18 ნოემბრამდე, სანამ ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართება, ყველაფერი გაჟღერდება დეტალურად.
... წლევანდელი ბიუჯეტი უკვე აღრიცხულია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მომდევნო წლიდან დაფინანსება გაიზრდება. სხვა ბევრი პრობლემის გარდა, არ იყო გადაწყვეტილი, თუ როგორ გაემგზავრებოდა ნაკრები გერმანიაში სათამაშოდ.
... ამ პრობლემების გამო ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი თუ დადგება, ამაზე ჯერ ვერ გეტყვით. ჯერ არ ვფლობ სრულ ინფორმაცია ყველა დეტალზე".
დავით მუჯირი: მადლობა ლევან კობიაშვილს, მან ნდობა გამომიცხადა და ახლა ვალდებულნი ვართ, რომ სწორი მუშაობით ყველაფერი გამოვასწოროთ. ლევანს საარჩევნო კამპანიაში ვეხმარებოდი, ახლა კი უშუალო მოვალეობა მაქვს, რომ ფედერაციაში არსებული რთული ვითარების გამოსასწორებლად ვიმუშაოთ".
ვანო ხუციშვილი