რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და უელსურმა გამოცემა walesonline.co.uk-მა მსოფლიო თასზე მონაწილე 15 მორაგბე გამორჩია, რომელთაც კელტურ ლიგაში (იგივე პრო 12) თამაში შეუძლიათ და იქ მყოფმა უელსურმა გუნდებმა ყურადღება უნდა მიაქციონ.
აღნიშნულ 15-ეულში 4 ადგილი საქართველოს ნაკრების წევრებსაც ერგოთ. კერძოდ, მესამე ადგილზე გავიდა გიორგი ნემსაძე, მეხუთზე ბექა წიკლაური, მეცხრე პოზიცია მიენიჭა დავით კაჭარავას, ხოლო ლაშა მალაღურაძე მე-12 ადგილს დააჯერეს.
გამოცემა ქართველ მორაგბეებს ცალკე შემდეგნაირად ახასიათებს:
გიორგი ნემსაძე, მე-3 ადგილი
30 წლის გიგანტი ქართული რაგბის “პიტერ პენად” იწოდება. ტონგას წინააღმდეგ მისმა შესრულებულმა 23 ბოჭვამ საქართველოს გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა და კუნძულელებს თავი კარგად დაამახსოვრა. ნემსაძემ მსოფლიო თასზე მეორედ ითამაშა.
2007 წლიდან მოყოლებული კარიერას საფრანგეთში აგრძელებს, მაგრამ ტოპ 14-ში აქამდე არ უთამაშია. ბოლო სამი სეზონი კი “ტარბსში” თამაშობს, სადაც 53 კეპი მოიხვეჭა.
ბექა წიკლაური, მე-5 ადგილი
ბექა წიკლაურს მსოფლიო თასზე დებიუტი ახალ ზელანდიასთან ჰქონდა და შესანიშნავი ლელო დადო. 26 წლის მორაგბემ თამაში მშობლიურ თბილისის “ლოკომოტივში” დაიწყო. მანამდე კი, პოლონეთშიც უთამაშია.
საქართველოს ნაკრებში აქამდე 21 კეპი დააგროვა, რომელიც უკანა ხაზის ყველა პოზიციას ითვლის.
დავით კაჭარავა, მე-9 ადგილი
ახალ ზელანდიელი მორაგბეები ბენ და კონრად სმიტები ისინი არიან, რომლებიც კაჭარავას მიყენებული ტრავმებით მოედნიდან გაიყვანეს. საერთოდ, “კივებს” ქართველმა მორაგბემ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა.
მას ნაკრებში 90-ჯერ უთამაშია, სადაც დებიუტი 2006 წელს ჰქონდა. მანამდე კი, საფრანგეთში “ნიცასა” და “ავეირონში” თამაშობდა. ბოლო ორი წელია კი რუსეთში, კრასნოიარსკის “ენისეისთვის” თამაშობს.
ლაშა მალაღურაძე, მე-12 ადგილი
მალაღურაძე საქართველოს ნაკრების უკანა ხაზის საყრდენია, რომელიც 10 ნომრის პოზიციაზე საფრანგეთში თამაშობს. თავიდან 3 სეზონი “ბეზიეში” გაატარა, შემდეგ “რონში” იყო, ახლა კი “ბანიერში” ირჯება.
“ბორღალოსნების” რიგებში კი ჯამში 61 თამაში აქვს ჩატარებული. ორ მსოფლიოს თასზე, რომელზეც მან ითამაშა, ლელოს არცერთი გარდასახვა არ გაუფუჭებია.