ფეხბურთი

14:05 | 26.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯინო ლეტიერი: “ჭანტურია ჩვენი მიზნის განხორციელებაში დაგვეხმარება”

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია კარიერას გერმანიის II ბუნდესლიგის ბინადარ “დუისბურგში” რომ გააგრძელებს, ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის.

გიორგიმ “ზებრებთან” 1+2 წლიანი სისტემის კონტრაქტი გააფორმა და იგი კლუბმა ოფიციალურად წარადგინა. ჭანტურია ახალ გუნდში 36-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ხოლო მის დებიუტს 5 ოქტომბერს ელიან, როცა “დუისბურგი” სახლში “პადერბორნს” დაუხვდება.

ჭანტურიამ წარდგენისას კლუბის ვებგვერდისთვის პირველი კომენტარი გააკეთა:

“კარგია, რომ ტრანსფერი საბოლოოდ მოგვარდა. ივო გრილიჩთან და ჯინო ლეტიერისთან ერთად აქ ყოფნა სასიამოვნოა, თანაც ძალიან კარგ გუნდში, რომელსაც ერთგული გულშემატკივრები ჰყავს. “დუისბურგი” ტრადიციული გუნდია და იგი ჩემი მომავლისთვის იდეალურია. ლაშა დვალი ნაკრებშიც ჩემი თანაგუნდელია. “დუისბურგისთვის” ყველაფერს გავიღებ და მინდა მიზნების მიღწევაში დავეხმარო”, - თქვა ჭანტურიამ.

გიორგის შესახებ გუნდის იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჯინო ლეტიერიმაც ისაუბრა:

“კმაყოფილები ვართ, რომ გიორგი ჩვენს გუნდს საბოლოოდ შეუერთდა. იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ საერთაშორისო გამოცდილება უკვე გააჩნია. როდესაც გიორგის ვარჯიშებზე ვაკვირდებოდით, მივხვდი, რომ სწორედ ის იქნება მთავარი ფიგურა ჩვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე”, - განაცხადა ლეტიერიმ.

ჭანტურიამ გასული სეზონი იჯარით რუმინულ “კლუჟში” გაატარა, სადაც 33 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. ხოლო საქართველოს ნაკრებში აქამდე 8-ჯერ უთამაშია, მისი სანაკრებო დებიუტი 2014 წლის მარტში შედგა ლიხტენშტეინის ნაკრებთან შეხვედრაში.

0.106462