26 სექტემბერს “მანჩესტერ იუნაიტედი” მორიგ საპრემიერლიგო შეხვედრას ჩაატარებს ჩრდილოინგლისის “სანდერლენდთან” და ამ დაპირისპირების წინ ოლდ ტრაფორდელთა ჰოლანდიელ მთავარ მწვრთნელს ლუის ვან გაალს საფიქრალი მიეძალა. “წითელ ეშმაკებს” ერთბაშად რამდენიმე უკანახაზელი, ლუკ შოუ, მარკოს როხო, პატრიკ მაკნირი ჰყავთ ტრავმირებული და ბენილუქსელს მათი სათანადო შემცვლელების შერჩევა მოუწევს.
ინგლისის ლიგის თასის მეთექვსმეტედფინალში “იფსვიჩ თაუნის” წინააღმდეგ ვან გალმა დაცვის ცენტრში კრის სმოლინგისა და დეილი ბლინდის დუეტი დააყენა, თუმცა ამ წყვილის მოქმედებით ბოლომდე კმაყოფილი არ დარჩა: “2 “ცაცია” მცველი ლუკ შოუ და მარკოს როხო ტრავმირებულნი არიან, რის გამოც უკანა ხაზში სერიოზული სირთულეები შეგვექმნა. წესითა და რიგით, დელეი ბლინდი უნდა დამესვენებინა, მაგრამ საამისო საშუალებას მოკლებული ვარ. იფსვიჩელებთან შეხვედრის მსვლელობისას კრის სმოლინგი ფილ ჯონსით შევცვალე. ფილმა ახლახან განაახლა წვრთნა, ამიტომაც დიდწილად გავრისკე. სამომავლოდ ჯონსს მეტი სათამაშო დრო მიეცემა”.
ამასობაში ლუკ შოუ ჰოსპიტალიდან შინ გაწერეს. 20 წლის მცველი ეინდჰოვენის ერთ-ერთ კლინიკაში იყო, გასული კვირის მიწურულს მანჩესტერის საავადმყოფოში გადაიყვანეს, გუშინ კი შინ გაუშვეს. შოუ “იუნაიტედს” კარგა ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება – ექიმთა ვარაუდით ლუკს მწყობრში ჩასადგომად შესაძლოა 9 თვე დასჭირდეს. მიმდინარე სეზონში შოუს თამაში გამოირიცხა და ჯერჯერობით ისიც უცნობია, იასპარეზებს თუ არა ლუკი მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატზე.
შეგახსენებთ, ინგლისის პრემიერლიგაში 6 ტურის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედს” 13 ქულა აქვს და თანაქალაქელ ლიდერ “სიტის” 2 პუნქტით ჩამორჩება.