ჩემპიონთა ლიგის საწყისი ეტაპის 15 სექტემბრის გამორჩეული შეხვედრა მანჩესტერში ჩატარდა, სადაც წინა ტურნირის ფინალისტმა ტურინის “იუვენტუსმა” “სიტი” 2:1 დაამარცხა და “სიკვდილის ჯგუფში” უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
მატჩში თავდაპირველად მასპინძლები დაწინაურდნენ, “ბებრმა სინიორამ” ჯერ ანგარიში გაქვითა, 81-ე წუთზე კი ესპანელმა ფორვარდმა ალვარო მორატამ “ქალაქელებს” გადამწყვეტი გოლი გაუტანა. “პრინციპული შეხვედრა მოვიგეთ. სეზონი ცუდად დავიწყეთ და იმედია, მანჩესტერში მოპოვებული გამარჯვება სეზონის გარდამტეხი მომენტი იქნება. თუკი ასეთივე მონდომებით, შეკავშირებულად ვიასპარეზებთ, “იუვე” მარტო ქაღალდზე არ იქნება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. კონკრეტულად ჩემ ასპარეზობას რაც შეეხება, ბევრი ვიმუშავე, დაცვასაც ვეხმარებოდი და გადამწყვეტი გოლიც გავიტანე”, - განუცხადა მორატამ Mediaset Premium-ს.
ტურინელთაგან განსხვავებით მანჩესტერელთა ბანაკში საპირისპირო გუნება-განწყობა სუფევდა. არგენტინელმა ფორვარდმა კუნ აგუერომ (ტრავმის გამო პატაგონიელი მატჩში გვიან ჩაერთო) საკუთარ ტვიტეტზე მოკლედ მოჭრა: “ჩემპიონთა ლიგის წაგებით დაწყება “სიტის” გეგმაში ნაღდად არ შედიოდა. წაგება გამოგვაფხიზლებს და წინსვლისკენ არაფერს დავზოგავთ”.