კალათბურთი

22:06 | 30.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიჩიგანელები 71:70 დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტრიესტის საერთაშორისო ტურნირი გამარჯვებით დაასრულა. საწყის მატჩებში იტალიასთან ბოლო წამებზე ქულით დამარცხებისა და რუსეთთან მატჩის ჩაგდების შემდეგ, ქართველებმა ტურნირის მეოთხე მონაწილე – მიჩიგანის უნივერიტეტის გუნდი 71:70 დაამარცხეს.

იგორ კოკოშკოვისთვის ეს მატჩი მეტად სასარგებლო იყო, რადგან მეტოქე წინა ოპონენტებზე შედარებით სუსტი იყო და მწვრთნელს ლავირების საშუალება ჰქონდა. შესაბამისად, ქართველებმა არაერთი დაცვითი და შეტევითი კომბინაცი დაამუშავეს.

პირველი მეოთხედის 13:18 წაგების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა დაცვაში პრესინგს მიმართა. მჭიდრო მეურვეობამ გაამართლა და მეორე მეოთხედში შედეგიანი დაცვის წყალობით ქართველებს შეტევაშიც გზა გაეხსნათ. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია, რომლებიც სამწამიან ზონაში შესვლას და მეტოქის ფარის იქიდან დალაშქვრას ცდილობდნენ. მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 24:11 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს – 37:29.

მესამე პერიოდი მეტნაკლებად თანაბარი გამოდგა. იყო მომენტი, როცა ქართველებს მეტოქის გატეხვა შეეძლოთ, როცა პერიოდის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 12 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა მიჩიგანელებმა წუთშესვენება აიღეს და მოედანზე დაბრუნებულებმა ძირითადად შორი სროლებით და ჩვენების შეცდომების ხარჯზე, კოკოშკოვის გუნდს წინ კიდევ უფრო გაჭრის საშუალება არ მისცეს.

ბოლო პერიოდი ქართველების 11-ქულიანი ლიდერობით განახლდა. თამაშის სცენარი არ შეცვლილა საწყის 5-წუთეულში, სხვაობა 10 ქულის ფარგლებში ტრიალებდა, თუმცა, მატჩის მიწურულს ამერიკელებმა ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდეს და ამან, მათ წარმატების იმედი ჩაუსახა. საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე მიჩიგანელები 59:63 მოგვიახლოვდნენ და დარჩენილ დროშიც არ დაუგდიათ ტემპი.

კოკოშკოვმა წუთშესვენება აიღო და ქართველ კალათბურთელებს შესაბამისი დავალებები მისცა, თუმცა, საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე მიჩიგანელები 2 ქულითაც მოგვიახლოვდნენ (63:65). ერთ წუთში ჩამორჩენა მინიმუმამდე შემცირდა (66:67), თუმცა გიორგი ცინცაძის ორქულიანმა ქართველებს დამატებითი მუხტი მისცა – 69:66 სირენამდე 2.5 წუთით ადრე.

ქართველებმა მეტოქის შეტევა “აიღეს“ და ზაზა ფაჩულია საჯარიმოს ხაზზე დადგა. მან ორივე ტყორცნა გამოიყენა და დასრულებამდე 2 წუთით ადრე, ქართველები 71:66 დააწინაურა. ბოლო წუთნახევარში კოკოშკოვის გუნდის წევრები მოდუნდნენ, მეტოქეს 2 შეტევის დაგვირგვინებაში ხელი ვერ შეუშალეს, თავად კი საპასუხო შეტევაში ვერ იხეირეს, თუმცა, გამარჯვებას მაინც მიაღწიეს – 71:70. ამერიკელებმა ბოლო წამზე თითქმის ცენტრიდან შეუტიეს, მაგრამ...

საქართველოს ნაკრებში 18 ქულით საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, ხოლო ზაზა ფაჩულიმ და მანუჩარ მარკოიშვილმა 12-12 ქულა დააგროვეს. 8 ქულით დაასრულა შეხვედრა ჯეიკობ პულენმა, ხოლო გიორგი ცინცაძის ანგარიშზე 7 ქულა დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები დღესვე სლოვენიაში დაბრუნდება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს, 3 სექტემბერს კი ზაგრებში, ევრობასკეტზე გაემგზავრება.

ტრიესტის საერთაშორისო ტურნირი. პალატრიესტე. 30 აგვისტო

მიჩიგანი 70:71 საქართველო (18:13, 11:24, 15:18, 26:16)

მიჩიგანი: არენსი, ბესი, ფორბსი 14, კოსტელო 8, ნაირნი 10, კლარკი 5, მაკქუიდი 6, დევისი 2, გოინსი, ვან დიკი, შილინგი 17, ვოლენმანი, ვალენტინი 8.

საქართველო: ცინცაძე 7, მარკოიშვილი 12, სანიკიძე 5, შენგელია 18, ფაჩულია 12; პულენი 8, ფაცაცია, ბურჯანაძე 3, შერმადინი 6, სანაძე.

სრული სტატისტიკა

http://www.fibalivestats.com/u/FIP/138948/

www.gbf.ge

0.126344