მანუჩარ მარკოიშვილი ეროვნულ ნაკრებთან ერთად სლოვენიაშია და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. მან ნაკრების ყველა ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და როგორც – სტაბილური დაცვით, ისე შეტევაში შედეგიანი თამაშით გამოირჩა.
ნაკრების შეკრებაზე ყოფნას მისთვის ხელი არ შეუშლია, ახალ კლუბთან კონტრაქტი გაეფორმებინა. მარკოიშვილი თურქეთის ერთ-ერთ წამყვან გუნდში, ევროლიგის მონაწილე “დარუშაფაკაში” გადავიდა.
მართალია, მას მოსკოვის ცსკა-სთან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა, მაგრამ არმიელებმა ქართველ უკანახაზელთან თანამშრომლობა გადაიფიქრეს და მარკოიშვილმაც საკმაოდ კარგი გუნდი მონახა
- გადაწყვეტილი ამბავია, უკვე დარუშაფაკას წევრი ვარ. რამდენიმე დღეა, ჩემი ამ კლუბთან გაფორმებული კონტრაქტი ძალაში შევიდა - გვითხრა მარკოიშვილმა.
- როგორ მოხდა “დარუშაფაკასთან” კონტრაქტის გაფორმება? ინტერესი კლუბისგან წამოვიდა?
- როგორც ვიცი, ინტერესი “დარუშაფაკას” მწვრთნელისგან იყო. ჩემი აგენტი დამიკავშირდა და მითხრა, რომ დაინტერესება იყო. მეც გარკვეული დეტალების განხილვისა და შეთანხმების შემდეგ, ამ კლუბში გადასვლას დავთანხმდი. ყველაფრის თავი და თავი კი ის იყო, რომ მოსკოვის ცსკა-მ ჩემთან კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და იმ მომენტისთვის, თავისუფალი აგენტი ვიყავი.
- რატომ არ გაგრძელდა კონტრაქტი ცსკა-სთან?
- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ იყო უცხოელების ლიმიტის თემა და ალბათ, ისინი გარკვეულწილად უკმაყოფილონიც იყვნენ ჩემი თამაშით ან რაღაც მაგდაგვარი.
- თავად რას იტყვი განვლილ სეზონზე, რამდენად კმაყოფილი ხარ საკუთარი თამაშით?
- ძალიან კარგი დასაწყისი იყო. უბრალოდ, მერე ტრავმა მივიღე, დაახლოებით 2 თვე თამაშების გაცდენა მომიწია და ამ ხნის განმავლობაში გუნდის ბირთვის ჩამოყალიბება მოხდა. მწვრთნელმაც სხვა მოთამაშეზე გააკეთა აქცენტი. ამას დაემატა ანდრეი კირილენკოს ჩამოსვლა და როტაციის პრინციპი ამოქმედდა. შემეხო უცხოელებზე დაწესებული ლიმიტი, რამაც დიდი პრობლემა შემიქმნა. ვცდილობდი, ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა, მაგრამ რიტმში ვეღარ ჩავჯექი, სათამაშო დროც შემიმცირდა და ასეთ პირობებში საკუთარი თავით კმაყოფილი ვერც მე ვიქნებოდი და ალბათ, ვერც სხვა.
- რომ არა ტრავმა?!
- მაგას ვერავინ იტყვის, რა იქნებოდა. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. რაც არის, ეგ არის.
- ვიცით, რომ თურქულსავე “ეფესს” სურდა შენი შემატება. ამაზე რას იტყვი?
- იყო დაინტერესება, მაგრამ ჩემამდე იყვნენ სხვა მოთამაშეები, რომლებთანაც მოლაპარაკებას აწარმოებდნენ და ისინი თუ უარს იტყოდნენ, მერე ჩემთან მოვიდოდნენ. მოხდა ისე, რომ სტამბოლურმა გუნდმა სასურველი მოთამაშე შეიმატა და ჩვენი ურთიერთობაც აღარ შედგა.
- პირადად, “ეფესი” ხომ არ გერჩივნა?
- არანაირად უკმაყოფილო არა ვარ “დარუშაფაკათი”. მთავარია, რომ ვითამაშო და შედეგი გვქონდეს. მაღალი მოთხოვნილებების გუნდია. ევროლიგაში ასპარეზობს და ეს არაა მხოლოდ მონაწილეობის დონეზე. სადაც გამოდის, “დარუშაფაკას” ყველგან მოგების ამბიცია აქვს – თურქეთში ჩემპიონობა სურს, ევროლიგაში რაც შეიძლება მეტი მატჩის მოგება და ეტაპების დაძლევა. ეს, ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.
- თუ არიან ცნობილნი ის მოთამაშეები, რომლებიც “დარუშაფაკას” სასტარტო ხუთეულში ითამაშებენ და შენ თუ ხარ მათ შორის?
- არა მგონია, რომ სეზონის წინ მოთამაშეებს ეუბნებოდნენ შენ ხუთეულში ითამაშებ, შენ კი მოედანზე შეცვლაზე შეხვალ ხოლმეო. იმედი მაქვს, თამაში მომიწევს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. არა მგონია, რომ გარანტირებული ვინმეს რამე ჰქონდეს.
- ეროვნულ ნაკრებში მზადების პროცესი როგორ მიდის და რა დონეზეა გუნდი?
- ბევრი ამხანაგური მატჩები ჩავატარეთ და გუნდი ნელ-ნელა შედის ფორმაში, თუმცა პატარ-პატარა დეტალები დასახვეწი გვაქვს. ამისთვის ძალიან გამოგვადგება იტალიის ტურნირი. ბევრი დრო აღარაა და მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ. თორნიკე შენგელიაც შემოგვემატა და გუნდი საბოლოო სახეს იღებს. მალე გვეცოდინება ზუსტი შემადგენლობა, ვინ ვიქნებით 12-კაციანი განაცხადში და რაზე უნდა გავაკეთოთ ძირითადი აქცენტი.
- შენი აზრით რა არის ის კომპონენტი, რისი დახვეწაც ჩვენს ნაკრებს აუცილებლად მართებს?
- ალბათ დაცვა არის ის, რაზეც სამუშაო გვაქვს. არის მომენტები, როცა შეუთანხმებლად ვმოქმედებთ. თუკი გვინდა, რეალურ შედეგზე ვიფიქროთ, დაცვაში ერთმანეთის თვალდახუჭული უნდა გვესმოდეს და გუნდურად უნდა ვიმოქმედოთ. ამის საუკეთესო საშუალება ამხანაგური თამაშებია და ჩვენც კიდევ 3 მატჩი გვაქვს წინ.
- ამხანაგურ მატჩებს ჩვენი მეტოქეებიც თამაშობენ და ალბათ, მათ შედეგებსაც ადევნებ თვალს?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ის მომენტია, როცა შედეგი მეორეხარისხოვანია. ამხანაგურ მატჩებს ყველა თამაშის დასახვეწად იყენებს, თუმცა შედეგსაც აქცევენ ხოლმე ყურადღებას. გამოვარჩევ სლოვენიის შედეგიან თამაშს, რომელმაც ამხანაგური ტურნირი მოიგო იტალიასთან, უკრაინასთან და ფინათთან დაპირისპირებაში.
- ევროპის ჩემპიონატზე რა იქნება მთავარი სამიზნე?
- ჯგუფიდან გასვლა, თუმცა მე ვიტყოდი, მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე პირველი მატჩის მოგებაა, რომელიც ჰოლანდიასთან გვაქვს. უფრო სწორად, პირველ თამაშზე კონცენტრაცია გვართებს, ვიდრე უფრო წინ ყურება...
- ოლიმპიადის საკვალიფიკაციკაციო ტურნირზე გასვლა?
- სურვილი ერთია და საქმისადმი მიდგომა მეორე. ამ ეტაპზე, ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ჩვენი საზრუნავი პირველი და მისი შემდგომი თამაშებია. თუკი ორიენტირებულები ვიქნებით უახლოეს მიზანზე და მაქსიმუმს გავაკეთებთ შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად, უფრო შორს წავალთ. მოვიგებთ პირველ მატჩს, მოვიგებთ მეორეს, დავიკავებთ ჯგუფში მაღალ ადგილს – მერე ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე გასვლაც იოლი იქნება. ამიტომ, ჩემი აზრით, მაღალ შედეგებზე ფიქრს ჯობს, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ.
- იტალიის ტურნირზე სხვებთან ერთად, რუსეთსაც ვეთამაშებით. რას იტყვი ამ პრინციპულ დაპირისპირებაზე?
- ზუსტად ეგ არის სამწუხარო, რომ აქცენტი კეთდება იმაზე, რომ რუსეთს ვეთამაშებით და ამით ამ საკითხის პოლიტიზირება ხდება. რუსეთი იგივე ნაკრებია, რაც იტალია და სხვები. წავიდა ის დრო, როცა სპორტულის ნაცვლად პოლიტიკურ ჭრილში უყურებდნენ ამ ქვეყნის ნაკრებთან მატჩს. ჩვენ ეს მატჩი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მოსამზადებლად და მჯერა, ასეც იქნება.
- 25 აგვისტოს რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ცსკა-ში შენი თანაგუნდელი ანდრეი კირილენკო გახდა...
- კირილენკოს სოციალური ქსელის საშუალებით მივწერე და პირადად, როცა შევხვდები, მაშინ მივულოცავ. ჩემი აზრით, ამაზე კარგი არჩევანი არც ჰქონდათ და ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. იმდენად დიდი პროფესიონალი და კარგი პიროვნებაა, რომ დარწმუნებული ვარ, ის რუსული კალათბურთისთვის ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებს. მას აქამდეც ბევრი რამ აქვს გაკეთებული და სამაგალითო პიროვნებაა.
- კირილენკოსთან არაერთი ქართველი კალათბურთელი მეგობრობს და რას ფიქრობ, ეს მომენტი ხელს ხომ არ შეუწყობს რუსული და ქართული კალათბურთის დაახლოებას?
- ისევ და ისევ პოლიტიკის ბრალია, რომ აქამდე ეს სიახლოვე ნაკლებად იყო და მიუხედავად იმისა, რომ მეზობლები ვართ, ამხანაგური მატჩები ამ ქვეყნებში არ იმართებოდა. მიუხედავად ამისა, არა მგონია, რომ ფედერაციებს ურთიერთობის რაიმე პრობლემა ჰქონოდა. სულ ახალი ამბავია, რომ ვი-თი-ბი ლიგაზე მონაწილეობას ქართული კლუბი ვითა მიიღებს და მგონი, ეს, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ განვითარება გვინდა, აუცილებლად მჭიდრო ურთიერთობა უნდა გვქონდეს ისეთი მაღალი დონის საკალათბურთო ქვეყანასთან, როგორიც რუსეთია. ჩვენს სამეზობლოში მხოლოდ რუსეთი და თურქეთია, საიდანაც შეიძლება მაგალითი ავიღოთ და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.
თუკი რამე პრობლემები იქნება ურთიერთობაში, რაც არა მგონია, ჩემი აზრით ძალიან გამოგვადგება იგივე ზაზა ფაჩულიას ურთიერთობები კირილენკოსთან და ასევე სხვა ქართველების ახლობლობა ამ მართლაც გამორჩეულ აწ უკვე რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან.
www.gbf.ge