სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

22:25 | 2.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის “დინამო” ევროსარბიელზე ღირსეულად დაბრუნდა

დიდი ხნის შესვენების შემდეგ ბათუმის “დინამო” ევროპულ სარბიელს დაუბრუნდა. საქართველოს ჩემპიონატის მეორეადგილოსანი კლუბი ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის “ომონიას” დაუპირისპირდა. “ბებერი კონტინენტის” საფეხბურთო ტურნირებზე გამოსვლა ნებისმიერი გუნდისათვის დიდი გამოწვევაა და ბუნებრივია, აჭარული კლუბი განსაკუთრებულად ემზადებოდა კვიპროსულ გრანდთან სათამაშოდ. ბათუმელ მწვრთნელთა სასახელოდ უნდა ვთქვათ, რომ მათ კუნძულელებთან პაექრობის წინ ხელოვნურად არ დაუწყიათ გუნდის გაძლიერება, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა სხვა ქართული კლუბების შემთხვევაში. წინასწარ იმის თქმა როგორ დასრულდებოდა პირველი შეხვედრა, ძნელად პროგნოზირებადი გახლდათ, მაგრამ ის რომ ბათუმელთა შემადგენლობაში რადიკალური ცვლილებები არ მომხდარა, დადებითად უნდა შევაფასოთ. ანუ ევროსარბიელზე გამოვიდნენ ის ფეხბურთელები, რომელთა მონაწილეობით და დამსახურები|თ მოახერხა ბათუმის “დინამომ” ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება.

ევროპა ლიგის პირველი რაუნდის შეხვედრის გამართვა აჭარულ კლუბს გასაგები მიზეზების გამო ზესტაფონში მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ იმერული ქალაქი ბათუმიდან თითქმის 200 კილომეტრით არის დაშორებული, “დავით აბაშიძეზე” ქართული კლუბის ქომაგთა რაოდენობა საკმაო გახლდათ. რაც შეეხება კვიპროსულ კლუბს, ისინი განახლებული შემადგენლობით ეწვივნენ ზესტაფონს და ზედ მატჩის წინა დღეს გაირკვა, რომ გუნდს ბათუმელებთან შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო, უშუალოდ ვერ უხელმძღვანელებდა მთავარი მწვრთნელი კოსტას კაიაფასი, თუმცა განაცხადში იგი მაინც გახლდათ მითითებული. კაიაფასს მატჩის ცქერა სამთავრობო ლოჟიდან მოუწია.

შეხვედრა ქომაგთა გამაყრუებელი ყიჟინის ფონზე დაიწყო. სლოვენიელი არბიტრის სასტვენისთანავე ორივე გუნდი შეეცადა ბურთზე კონტროლის დაწესებას. სტუმრებმა კლასიკური 4-4-2 სათამაშო სქემა აირჩიეს. ლობჟანიძე-რუნჯე-მენდი-კრისტავაოს დაცვის ოთხეული ამაგრებდა კვიპროსელთა უკანა ხაზს. საყრდენებად ეკონომიდესი და გოულონი იყვნენ გამწესებულნი, ხოლო ფლანგებზე ასისის და ფოფანა მოქმედებდნენ. კუნძულელთა შემტევ ხაზს სკემბრი და პოტე ამაგრებდნენ. რაც შეეხება ბათუმლებს, შოთა ჭეიშვილმა შეტევაზე ორიენტირებული შემადგენლობა გამოიყვანა. დაცვაში ტეტუნაშვილი-გოგიტიძე-მახარაძე-სუხიაშვილის კვარტეტი იდგა. ნახევარდაცვაში ქავთარაძე-ფონიავა-შონია-გაბედავას ოთხეული ირჯებოდა. წინ კი კვიპროსელთა მცველების დაწიოკებას ბერიაშვილი-ტატანაშვილის დუეტი ცდილობდა.

მატჩის დებიუტში უფრო აქტიურად მასპინძლები გამოიყურებოდნენ. პირველი დარტყმა ბათუმელთა მხრიდან გაბედავამ შეასრულა, თუმცა მისი მცდელობა არაზუსტი გამოდგა. მე-5 წუთზე კი აჭარელთა შეტევა წესით გოლით უნდა დასრულებულიყო. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ტეტუნაშვილის ჩაწოდების შემდეგ თავურით დარტყმას ტატანაშვილი ცდილობდა, რომელსაც მეურვემ კი აჯობა, მაგრამ ბურთი ჩინებულ პოზიციაზე მყოფ ბერიაშვილს მიუვიდა, რომელმაც ბურთი მიიღო და ძლიერად დაარტყა, მაგრამ რუნჯეს თავგანწირული თამაშის წყალობით ბურთი კუთხურზე გადავიდა. თავის მხრივ ორიოდ წუთში გატანის 100%-იანი შანსი სტუმრებმაც გაანიავეს, როდესაც სწრაფი კონტრშეტევისას მეკარესთან პირისპირ სკემბრი დარჩა. მალტელმა ფორვარდმა ალავიძის მოტყუება შეძლო, მაგრამ მახვილი კუთხიდან მისი დარტყმული ძელს მოხვდა და კარის ხაზს იქით გადავიდა.

“ცოცხალი” სადებიუტო წუთების შემდეგ სახიფათო მომენტებმა იკლო. მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ინარჩუნებდნენ, მაგრამ დაახლოებით შემდეგი ოცი წუთის განმავლობაში, მხოლოდ შონიას შორეული დარტყმა უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც არაზუსტი გამოდგა. სტუმართა ათლეტურ გუნდში შეთამაშების პრობლემა აშკარად შეიმჩნეოდა, თუმცა ისივ უნდა ვთქვათ, რომ ევროთასებზე უფრო მეტად გამობრძმედილი კვიპროსელები, მაინც ახერხებდნენ ბათუმელთა იერიშების შეკავებას. 29-ე წუთზე სტუმართა მალტელი ლეგიონერი “მაკრატელათი” ცდილობდა გატანას, მაგრამ ალავიძემ შეძლო ბურთის მოგერიება. ცოტა ხანში გოულონმა მოსინჯა ქართველთა კიპერის საიმედოობა შორეული დარტყმით, მაგრამ დინამოელთა კიპერი ამჯერადაც საიმედოდ გაისარჯა.

მე-40 წუთზე მასპინძლებმა შეტევის მარცხენა ფლანგზე ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომლის შესრულება თავის თავზე გაბედავამ აიღო. გიორგიმ ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო და ფეხბურთელებით გადატენილ კვიპროსელთა საჯარიმოში ბურთი მოწინააღმდეგის კარისკენ ძლიერი დარტყმით გაგზავნა. ბურთის შეჩერება ვერც კვიპროსელთა მცველებმა მოახერხეს და ვერც მეკარე გიორგალიდესმა. “დავით აბაშიძეზე” შეკრებილთა გულის გასახარად ბურთი კვიპროსელ|თა კარის მარჯვენა კუთხეში შევარდა – 1:0.

გატანილმა გოლმა მასპინძლებს თითქოს ფრთები შეასხა და მეტი მონდომებით შეუტიეს მოწინააღმდეგის კარს. ტაიმის მიწურულს მათ კიდევ ერთხელ შეეძლოთ თითქმის ანალოგიური გოლის გატანა, როდესაც გაბედავამ იგივე ადგილიდან ისევ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, მაგრამ გიორგალიდესმა გაჭირვებით შეძლო ბურთის კუთხურზე გადაგდება. თავის მხრივ კვიპროსელებსაც ჰქონდათ სახიფათო მომენტის შექმნის მცდელობა, რომელშიც მონაწილეობას პოტე და სკემბრი იღებდნენ, თუმცა ბათუმელმა მცველებმა ერთობლივად განმუხტეს სიტუაცია და შესვენებაზე აჭარლები სასურველი ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმი სტუმრების ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო. ნიქოზიელთა მთავარმა მწვრთნელმა თამაშიდან მცველი მენდე მოხსნა და მის მაგივრად ვერცხლისწყალივით მოძრავი მარგასა შეუშვა. ცოტა ხანში კი ფოფანას ნაცვლად თამაშში კირმი ჩართო. მიუხედავად ბურთის ფლობის უპირატესობისა, კვიპროსელებს რაიმე განსაკუთრებული ბათუმელთა კართან არ შეუქმნიათ. საწყისი 15 წუთის განმავლობაში, ერთადერთი მარგასას დარტყმის გამორჩევა შეიძლებოდა, რომელმაც ბათუმელთა საჯარიმოს მისადგომებიდან არაზუსტად დაარტყა. 63-ე წუთზე კი ეკონომიდესმა “დააქუხა” შორიდან, მაგრამ ალავიძემ ეფექტურ ნახტომ|ში შეძლო ბურთის კუთხურზე გადაგდება.

მიუხედავად იმისა, რომ დროის ამ მონაკვეთში სტუმრებს კარის აღების 100%-იანი შესაძლებლობა არ მიცემიათ თამაში მასპინძელთათვის სასურველ რიტმში არ მიმდინარეობდა. ამიტომაც შოთა ჭეიშვილის შეგირდები შეეცადნენ თამაშის მოედნის ცენტრში და მეტოქის მოედანზე გადატანას. აჭარლებმა შეძლებისდაგვარად მოახერხეს ამის გაკეთება. რამდენიმეჯერ ბათუმლებს მეტოქის კართან ხიფათის შექმნის საშუალებაც მიეცათ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ისინი ბოლო გადაცემის გაკეთებას ვერ ახერხებდნენ.

ცოტა ხანში მოედანზე ისევ ის სათამაშო სურათი აღდგა, რომელიც თამაშის განახლების შემდეგ იყო. სტუმრები ისევ დაეუფლნენ ტერიტორიულ უპირატესობას, თუმცა ბათუმელები ამჯერად თავს უფრო ორგანიზებულად იცავდნენ. მათგან ყველაზე აქტიური მარჯვენა ფლანგზე მოქმედი ქრისტოვაო იყო, რომელიც მუდმივად შეტევებში იყო ჩართული და ხშირად სახიფათო ჩაწოდებებსაც აკეთებდა.

შეხვედრის ბოლო ათი წუთის განმავლობაში დინამოელები თავს ღირსეულად იცავდნენ და მეტოქეს საკუთარ ნახევარზე “ნავარდის” უფლებას არ აძლევდნენ. საეპილოგო წუთებში არ იყო იმის განცდა, რომ ბათუმელებს უჭირდათ. პირიქით, აჭარლებმა დალაგებული და მწყობრი თამაშით “მშრალად” შეინახეს საკუთარი კარი და განმეორებითი მატჩისათვის კარგი პოზიცია შეიქმნეს. სლოვენიელი არბიტრის მიტია ზგანეცის საფინალო სასტვენმა “დავით აბაშიძეზე” შეკრებილებს განუზომელი სიხარული მოჰგვარა. ბათუმის “დინამოს” ქომაგებმა და მხარდაჭერებმა სტადიონზე ერთობლივად იზეიმეს მშობლიური კლუბის გამარჯვება და ევროსარბიელზე წარმატებით დაბრუნება. მინიმალური ანგარიშის მიუხედავად, ერთი კვირის შემდეგ ბათუმის “დინამოს” სერიოზული გამოცდა ელის ნიქოზიაში, რადგანაც “ომონია” საკუთარ სარბიელზე მეტი ძალებით შეეცდება შეტევას, თუმცა აჭარლებს საკუთარი ნახევრიდან თამაში კარგად შეუძლიათ და იმედია, ისინი კვიპროსში თავიანთ შანსს გამოიყენებენ.

მიხალის სერიუ (“ომონია”) – “მძიმე შეხვედრას ველოდით და ასეც გამოვიდა. ჩვენ გვქონდა რამდენიმე კარგი შანსი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. განსაკუთრებით სკემბრის მომენტები უნდა გამოიყოს. შემდეგ მეტოქემ სტანდარტულიდან იხეირა და ჩვენ ვეღარ შევძელით გატანა. ახლა ერთი კვირა გვაქვს იმისათვის, რომ დაშვებული შეცდომების აღმოფხვრაზე ვიმუშაოთ”.

შოთა ჭეიშვილი (”დინამო”) – “პირველ რიგში უღრმესი მადლობა ჩვენს მასპინძლებს, ზესტაფონის სტადიონის წარმომადგენლებს, რომლებმაც უმაღლეს დონეზე უმასპინძლეს დღევანდელ შეხვედრას. მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. ბიჭებმა საოცარი თავდადება გამოავლინეს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა პირველად თამაშობდა ასეთ დონეზე. მიუხედავად გამარჯვებისა განმეორებით მატჩში უპირობო ფავორიტად “ომონია” უნდა მივიჩნიოთ. ჩვენ ვიცით, რომ ნიქოზიაში მაყურებელი მრავლად დადის სტადიონზე და იქ თამაში რთულია. ბიჭებს კიდევ ერთხელ მადლობა, რადგანაც მათ შეუნარჩუნეს ინტრიგა ამ წყვილის განმეორებით შეხვედრას”.

“დინამო” (ბათუმი) -“ომონია“(ნიქოზია) 1:0 (1:0)

2 ივლისი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე. 4000 მაყურებელი

“დინამო”: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, სუხიაშვილი, გოგიტიძე, შონია, ქავთარაძე (ჩირიკაშვილი, 83), ფონიავა, გაბედავა (ვარშანიძე, 86), ბერიაშვილი, ტატანაშვილი (თევდორაძე, 75).

მთავარი მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი

“ომონია”: გიარგალიდესი, ლობჟანიძე, ქრისტოვაო, ასისი, ეკონომიდესი, ფოფანა (კირმი, 58), პოტე, მენდი (მარგასა, 46), სკემბრი (ვინსენტი, 70), რუნჯე, გოულონი.

მთავარი მწვრთნელი: კოსტას კაიაფასი

გოლი: 1:0 გაბედავა (40).

გაფრთხილება: ფონიავა (11), ლობჟანიძე (13), გაბედავა (14), მახარაძე (33), შონია (54), მარგასა (77).

არბიტრი: მიტია ზგანეცი, მანუელ ვიდალი, ანდრა კოვაჩიჩი, ნეჟ კაიტაზოვიჩი (ყველა სლოვენია)

ზაზა ლეთოდიანი ზესტაფონიდან

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.186958