ჭიდაობა

12:30 | 14.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

დათუნაშვილი და ქაჯაია მეოთხედფინალში გავიდნენ

ბაქოში მიმდინარე ევროპის თამაშებზე დღეს მედლები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 66, 75, 85 და 130 კილოგრამებში უნდა გათამაშდეს. საქართველოს ნაკრებს თითო წარმომადგენელი ოთხივე წონაში ჰყავს. ტურნირში ყველა ჩაერთო და ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას ორი მათგანი აგრძელებს. 75 კილოგრამში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა ორი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამ კი პირდაპირ მერვედფინალით და გამარჯვებით დაიწყო.

დათუნაშვილმა შეჯიბრება ჩეხი პეტრ ნოვაკის ძლევით გახსნა. პირველი პერიოდი უქულოდ დასრულდა. მეორე სამწუთეულში 2:1 იმარჯვა. მერვედფინალში ქართველმა მოჭიდავემ თურქ ემრაჰ კუშთან გაცილებით დაძაბული და ლამაზი ბრძოლა გადაიტანა. არადა ისე დაიწყო, ვადაზე ადრე გამარჯვებას თითქოს წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა - პირველსავე წუთზე 6:0 დაწინაურდა. მაგრამ მოულოდნელად, ინიციატივა დათმო და ემრაჰ კუშს ჯერ ანგარიშის გათამაბრების, შემდეგ კი წინ გასვლის საშუალება მისცა – 6:8. მეორე პერიოდში საქართველოს დელეგაციის მედროშემ მეტოქე ჩოქბჯენში გადაიყვანა და რამდენიმე წამით დაწინაურდა, ვიდრე თურქმაც ანალოგიური ხერხით არ დაიბრუნა ორქულიანი უპირატესობა (10:8).

საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე ზურაბ დათუნაშვილმა საფირმო თავზე გადახტომა შეასრულა, 4 ქულა აიღო და მეოთხედფინალის საგზურიც მოიპოვა, სადაც კუშზე გაცილებით ძლიერ მოჭიდავესთან - ბულგარელ იავორ იანაკიევთან მოუწევს დაპირისპირება.

იაკობ ქაჯაიამ ავსტრიელ ლუკას ჰოერმანს 5:0 სძლია და მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ შაბაჰი შარიათის შეხვდება.

საჩინო დავითაიამ (66 კგ) და მათე სოფაძემ (85 კგ) ძირითად ბადეში გამოსვლა პირველივე შეხვედრით დაასრულეს. დავითაიამ აზერბაიჯანელ ჰასან ალიევს საწყისი სამწუთეული 2:1 მოუგო, მაგრამ მცირე შესვენების შემდეგ უპირატესობა დათმო და საბოლოოდ 2:4 დამარცხდა. სოფაძემ კი თურქ მეტეჰან ბაშართან უქულო პირველი პერიოდის შემდეგ, 2:5 წააგო.

0.113841