საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველი ევროპული თამაშების პირველი დღე უმედლოდ ჩაამთავრა. ბაქოს ხალიჩაზე ბეგი დარჩიას გუნდის ოთხი წევრი გავიდა და მათგან სამმა დილის პროგრამაშივე დაკარგა საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი. ფინალურ ბლოკში მხოლოდ 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მინდია წულუკიძე გავიდა, მაგრამ პოდიუმამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.
ძირითად ბადეში წულუკიძემ სამი შეხვედრა ჩაატარა. ტურნირი ნორვეგიელი პეტერ კარლსენის ძლევით (7:3) გახსნა, მეოთხედფინალში კი რუს იური დენისოვს 4:4-ით აჯობა, შედარებით მაღალქულიანი ილეთის ხარჯზე. ოქრო-ვერცხლისკენ მიმავალი გზა ნახევარფინალში ჩაეკეტა, უნგრელ ბალინტ კორპასისთან 3:7 წაგებით.
რეპეშაჟის ფინალში მინდია წულუკიძე გერმანელ ფრანკ შტაბლერს დაუპირისპირდა და პირველი პერიოდის შემდეგ 0:4 ჩამორჩა. მოკლე პაუზის შემდეგ კი მსაჯს პასიური მეტოქე გააფრთხილებინა და ჩოქბჯენიდან აღებული ორი ორქულიანით ანგარიში გაათანაბრა. ბოლო ილეთის წყალობით, ფრე ქართველ მოჭიდავეს აძლევდა ხელს, მაგრამ საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე ხალიჩის მსაჯმა შტაბლერს ერთობ საეჭვო ქულა დაუფიქსირა. ბეგი დარჩიამ სადავო ეპიზოდი გააპროტესტა, მაგრამ მსაჯთა მაგიდამ ქართული პროტესტი არ დააკმაყოფილა და გერმანელს კიდევ ერთი ქულა წაუმატა. შეხვედრაც ასევე დასრულდა – 4:6 და წულუკიძე მე-5 ადგილს დასჯერდა.
დღესვე, ევროპის პირველ თამაშებზე საქმეში 59, 80 და 98 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე ქართველებიც გავიდნენ, მაგრამ საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ.
გიზო მელაძემ (59 კგ) ტურნირზე გამოსვლა აზერბაიჯანელ ელმან მუხტაროვთან დაჭიდებით დაიწყო და დაასრულა. საქართველოს ნაკრების მსუბუქწონოსანმა პირველი პერიოდი 0:5 წააგო. მეორე სამწუთეულში კი უპირატესობას დაეუფლა, მაგრამ მუხტაროვს პრესტიჟის სამი ქულა აუღო.
მიხეილ ქაჯაიაც (98 კგ) პირველსავე მეტოქესთან - იტალიელ დაიგორო ტიმონჩინისთან მარცხით (0:4) გამოეთიშა ევროთამაშებს. ლაშა გობაძემ (80 კგ) კი მერვედფინალში შვეიცარიელი იონას ბოსერტი ჩამოიშორა (3:2) და მეოთხედფინალში ბელარუს ვიქტარ სასუნოვსკისთან ვეღარას გახდა (0:9). ქართველმა მოჭიდავეებმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც მალევე დაკარგეს, მას შემდეგ, რაც მათმა მძლეველებმა ფინალამდე წაიფორხილეს.
ხვალ ევროპის თამაშების ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 66, 75, 85 და 130 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს დროშის ქვეშ ხალიჩაზე გავლენ: საჩინო დავითაია (66 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (75 კგ), მათე სოფაძე (85 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ).
დილის პროგრამა თბილისის დროით 9 საათიდან დაიწყება.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ევროპის თამაშები
ბაქო
13 ივნისი
59 კგ
1 სტეფან მარიანიანი (რუსეთი)
2 სოსლან დაუროვი (ბელარუსი)
3 ელმან მუხტაროვი (აზერბაიჯანი)
3 ტარიკ ბელმადანი (საფრანგეთი)
71 კგ
1 რასულ ჩუნაევი (აზერბაიჯანი)
2 ბალინტ კორპასი (უნგრეთი)
3 დომინიკ ეტლინგერი (ხორვატია)
3 ფრანკ შტაბლერი (გერმანია)
5 მინდია წულუკიძე (საქართველო)
80 კგ
1 ევგენი სალეევი (რუსეთი)
2 რაფიგ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)
3 დანიელ ალექსანდროვი (ბულგარეთი)
3 ვიქტარ სასუნოუსკი (ბელარუსი)
98 კგ
1 ისლამ მაგომედოვი (რუსეთი)
2 დიმიტრი ტიმჩენკო (უკრაინა)
3 მელონინ ნუმონვი (საფრანგეთი)
3 ჩენკ ილდემი (თურქეთი)