ბაქოში დღეს დაწყებულ ევროპის პირველ თამაშებზე საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ. რვა წონითი კატეგორიიდან ოთხში: 59, 71, 80 და 98 კილოგრამებში ჩემპიონ-პრიზიორები საღამოს გამოვლინდებიან.
აზერბაიჯანულ ხალიჩაზე ოთხი ქართველიც გავიდა და სამმა მათგანმა ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი უკვე დაკარგა. გიზო მელაძე (59 კგ) აზერბაიჯანელ ელმან მუხტაროვთან მერვედფინალში დამარცხდა (3:5). ლაშა გობაძე (80 კგ) ამავე ეტაპზე, შვეიცარიელი იონას ბოსერტის ძლევის (3:2) შემდეგ, მეოთხედფინალში ბელარუს ვიქტარ სასუნოვსკისთან ვეღარას გახდა (0:9). მიხეილ ქაჯაიასთვის (98 კგ) კი დაუძლეველი ზღუდე მერვედფინალი და იტალიელი დაიგორო ტიმონჩინი აღმოჩნდა (0:4).
უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მინდია წულუკიძე აგრძელებს. ევროპული თამაშები მან ნორვეგიელი პეტერ კარლსენის ძლევით (7:3) გახსნა და მეოთხედფინალში რუს იური დენისოვს დაეჭიდება.