ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც უეფას ევროპის ლიგის ფინალში ითამაშებს. უკრაინულმა “დნიპრომ”, სადაც ის გამოდის, ორი მატჩის ჯამში ნახევარფინალაში იტალიური “ნაპოლი” დაამარცხა (1:1, 1:0) და თასს მოქმედ გამარჯვებულ ესპანეთის “სევილიას” შეეცილება.
1981 წელს თბილისის “დინამოს” მიერ უეფას თასების თასის მოგების შემდეგ, კახა კალაძე ერთადერთია, რომელმაც ორჯერ ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო, ამდენჯერვე ევროპის სუპერთასი, ხოლო ერთხელ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი.
2007 წლის შემდეგ, კანკავა ერთადერთი ქართველია, ვისაც ევროტურნირის მოგების შანსი აქვს. მითუმეტეს, არა როგორც სათადარიგო შემადგენლობის ფეხბურთელს, არამედ – სასტარტოსი. მიმდინარე სეზონში ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე კანკავამ 11 მატჩი ჩაატარა და 1/32-ფინალში საბერძნეთის “ოლიმპიაკოსთან” საშინაო მატჩში (2:0) გოლიც გაიტანა.
29 წლის ფეხბურთელისთვის “დნიპროს” სასტარტოში დამკვიდრება იოლი ნამდვილად არ იყო. კანკავამ ამისთვის საკმაოდ გრძელი გზა გაიარა. პირველად მასზე მაშინ ალაპარაკდნენ, როდესაც გია გეგუჩაძის მიერ გაწვრთნილ თბილისის “დინამო 2”-ში გამოდიოდა. სპეციალისტები და გულშემატკივრები მის ბრძოლისუნარიანობას თავიდანვე აღნიშნავდენ, თუმცა იმასაც ამატებდნენ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ორივე ფეხით თამაშობს და არც პასების კეთება “ეშლება”.
“დინამოს” თავკაცად გეგუჩაძის დანიშვნის შემდეგ, ჯაბა თბილისელთა პირველ გუნდში დაწინაურდა, სადაც 18 წლის საყრდენი ნახევარმცველი ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად იქცა. მან 2003-2004 წლების სეზონში “დინამოსთან” ერთად საქართველოს თასი და ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიგო. თუმცა, ყველაზე დიდი წარმატება უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე თამაში იყო. მას მერე ქართულ გუნდს მსგავსი წარმატებისთვის არ მიუღწევია.
კანკავას უცხოური კარიერა 2005 წელს დაიწყო. პირველად მან ვლადიკავკაზის “ალანიას” მიაშურა, რომლის რიგებში რუსეთის პრემიერლიგაში 12 მატჩი ჩაატარა. ამის შემდეგ, უკრაინის მასშტაბით მოკრძალებულ კიევის “არსენალში” ჩაირიცხა, სადაც 2005-2007 წლების სეზონებში 24 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. სხვათა შორის, ერთი გოლი მან უკრაინულ გრანდს დონეცკის “შახტარს” გაუტანა.
2006 წლის დეკემბერში 20 წლის კანკავა დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ” მიიწვია. ახალ გუნდში დებიუტი 2007 წლის 3 მარტს მარიუპოლის “ილიჩევეცთან” ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ნახევარმცველმა დნეპროპეტროვსკელთა შემადგენლობაში პირველი გოლი თავის ყოფილ გუნდს “არსენალს” გაუტანა.
“დნიპროში” მომდევნო სეზონები კანკავასთვის იღბლიანი ნამდვილად არ იყო. ქართველმა ვარჯიშზე ორმხრივი თამაშის დროს ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქესთან ორთაბრძოლისას მძიმე ტრავმა მიიღო, რომელის გამო ფაქტობრივად ორწელიწადნახევარი გაუცდა. ამას ხელი იმ ფაქტმაც შეუწყო, რომ ოპერაცია წარუმატებლად გაუკეთეს და რეაბილიტაციას დიდი დრო დასჭირდა.
ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, “დნიპროს” სასტარტოში დაბრუნება იოლი ნამდვილად არ იყო. დნეპროპეტროვსკელებმა ქართველი კრივოი როგის “კრივბასში” გაანათხოვრეს, რომელიც ფაქტობრივად “დნიპროს” შვილობილ კლუბს წარმოადგენდა. კანკავამ თავი “კრივბასში” კარგად წარმოაჩინა და დნეპროპეტროვსკელთა ესპანელმა თავკაცმა ხუანდე რამოსმა, რომელმაც თავის დროზე მასზე უარი თქვა, ისევ გუნდში დააბრუნა.
2012-2013 წლების სეზონიდან მოყოლებული ჯაბა “დნიპროში” სტაბილურად თამაშობს. გუნდში დაბრუნების შემდეგ პირველ სეზონში მან 17 მატჩი ჩაატარა, ხოლო უკრაინულ კლუბში ყოფნისას ყველაზე მეტჯერ გასულ სეზონში ითამაშა – 25 შეხვედრა (23-ჯერ სასტარტოში). 2014-2015 წლების სეზონი მისთვის გამორჩეული იმითაც იყო, რომ უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახურმა საგანგებო ორდენით დააჯილდოვა, რომელიც კანაკავს გენერალ-ლეიტენანტმა ვიქტორ ბუტკოვსკიმ გადასცა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ორდენი კიევის “დინამოს” ფეხბურთელ ოლეგ გუსევისთვის, რომელმაც “დნიპრო”-“დინამოს” მატჩის დროს გონი დაკარგა, პირველადი დახმარების აღმოჩენისთვის მიიღო. გარდა ამისა, გასულ სეზონში კანკავამ “დნიპროს” შემადგენლობაში უკრაინის ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოიგო.
შარშან მაისში რამოსის მაგივრად “დნიპროს” თავკაცად მირონ მარკევიჩი დაინიშნა, რომელიც თავიდან ქართველს თითქოს არ ენდობოდა, მაგრამ ჯაბამ მასაც დაუმტკიცა, რომ სასტარტოს იმსახურებდა და ბოლო პერიოდში გუნდისთვის შეუცვლელ ფიგურად იქცა. ამას თუნდაც ევროპის ლიგაზე მის მიერ ჩატარებული მატჩები მოწმობს.
27 მაისს ვარშავაში გასამართ ფინალში “დნიპრო” ესპანეთის “სევილიას” დაუპირისპირდება, რომელმაც 2006, 2007 წლებში უეფას თასი მოიგო, ხოლო 2014 წელს ევროპის ლიგა.
“დნიპრო” მეორე უკრაინული კლუბია, რომელსაც ევროპის ლიგის მოგების შანსი აქვს. 2009 წელს, როდესაც ტურნირს ჯერ კიდევ უეფას თასი ერქვა, პრესტიჟულ ევროპულ ჯილდოს დონეცკის “შახტარი” დაუფლა. დონეცკელები ბოლო აღმოჩნდნენ, ვინც უეფას თასი ჩაიბარა, რადგან მომდევნო სეზონიდან ტურნირს უეფას ევროპის ლიგა ეწოდა.
“სევილიასთან” ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, 2015 წლის 11 აგვისტოს კანკავა “დნიპროსთან” ერთად თბილისში სუპერთასის მოსაპოვებლად იბრძოლებს.