საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია, რომელმაც 2014-2015 წლების სეზონი კრეტას ოფი-ში გაატარა, საბერძნეთის სუპერლიგაში სეივებში საუკეთესოა.
ინტერნეტპორტალ megatv.com-ი იუწყება, რომ 29 წლის გოლკიპერმა ოფი-ს რიგებში ჩატარებულ 25 მატჩში, მისი კარის ჩარჩოში მოხვედრილი ბურთი 112-ჯერ მოიგერია. მან ამ მაჩვენებლით საბერძნეთის სუპერლიგის ყველა მეკარეს აჯობა.
სეივების გარდა, ლორიამ თავი ბურთის ჩაჭრაშიც გამოიჩინა და განვლილ მატჩებში ეროვნული გუნდის კარის დარაჯმა ეს 163-ჯერ შეძლო. ის მხოლოდ “პლატანიასის” მეკარე კევინ ოლიმპას ჩამორჩა.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ ფინანსური კრიზისის გამო, ლორიამ ოფი სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დატოვა. იგი კარიერას პირეოსის “ოლიმპიაკოსში” გააგრძელებს, რომელთანაც 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.