რუსთავის “მეტალურგისა” და ქობულეთის “შუქურას” მატჩის დასრულების შემდეგ რუსთაველთა გუნდის ფეხბურთელს, 21 წლის გიორგი ნარიმანიძესა და გუნდის აწ უკვე ყოფილ ხელმძღვანელ ვალერი ქოქიაშვილს გავესაუბრეთ, რომელმაც კლუბის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება “მსოფლიო სპორტთან” საუბარში დაადასტურა.
2010 წლიდან გიორგი ნარიმანიძე საფეხბურთო კლუბ “ცხინვალის” წევრი იყო. გასული სეზონის შემდეგ კი “მეტალურგში” განაგრძო კარიერა.
“ჯერჯერობით რთულია თქმა განვაგრძობთ თუ შევწყვეტთ ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობას. მე ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, კლუბში იქნება საუბარი, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რის შესახებაც შესაბამისი პირებისგან მოისმენთ.
“ჭორის დონეზე იყო საუბრები, თითქოს რაღაც იმედიც არსებობდა, მაგრამ პრობლემები კვლავ მოუგვარებელია. ამ მხრივ ნაბიჯიც არ გადადგმულა” – განაცხადა გიორგი ნარიმანიძემ.
მატჩს ესწრებოდა “მეტალურგის” ყოფილი ხელმძღვანელი ვალერი ქოქიაშვილი.
“მე კლუბში აღარ ვმუშაობ, ამიტომაც კლუბის მომავალზე ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ ის ვიცი, რომ “მეტალურგის” პირველი და მეორე გუნდების მატჩებისთვის იყო თხოვნა სტადიონზე შუქი ჩაერთოთ, რაც განხორციელდა კიდეც, მაგრამ ამ თანხასაც გადახდა უნდა და გუნდის დავალიანება კიდევ უფრო იზრდება – განაცხადა ქოქიაშვილმა.
“მეტალურგის” ამჟამინდელი ხელმძღვანელობაც აღარ დადის მატჩებზე. მე რუსთაველი კაცი ვარ და მოვდივარ ხოლმე თამაშებზე” – დაასრულა მან.
23 ტურის შემდეგ რუსთავის “მეტალურგი” 24 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება. მას ოთხი ქულით ჩამორჩება ბოლნისის “სიონი, “ ვიტ ჯორჯია” კი 16 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.