მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ “მუზაში” საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი, რომლის სახელწოდებაა “ბორის პაიჭაძე”, ცნობილმა ჟურნალისტებმა ოთარ გაგუამ და დემიკო ლოლაძემ მოამზადეს, ხოლო მის გამოცემაში წვლილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შეიტანა. წიგნი 200 გვერდზე მეტია და გარდა იმისა, რომ წასაკითხადაა საინტერესო, უნიკალური ფოტომასალითაა გაჯერებული.
დემიკო ლოლაძე: “სამწუხაროდ, ბორის პაიჭაძის თამაში არ მინახავს. ერთადერთხელ მის თამაშს ვეტერანთა გუნდში ვუყურე. ოთარ გაგუამ ფუნდამენტური გამოკვლევა ჩაატარა ლეგენდარულ ფეხბურთელზე და მისგან ნებართვა მივიღე, რათა ერთად გვემუშავა. მადლობა ბატონ ოთარს და ასევე, ფეხბურთის ფედერაციას, რომლის გარეშე ამ წიგნს ვერ გამოვცემდით”.
ოთარ გაგუა: “ბორისი ყველასთვის ერთნაირად საყვარელი და ძვირფასი პიროვნება იყო. ჩემი მასთან ნაცნობობა სტადიონიდან დაიწყო. ჩვენ მუშაობა ერთადაც მოგვიწია. ის ქართული სპორტის სახე იყო. როგორც გივი კარტოზიამ თავის დროზე თქვა, ბორის პაიჭაძემ ქართული სპორტის განვითარებაში ისეთივე წვლილ შეიტანა, როგორც იაკობ გოგებაშვილმა “დედა ენის” გამოცემით ქართულ ენაში”.
დემიკო ლოლაძე თავისი მოღვაწეობით ქართულ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხატით დააჯილდოვეს.
პრეზენტაციაზე სიტყვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რეზო არველაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი გამოვიდნენ. მათ ხაზი ბორის პაიჭაძის საფეხბურთო და პიროვნულ თვისებებს გაუსვეს. პრეზენტაციაზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი იმყოფებოდა. “მუზაში” პაიჭაძის ოჯახის წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები, ხელოვნების სფეროს მოღვაწეები და ჟურნალისტები შეკრებილიყვნენ.
“მუზაში” ისტორიული ფოტოები გამოიფინა, რომლებზეც ბორის პაიჭაძის ცხოვრების ეპიზოდებია ასახული.