“მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობა მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის და ამ მიმართულებით გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი მხოლოდ მოთამაშეთა შეძენას კი არა, მათ გასხვისებასაც გეგმავს.
The Guardian-ის ცნობით, ჰოლანდიელ სპეციალისტს უკვე ჩამოწერილი აქვს იმ ფეხბურთელების გვარები, რომელთაც გუნდის განვითარების გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ ხედავს და მათ ზაფხულში დაემშვიდობება.
მათ შორის სახელდებიან არა მხოლოდ რადამელ ფალკაო, რომელთანაც სრულფასოვანი კონტრაქტი არ გაფორმდება, არამედ რობინ ვან პერსიც, რომელთანაც მწვრთნელს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ჰოლანდიელ ფორვარდს წასვლა მოუწევს, თუ არ დათანხმდება კონტრაქტის ერთი სეზონით გახანგრძლივებას - ასეთი პოლიტიკა აქვს კლუბს 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელების მიმართ.
ცვლილებები შეეხება დაცვის ხაზს, სადაც ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი და რაფაელ და სილვა არასტაბილურად გამოდიან. წყარო მიიჩნევს, რომ და სილვა გუნდს აუცილებლად დატოვებს, ისევე, როგორც ჯონი ევანსი. ეს იქნება წმენდის მეორე ეტაპი, რადგან ვან გაალის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, “მანჩესტერის” რიგები 15-მა ფეხბურთელმა უკვე დატოვა.
მწვრთნელი შემადგენლობის გაძლიერებაზეც ფიქრობს და უწინარესად მარჯვენა და ცენტრალური მცველის, ასევე ცენტრალური ნახევარმცველის შეძენას გეგმავს.