ფეხბურთი

18:01 | 26.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზვიად სიჭინავა: “ფეხბურთის ფედერაცია ახალ ცხოვრებას იწყებს”

 

ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში, სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართეს. საუბარი უკვე გაკეთებულ და მომავალში გასაკეთებელ საქმეებს, ასევე ეროვნულ-ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს და მსაჯობას შეეხო.

ზვიად სიჭინავა: “მთავარი ის არის, ფეხბურთის ფედერაციამ სრულად დაფარა ვალები, ამიერიდან, არცერთი ბანკისა თუ სხვა ორგანიზაციისა თეთრიც აღარ გვმართებს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფედერაცია ახალ ცხოვრებას იწყებს.

-ვიცით, რომ ეს ვალი “წინა ფედერაციისგან” გადმოგყვათ. სულ რამდენი იყო?

-დაახლოებით 20 მილიონი ლარი. როცა მოვედით, ცხადია, ამდენი არ უთქვამთ, თუმცა იმ ვალს დაემატა ბანკების პროცენტები, რომლებმაც 3 წლის განმავლობაში საკმაოდ სოლიდური თანხა შეადგინა: უცხოელ მწვრთნელებზე გაუცემელი ხელფასები, სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალები და ა.შ. ამის გამო, ფიფამ გარკვეული ჯარიმებიც დაგვიმატა და ჯამში, დაახლოებით 20 მილიონი მოგროვდა. ახლა ჩვენი ბიუჯეტი 107 მილიონ ლარს შეადგენს. აქ, ცხადია, უმეტესწილად, ინფრასტრუქტურა იგულისხმება.”

რევაზ არველაძე: “ვალების გასტუმრებაზე იყო საუბარი და ერთი მინდა დავამატო, რომ ამ წლების განმავლობაში, ვალების დაფარვის გარდა, ფეხბურთის ფედერაციამ უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტიც განახორციელა. აშენდა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა უამრავ ნაგებობას. მანამადე, კანტიკუნტად თუ გაკეთდებოდა ხოლმე რამე. ამიტომ, ეს ყოველივე პარალელურ ჭრილში უნდა განვიხილოთ.”

ზვიად სიჭინავა: “ახლა 21-წლამდელთა ნაკრებს ეწყება შესარჩევი ეტაპი (5 სექტემბერს ლუქსემბურგში, 9 სექტემბერს კი სლოვაკეთში – რედ) და მათმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ დაგვარწმუნა, რომ ბიჭები მხოლოდ დადებითი შედეგისთვის იბრძოლებენ.

ოქტომბერში, უკვე საქართველოში, 17-წლამდელთა შესარჩევი რაუნდი გველის. უეფას უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ეს მატჩები “მიხეილ მესხზე” გაიმართება, გარდა ამისა, ერთი მატჩი “დინამო არენაზე” ჩატარდება, ორიც გორის “დილას” სტადიონზე. სულ გვინდოდა გეოგრაფიის გაფართოება და ახლა უკვე მოგვეცა ამის საშუალება.

ნოემბერში უკვე 19-წლამდელთა შესარჩევი რაუნდი გველის. აქაც მატჩები “მიხეილ მესხის” ორივე მინდორზე ჩატარდება. მეორე მინდორზე მშენებლობა მიმდინარეობს და ნოემბისთვის ყველაფერი მზად იქნება. 3 ათასი მაყურებელი დაეტევა და მესამე კატეგორიის ინფრასტრუქტურა გაიმართება: მოეწყობა გასახდელები, მსაჯებისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები. მომავალში, აქ უმაღლესი ლიგის გუნდებსაც მიეცემათ მატჩების გამართვის საშუალება. მოგეხსენებათ, დღეს, მიზეზთა გამო, “ჩიხურა,” “სიონი,” “მერანი,” “სპარტაკი” და “გურია” შინ ვერ თამაშობენ. თუმცა, უახლოეს ხანში თითქმის ყველგან ეცდებიან ნორმალური ინფრასტრუქტურის მოწყობას, ადგილობირივ მაყურებელს თავისი გუნდის თამაშის ხილვა რომ შეეძლოს. მოკლედ, ნოემბერში მთავარი იქნება “მიხეილ მესხის” ორი მინდორი, ასევე დამატებით “დინამო არენა,” გორის სტადიონი და რუსთავის სარბიელი, რომლის ფიფა-უეფას სტანდარტების დონეზე გამართვას ოქტომბრისთვის გვპირდებიან. იქ, დაახლოებით 43 ტონამდე კაუჩუკია შესატანი და გვითხრეს, რომ ქალაქის მერიამ უკვე გამოყო ამისთვის თანხა.

მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ლაგოდეხის სპორტული კომპლექსია. აქაც სექტემბრის ბოლოს დამთავრდება ყველაფერი და ოქტომბერში ჟურნალისტებსაც მიგიწვევთ, ჩავატაროთ ტურნირი და თავად შეაფასეთ რა გაგვიკეთებია.

რაც შეეხება პირველ ნაკრებს, მოგეხსენებათ, 6 სექტემბერს “დინამო არენაზე” საფრანგეთს ვმასპინძლობთ, 10-ში კი, “მიხეილ მესხზე” ფინელებს დავუხვდებით.

-რატომ სხვადასხვა სტადიონებზე, რაიმე მიზეზია?

-არა, განსაკუთრებული მიზეზი არაფერია. უბრალოდ, ფრანგებთან სატელევიზიო ტექნიკური მოთხოვნები მეტია. იმავეს, ჯერჯერობით, “მიხეილ მესხზე” ვერ მოვახერხებთ. მეორეც, “მიხეილ მესხი” ფედერაციას ეკუთვნის და როცა ის ფიფა-უეფას სტანდარტებს საბოლოოდ დააკმაყოფილებს, რატომღა უნდა ვიხადოთ სხვა სტადიონზე არენდა? ასე უფრო ეკონომიურიცაა და მისაღებიც.

-სამშაბათს პრაღაში მიემგზავრებით.

-დიახ. 30 აგვისტოს, იქ, “ედენის” სტადიონზე, სუპერთასის მატჩია “ბაიერნსა” და “ჩელსის” შორის. მოგეხსენებათ, 2015 წელს ასეთი შეხვედრა ჩვენთანაც გაიმართება. ახლა მომზადების პირველი ეტაპი იწყება. პრაღაში მარკეტინგის, ლოჯისტიკისა და სტადიონების ლიცენზირების ჯგუფი მიემგზავრება. უშუალოდ თამაშთან დაკავშირებული ჯგუფი უკვე გაისად, კარდიფში ჩავა.

-ბოლო დროს, ბევრი პრეტენზიებია მსაჯების მიმართ.

-გეთანხმებით. მართალია, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, მაგრამ მდგომარეობის გამოსასწორებლად ვმუშაობთ. ვეძებთ ევროპელ ცნობილ მსაჯს, რომელიც კონსულტაციას გაუწევს ჩვენიანებს და მეტად დააკვალიანებს. გადამზადების პროცესი, ასევე უეფას ცნობილ სპეციალისტებს გადავაბარეთ. სირცხვილი არ არის, ფიფას კატეგორიის მხოლოდ 3 არბიტრი გვყავს: გიორგი ვადაჭკორია, ლაშა სილაგავა და თორნიკე გვანცელაძე. აი, ახლახანაც, კიდევ ბევრმა ჩვენმა მსაჯმა ვერ ჩააბარა სავალდებულო საერთაშორისო ნორმატივები. სექტემბერში ერთგვარ საცდელ გაცვლით ვარიანტს მოვსინჯავთ. ჩვენი ბრიგადა გაემგზავრება ლატვიაში, ხოლო ლატვიელები საქართველოს ჩემპიონატის მატჩს იმსაჯებენ. გვინდა, რომ ასეთი პრაქტიკა მუდმივი გახდეს, ვნახოთ.

0.2144