ფეხბურთი

12:02 | 5.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ ხიზანიშვილი: “ეს მატჩი რადიკალურად განსხვავებული იქნება”

ორშაბათ საღამოს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთის დედაქალაქში შეიკრიბა და პირველი ვარჯიშიც გამართა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ნაკრებთან ერთად არ იმყოფება ალექსანდრე ამისულაშვილი, რომელიც ტირანაში ტრავმის გამო ვერ გაემგზავრა.
ქეცბაიას განკარგულებაში 21 ფეხბურთელია, რომლებმაც საღამოს “ქემალ სტაფას” სტადიონზე, დაახლოებით, ერთი საათი ივარჯიშეს. საქართველოს ნაკრები, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, სასტუმრო “Tirana International”-შია დაბინავებული.
საღამოს ვარჯიშის შემდეგ, სფფ-ის ოფიციალური ვებგვერდისთვის მცირე კომენტარი ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა ზურაბ ხიზანიშვილმა გააკეთა.
“ალბანეთთის წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია, როგორც ამხანაგურ, ისე ოფიციალურ შეხვედრებში. შემიძლია ვთქვა, რომ ალბანელებს ადრე უფრო გამორჩეული და ცნობილი ფეხბურთელები ჰყავდათ. მართალია, ჩვენ მათ ბოლო თამაში თბილისში მოვუგეთ, მაგრამ ეს მატჩი რადიკალურად განსხვავებული იქნება. ცუდია, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა, რადგან კარგი იქნებოდა, ყველა ვყოფილიყავით და ამ თამაშშიც ყველას მიეღო მონაწილეობა. მოგეხსენებათ, მარტში რა სერიოზული გასვლითი მატჩი გველის საფრანგეთთან და მთავარი მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანია, საქმეში ყველა ენახა” - განაცხადა ნაკრების მცველმა.
მომავალი მატჩი, 6 თებერვალს, ტირანაში, ქემალ სტაფას სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
ვინაიდან, ჯერ კიდევ გაურკვეველია ალბანეთიდან მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის საკითხი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუდმივ კავშირშია საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან, რომელიც, თავის მხრივ, მოლაპარაკებებს აწარმოებს თავის პარტნიორ კომპანიებთან. როგორც ჩვენთვის ცნობილია, საკითხი დღის განმავლობაში გაირკვევა და ყველა სიახლეს სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდისა და ჩვენი ფეისბუქის ოფიციალური გვერდის მეშვეობით შეიტყობთ.
 

სფფ-ის პრესსამსახური
ფოტო gff.ge
 

0.112794