ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე თვეზე ნაკლები დარჩა, ზოგიერთ გუნდს კი ჯერ ხეირიანად ვარჯიშიც არ დაუწყია. მათ რიცხვშია “ზუგდიდიც”. საერთოდ, ამ გუნდის ბოლოდროინდელი ისტორია ნამდვილი ტრაგიკომედიაა. გულშემატკივრებს ემახსოვრებათ, ზამთრის პირზე, გასულ დეკემბერში, გუნდს დაშლამდე ცოტა დააკლდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ პირველი ეტაპის ბოლო ტურის წინ ფეხბურთელებმა სფფ-ის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას წერილი გაუგზავნეს, რომელშიც შველას ითხოვდენენ: ყურადღებას არავინ გვაქცევს და იქნებ თქვენ მოგვხედოთო.
“გაუსაძლის პირობებში ვართ, გაუცემელია ხელფასები, პრემიები. კვების პრობლემის მიუხედავად, გუნდს მაინც კარგი შედეგი აქვს. უკვე აღარ ვიცით, დასახმარებლად ვის მივმართოთ, ჩვენი მოთმინება ყველანაირ ზღვარს გასცდა. “ზუგდიდი” არ გავა სათამაშოდ ბოლო ტურის მატჩზე, რომელიც რუსთავში ადგილობრივი “მეტალურგის” წინააღმდეგ უნდა გაიმართოს. ამდენი ცრუ დაპირებებით გუნდი სრულიად უპატრონოდაა მიგდებული. როგორც ჩანს, ჩვენს მიხედვას არავინ აპირებს. იქნებ თქვენ გაგვცეთ ამ ყველაფერზე პასუხი, ან მოსთხოვოთ იმათ, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია”, – ამ წერილს 23 ფეხბურთელი აწერდა ხელს. მერე გადაწყვიტეს, რუსთავში სათადარიგო შემადგენლობით ეთამაშათ და 1:5 წააგეს.
ამასობაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელიც შეიცვალა და ცოტა ხანში ვითარება თითქოს მოგვარდა, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გარკვეული თანხა გამოყო, დავალიანებებიც გაისტუმრა და იანვარში გუნდი თურქეთშიც გაამგზავრა შეკრებაზე. მაგრამ მეორე ეტაპმა ისე ჩაიარა, “ზუგდიდს” თამაში არ მოუგია. კიდევ კარგი, რომ ზედა ექვსეულში მოხვდა, თორემ, ვინ იცის, როგორ დამთავრდებოდა ყველაფერი. 30 მარტს გორში “დილასთან” წაგებული 0:6-ის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა გადადგომის შესახებ განაცხადა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობის თხოვნას ანგარიში გაუწია და სეზონის დამთავრებამდე დარჩა, ბოლო ტურში, შინ “ტორპედოსთან” 1:4-ის შემდეგ კი, ოფიციალურად დატოვა პოსტი.
ორიოდ კვირის წინათ კლუბის დირექტორი მალხაზ ჭეჟია ამბობდა: "არ მინდა დავიჯერო, რომ ზუგდიდში ფეხბურთის ბედი არავის აინტერესებს. მაგრამ გუნდის დაფინანსების საკითხი კვლავაც გაურკვეველია, არადა, ჩემპიონატი კარს მოგვადგა და "ზუგდიდს" ჯერ მოსამზადებელი ეტაპიც არ დაუგეგმავს, ვარჯიშზე ლაპარაკიც ზედმეტია.
სანამ ბიუჯეტი არ გვეცოდინება, მანამდე ფეხბურთელებს ვერ დაველაპარაკებით და თუ ვითარება სასწრაფოდ არ შეიცვალა, შესაძლოა, უმაღლეს ლიგაში ვეღარ ვითამაშოთ.
გუნდს თავს თუ მაინც მოვუყრით და უმაღლესში გამოვალთ, ასეთი წინაპირობის გამო, წამყვან პოზიციებზე მოხვედრა ძალიან გაგვიჭირდება".
შაბათს კი “მსოფლიო სპორტთან” საუბარში, ჭეჟია უფრო იმედიანი იყო: გუნდი 10 დღეა შეიკრიბა. ფეხბურთელები მწვრთნელ-ასისტენტისა და ფიზმომზადების სპეციალისტის მეთვალყურეობით ვარჯიშობენ. დაახლოებით ერთ კვირაში გაირკვევა დაფინანსების საკითხი და ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობაც გაცხადდებაო.
ქომეთიანის შესახებ კი გვიპასუხა: ქომეთიანი მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება, თუმცა გუნდიდან არ წასულა, დასაკარგი სპეციალისტები სად გვყავს, უბრალოდ, ის ასაკობრივ და ჭაბუკთა გუნდებს გაწვრთნისო.
ზუგდიდელი ქომაგები კი ნერვიულობენ და ამის საბაბიც აქვთ. მათი ლოგიკა ასეთია: გორის “დილამ” იხმაურა და დაფინანსდა, “ზესტაფონიც” ვა-ბანკზე წავიდა და ნაწილობრივი, მაგრამ შეღავათი მიიღო. ამ ერთ კვირასაც მოვითმენთ და თუ დაფინანსება არ იქნა, სერიოზულ აქციებს მოვაწყობთო. განა გაემტყუნებათ? ჩემპიონატი 10 აგვისტოს იწყება და რაღა დარჩა?