ფეხბურთი

22:07 | 24.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზღვისპირელები საიუბილეოდ არ შერცხვებიან...

2013 წელი ბათუმის „დინამოსთვის“ საიუბილეოა, გუნდი 90 წლის ხდება. სხვა გარემოებებთან ერთად, ცხადია, ეს ფაქტიც ავალდებულებს ზღვისპირელებს სეზონში მთავარი ამოცანის შესრულებას, რაც უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში გამოიხატება.
ბათუმელებს მძიმე ბრძოლები უწევთ პლეი აუტში, ამიტომაც, ისინი ინტენსიურად ემზადებიან ჩემპიონატის განახლებისთვის. გუნდმა თურქული შეკრებაც გაიარა და შემადგენლობაც გააძლიერა. ზღვისპირულმა კლუბმა 7 ახალი ფეხბურთელი დაიმატა.
ბათუმურ „რედისონში“ დღეს ახალწვეულების პრეზენტაცია მოეწყო. „დინამოს“ დირექტორმა სულხან გოგიბერიძემ გუნდის ახალ წევრებს მუდმივნომრიანი მაისურები გადასცა. ფოთის ,,კოლხეთიდან“ წამოსული ჯემალ გაბუნია და გიორგი ტყეშელაშვილი შესაბამისად 14 და 45-ნომრიან მაისურებს მოირგებენ, 77-ე ნომერი ერგო მარტვილის „მერანის“ ექსკაპიტან გიგა ჟვანიას, გამოცდილ ალექსანდრე კოშკაძეს 27-ნომრიანი მაისური ხვდა, აწ უკვე ყოფილი ვიტ ჯორჯიელი ბესიკ ჩიმაკაძე 20- ნომრიანი მაისურით იბურთავებს. „ზესტაფონიდან“ იჯარით გადმოყვანილი ნოდარ კიკნაველიძე 88-ნომრიანი მაისურით დაიცავს დინამოელთა ღირსებას. და, ზღვისპირელთა ბოლო შენაძენიც. 17-ნომრიან მაისურს „დინამოს“ დამრიგებლის გია გურულის ვაჟი - სანდრო მოირგებს.
მოგეხსენებათ, ბათუმის „დინამო“ დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8-ფინალშია გასული. 26 თებერვალს და 2 მარტს ზღვისპირელები განახლებული შემადგენლობით რუსთავის „მეტალურგს“ შეეცილებიან მეოთხედფინალის საგზურს.

იუზა კაციტაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124315