ფეხბურთი

22:25 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონს” გიორგი ხიდეშელი შეუერთდა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც ეროვნული პირველობის მოახლოვებული მატჩებისათვის საკუთარ ქალაქში ემზადება, კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა – 26 წლის მცველი გიორგი ხიდეშელი კარიერას ისევ იმერულ კლუბში გააგრძელებს.

ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ: გიორგი ხიდეშელი - მცველი: დაბადებული - 23.01.1988; სიმაღლე - 191 სმ, წონა - 85 კგ.

სპორტული კარიერის მანძილზე გიორგის შემდეგ საფეხბურთო კლუბებში უასპარეზია: ”თბილისი” (თბილისი) - 2004-2005.”ზესტაფონი” - 2005-2012, ”ტორპედო” (ქუთაისი) - 2013-2014, ”დინამო” (თბილისი) - 2014.

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ხიდეშელი იმერელთა რიგებში 2005 წლის ზაფხულში ჩაირიცხა და გუნდში 2012 წლამდე ასპარეზობდა. "ზესტაფონში" გატარებული პერიოდის განმავლობაში ფეხბურთელმა კლუბთან ერთად მოიპოვა ჯერ დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასი, მერე ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების ორი კომპლექტი, შემდეგ კი ზედიზედ ორი "ოქრო".

ეროვნულ ჩემპიონატში ფეროელთა მაისურით ჩატარებულ 116 შეხვედრაში (სხვათაშორის, როინ კვასხვაძისა (155 მატჩი) და ალექსი ბენაშვილის (136 მატჩი) შემდეგ, ეს კლუბის ისტორიაში მესამე შედეგია) გიორგი ხიდეშელს 8 გოლი აქვს გატანილი. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების რიგებში ფეხბურთელს 15 მატჩი (1 გოლი) აქვს გამართული, ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისური კი 3-ჯერ აქვს მორგებული.

მარგველთა რიგებში დაბრუნებული გიორგი ხიდეშელი საწვრთნელ პროცესს გუშინვე შეუერთდა. ხელმოწერილი შრომითი ხელშეკრულების პირობების თანახმად, ფეხბურთელი იმერული კლუბის ღირსებას მიმდინარე წლის ბოლომდე დაიცავს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

0.110763