გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა “ზესტაფონმა” ავსტრიის შეკრებაზე 3:4 წააგო დონეცკის “შახტართან”. 7 გოლიდან მხოლოდ 1 გავიდა პირველ ტაიმში. ბრაზილიელმა ლუის ადრიანომ დასაწყისშივე გახსნა ანგარიში დაახლოებით 10 მეტრიდან ზუსტი დარტყმით. მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ფანცულაია წააქციეს საჯარიმოში და პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად გამოიყენა გიორგი კუხიანიძემ – 1:1.
მალევე, პენალტი “ზესტაფონის” კარში დაინიშნა (ცოტა საეჭვო) და ბოიან პავლოვიჩს გლადკიმ გაუტანა. 77-ე წუთზე ზესტაფონელთა კარგი შეტევის შემდეგ, ვახტანგ ჭანტურიშვილმა საჯარიმოში მოძებნა მიხეილ სარდალიშვილი და მანაც ახლოდან ზუსტად დაარტყა – 2:2.
81-ე წუთზე ქართული გუნდის დაცვა შეცდა, ტაისონმა შორიდან დაარტყა, მეკარე კახა მეშველიანმა მოიგერია და გლადკიმ დაამატა – 3:2.
ორ წუთში კუთხური დაინიშნა ზესტაფონელთა სასარგებლოდ და ჩაწოდებულ ბურთს თედო გრიგალაშვილმა თავური შეაგება – 3:3.
თითქოს ფრედ უნდა დასრულებულიყო მატჩი. “შახტარი” სამჯერ იყო წინ, ქართველებმა სამივეჯერ გაათანაბრეს და მაინც, დონეცკელები მეოთხედ და საბოლოოდ დაწინაურდნენ: კარგი კომბინაცია იყო, რაკიცკი-კობინის კომბინაციის შემდეგ, ბურთი ბრაზილიელ ალექს ტეიშეირას მიუვიდა, რომელმაც პაუზა გააკეთა და ზუსტად დაარტყა – 4:3.
მთლიანობაში, გახსნილი თამაში იყო, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. “შახტარი” ევროპაში მეორე ეშელონის გრანდთა რიცხვშია და ამ შეხვედრაშიც თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით იყო მოედანზე. მხოლოდ მუნდიალზე ნათამაშევი ფეხბურთელები აკლდა.
შახტარი-ზესტაფონი 4:3 (1:0)
შახტარი (I ტაიმი): ხუჯმანოვი, ვოლოვიკი, ორდეცი, ისმაილი, კრივცოვი, რაკიცკი, ფრედი, ტაისონი, ტეიშეირა, ილსინიო, ლუის ადრიანო. II ტაიმი: ხუჯმანოვი (კრიუკოვი 68), კობინი, კუჩერი, რაკიცკი, სობოლი, ფერნანდო, დენტინიო, ილსინიო (ტაისონი 68), ლუის ადრიანო (ტეიშეირა 68), გლადკი, ბოლბატი.
ზესტაფონი: პავლოვიჩი (მეშველიანი 63), თორნიკე გრიგალაშვილი (ღონღაძე 63), რენე ფერეირა (თედორე გრიგალაშვილი 46), გიორგი გურული (ჭელიძე 46), ტუღუში (ფანცულაია 46), შარიქაძე (სარდალიშვილი 63), გვალია (კუხიანიძე 46), დოლიძე (ენდელაძე 63), გეწაძე (კაპანაძე 63), გელაშვილი (ტატანაშვილი 46), დვალი (ჭანტურიშვილი 46)