ფეხბურთი

20:17 | 22.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონმა” სეზონი დამაჯერებლად განაახლა

“ზესტაფონის” და ცხინვალის “სპარტაკის” ეს შეხვედრა ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ უამინდობის გამო გადაიდო. მას შემდეგ ზამთრის შესვენებაზე ორივე გუნდში მოხდა ცვლილებები, განსაკუთრებით კი ქვეყნის ორგზის ჩემპიონ “ზესტაფონში”. გუნდის დამრიგებლის, გია გეგუჩაძის მოსვლასთან ერთად, ფეროელთა რიგებში გამოჩნდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც გასულ წელს ქუთაისის “ტორპედოს” ღირსებას იცავდნენ. გუნდში მოვიდა სერბი მეკარე ბოიან პავლოვიჩი, რომელმაც ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეკარე როინ კვასხვაძე შეცვალა. მატჩს გარკვეულ ინტრიგას მატებდა ისიც, რომ თავის დროზე ცხინვალელთა თავკაცი კახა კაჭარავა იმერელთა საფეხბურთო კოლექტივს ხელმძღვანელობდა და ახლა ყოფილი შეგირდების წინააღმდეგ უწევდა გამოსვლა.

მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. სტადიონზე შეკრებილებმა და პაექრობის მონაწილეებმა პატივი მიაგეს უკრაინაში, ევრომაიდანზე  გმირულად დაღუპული ადამიანების ხსოვნას. გუნდები სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე განსხვავებული მიზნებისათვის იბრძვიან. ფეროელები ზედა ექვსეულში ცდილობენ მყარად თავის დამკვიდრებას, ხოლო ცხინვალელთა მიზანი უმაღლესში ადგილის შენარჩუნებაა. მიუხედავად ამისა, სეზონის პირველ თამაშში წარმატების მიღწევა ყველა გუნდს სურს და ცხინვალელთა ფეხბურთელებიც საბრძოლველად იყვნენ განწყობილნი.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. ზესტაფონელები თავიდანვე შეეცადნენ ბურთზე კონტროლის დაწესებას და ეს გამოუვიდათ კიდეც. დებიუტშივე რამდენიმეჯერ შეუტიეს მასპინძლებმა მოწინააღმდეგის კარს, რომელთაგან ყველაზე დასამახსოვრებელი დოლიძის მომენტი გახლდათ, როდესაც ზესტაფონელთა მარჯვენაფლანგელმა მეურვე ჩამოიშორა და მოჭრილი დარტყმით დაემუქრა ნადირაძის დასაცავ ობიექტს. ამ შემთხვევაში “სპარტაკის” კიპერი უნაკლოდ გაისარჯა, ისევე როგორც საბანაძის მიერ საჯარიმოს ხაზიდან დარტყმულზე.

საწყისი დაძაბულობის შემდეგ თამაში ერთგვარად “გაჩერდა”. მოედანზე მყოფები მოძრაობდნენ, თუმცა საინტერესოს და ღირებულს ვერაფერს ქმნიდნენ. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში,  თუ არ ჩავთვლით რამდენიმე უსუსურ მცდელობას, მოედანზე თვალსასეირო არაფერი მომხდარა. 25-ე წუთზე კი ზესტაფონელთა სწრაფად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, გეწაძემ მარცხენა ფლანგიდან, ზუსტად უპასა ტატანაშვილს, რომელმაც დაახლოებით საპენალტე ნიშნულიდან ძლიერი დარტყმით ხარიხა შეაზანზარა. რეალური საგოლე მომენტის გაფუჭებიდან დიდი დრო არ გასულა, როდესაც დიმამ მაინც შეძლო ზესტაფონელთა მაისურით, სადებიუტო მატჩში, თავის გამოჩენა. 31-ე წუთზე, ფორვარდს ამჯერად მარჯვენა ფლანგიდან დოლიძემ გაუკეთა კარგი გადაცემა, რის შემდეგაც ტატანაშვილმა მცველებს დაასწრო და მოხდენილი დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0. 

დაწინაურების შემდეგ მასპინძელთა თამაში კიდევ უფრო ლაღი გახდა. ტაიმის მიწურულს კუხიანიძემ და საბანაძემ გაითამაშეს დიდებული კომბინაცია, რომელსაც ნიკა ასრულებდა ქუსლით, მაგრამ ბურთი რამდენიმე სანტიმეტრით აცდა შიდაქართლელთა კარს. “სპარტაკის” ფეხბურთელებს მთელი ტაიმის განმავლობაში რაიმე განსაკუთრებული მეტოქის კართან არ შეუქმნიათ, მაგრამ მათ შანსი ჰქონდათ ტაიმი ყაიმით დაესრულებინათ, როდესაც ზესტაფონელთა მეკარემ და მცველმა შეუთანხმებლად ითამაშეს, რის შედეგადაც დაახლოებით 6 მეტრიდან ცარიელ კარში ეხვაია ურტყამდა, თუმცა მას ბურთი ფეხზე აეჭრა და ხარიხას დიდი მანძილით გადააშორა.

მეორე ნახევარი ისევ მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. 50-ე წუთზე იმერლებმა სტანდარტულის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც გეწაძემ შეასრულა ჩინებულად, მაგრამ ასევე დიდებულად გაისარჯა ნადირაძე, რომელმაც ნახტომში, ბურთი კუთხურზე მოიგერია. 58-ე წუთზე კი გეწაძემ სტანდარტულიდან ასისტენტობა გაუწია ბრაზილიელ რენე ფერეირას, რომელმაც წამის მეასედით დაასწრო მოწინააღმდეგეთა ცენტრალურ მცველებს და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა – 2:0.       

ორბურთიან ჩამორჩენას “სპარტაკის” ფეხბურთელები არ გაუტეხია. მათ ზედიზედ ორჯერ მოახერხეს იმერთა სერბი მეკარის შეწუხება. პირველად თექთურმანიძის საჯარიმო დარტყმა ბალკანელმა უპრობლემოდ აიღო, მეორედ კი მას ძალიან გაუჭირდებოდა, მაგრამ პარუნაშვილმა 15 მეტრიდან ზუსტად ვერ დაარტყა. არადა, ბოლო მომენტამდე ახალგაზრდა ნახევარმცველმა ჩინებულად ითამაშა, ორი მეურვეც ჩამოიშორა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვეღარ მიიყვანა. მასპინძლებმა თამაში ისევ “ხელში” აიყვანეს და ბურთზე კონტროლი განაგრძეს. ამის მიუხედავად, ცხინვალელებს ისევ ჰქონდათ რეალური შანსი, როდესაც მგელაძე ახლო მანძილიდან ცდილობდა დარტყმას და ბურთს ვერ მიწვდა, თორემ ანგარიში აუცილებლად შემცირდებოდა.

მასპინძლებმა თამაში გააქტიურეს გიორგი ფანცულაიას გამოსვლის შემდეგ, როდესაც ახალგაზრდა ფორვარდმა, რომელიც მარჯვენა ფლანგზე იყო გამწესებული, რამდენიმეჯერ ისეთი რამ გააკეთა, რის შემდეგაც ტრიბუნებმა იგი ტაშით დააჯილდოვა. პირველად მან ეფექტური ფინტი გაუკეტა მეურვეს და ტატანაშვილს დროულად უპასა, მეორედ კი საჯარიმოში მყოფმა მეურვე იოლად ჩამოიშორა და ძლიერად დაარტყა. ამჯერად ახალგაზრდა ფორვარდს კიპერმა აუღო, თუმცა 83-ე წუთზე გიორგიმ ისეთი გოლი გაიტანა, რომ “დავით აბაშიძეზე” შეკრებილები აღფრთოვანებაში მოიყვანა. ფანცულაიამ სოლო რეიდი მეტოქის ნახევრიდან დაიწყო. მან მაღალ სისწრაფეზე მოახერხა მეურვეების ჩამოშორება და მოწინააღმდეგის საჯარიმოს მიახლოებულმა ცაციათი ისეთი “გაისროლა”, რომ ცხინვალელთა მეკარის თავგანწირული ნახტომი ამაო გამოდგა – 3:0.

დარჩენილ დროში საინტერესო არაფერი აღარ მომხდარა და “ზესტაფონმა” მატჩი მშვიდ გამარჯვებამდე მიიყვანა, რისი წყალობითაც გუნდმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა სასურველი მიზნისაკენ.               

“ზესტაფონი” – “სპარტაკი” 3:0 (1:0)

22 თებერვალი. 18:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”. 1000 მაყურებელი

“ზესტაფონი”: პავლოვიჩი, თეიმურაზ ღონღაძე, რენე ფერეირა, ზაზა ჭელიძე, კუხიანიძე, შარიქაძე (თედორე გრიგალაშვილი, 87), გიორგი გურული, საბანაძე, დოლიძე (ფანცულაია, 71), გეწაძე (ჭანკოტაძე, 65), ტატანაშვილი.  

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

“სპარტაკი”: ნადირაძე, ჭაფოძე, კაკუბავა, მგელაძე, იოსელიანი (ცერცვაძე, 62), შონია, პარუნაშვილი, ჩაფიძე (კონსტანტინე ხიზანეიშვილი, 75), თუხარელი, თექთურმანიძე (მეტრეველი, 81), ეხვაია.

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გოლები: 1:0 ტატანაშვილი (31), 2:0 რენე ფერეირა (58), 3:0 ფანცულაია (83).

გაფრთხილება: კაკუბავა (34), გეწაძე (56).

არბიტრი: ლაშა სილაგავა (თბილისი)

0.113168