ჩოგბურთი

10:40 | 6.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეშვიდედ და პირველად ამერიკაში

 ნოვაკ ჯოკოვიჩი ზედიზედ მეშვიდედ გავიდა ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში, სადიდსლემო ტურნირის ამავე ეტაპზე კი მონაწილეობის უფლება მიჯრით 14-ედ მოახერხა. “ნოლემ” ნიუ იორკში მიმდინარე შეჯიბრებაზე პირველად დათმო სეტი, თუმცა, რუს მიხაილ იუჟნის მაინც დამაჯერებლად მოუგო - 6:3, 6:2, 3:6, 6:0. ნახევარფინალში ჯოკოვიჩი შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკას შეხვდება, რომელმაც აშშ-ის ღია პირველობის შარშანდელ გამარჯვებულს ენდი მარეის სძლია.

იუჟნისთან მოგების შემდეგ ჯოკოვიჩი ჟურნალისტებს გაესაუბრა: “დიდი სლემის შეჯიბრებებზე ვცდილობ საუკეთესო ჩოგბურთო ვითამაშო, ხოლო ნებისმიერი ახალი შეჯიბრება წინასგან განსხვავებულია. ამერიკის ჩემპიონატი განსაკუთრებული ასპარეზობაა, რადგან ნიუ იორკში შესანიშნავი ატმოსფეროა. მაყურებელი მოთამაშეებს მხარდაჭერას უცხადებს, ამიტომაც აქ პაექრობა მეტად სასიამოვნოა. წინ ნახევარფინალი მელის. ვავრინკასთან მატჩი რთული იქნება, სტანისლასმა ხომ მარეის მოუგო და ალბათ, ჰარდსაფარიან კორტზე თავისი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა”.

როჯერ ფედერერის მარცხის შემდეგ შვეიცარიის რენომე სტანისლას ვავრინკამ დაიცვა. ტურნირზე მეათე ნომრად განთესილმა ვავრინკამ მეოთხედფინალში ამერიკის ღია პირველობის შარშანდელი ჩემპიონი ენდი მარეი 6:4, 6:3, 6:2 დაამარცხა. შტანისლასი პირველად გავიდა დიდი სლემის შეჯიბრების ნახევარფინალში. აქამდე ვავრინკა სამჯერ იყო გასული მეოთხედფინალში, მაგრამ ამ ეტაპზე სამივეჯერ წააგო.

შოტლანდიელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ენდი მარეიმ ვავრინკასთან მარცხი მტკივნეულად განიცადა, თუმცა, დასძინა, წლევანდელი სეზონი მთლიანობაში მაინც წარმატებული მაქვსო.

0.1103