ფეხბურთი

21:36 | 15.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზედა ექვსეული: “მეტალურგი” თუ “დილა”?

 

კვირას ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე წრის ბოლო, 22-ე ტური გაიმართება. თითქმის ყველაფერი გარკვეულია, მხოლოდ ისღაა საკითხავი ზედა ექვსეულის მეექვსე გუნდი ვინ გახდება: “მეტალურგი” თუ “დილა.” ჯერჯერობით რუსთაველები ერთი ქულით უსწრებენ გორელებს, თუმცა წინ დიდი ვნებათაღელვა და ბრძოლა გველის.

სხვები? ვფიქრობთ, დანარჩენებიც არ დაზოგავენ თავს. სფფ-ის დებულების თანახმად, მოგროვილი ქულები გუნდებს მეორე ეტაპზეც გადაჰყვებათ, ამისდაკვალად, ტყუილად არავინ არაფერს დათმობს.

 

 ჩიხურა (საჩხერე) – ტორპედო (ქუთაისი)

16 მარტი. ივანწმინდა. ცენტრალური. 15:00

დისკვალიფიცირებულები: დავით ოდიკაძე (“ჩიხურა”); ბექა ტუღუში (“ტორპედო”)

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, ი. უკლება, გ. ვადაჭკორია (სათადარიგო)

პირველ წრეში: 2:1

“ჩიხურა” წლევანდელ სეზონში პირველად გამართავს მატჩს ივანწმინდაში. კლუბის პრესსამსასხურის ცნობით, საჩხერიდან 6 კილომეტრში სტუმრების მისაღებად ყველაფერი მზად არის, შეკეთდა ტრიბუნები, მოეწყო პრესლოჟა, რაც აქამდე არ ყოფილა და რაც მთავარია, კარგ მდგომარეობაშია სათამაშო მინდორი. ეგებ კარგად დაებედოთ, თორემ გაზაფხულზე ზემოიმერლებს ძალიან გაუჭირდათ. “დინამოს” ფეხდაფეხ მისდევდნენ, მაგრამ მარტის დასაწყისში ზედიზედ ორი თამაში წააგეს და ლიდერს უკვე 10 ქულით ჩამორჩებიან. ეგ კი არა, ამასობაში მათ “ზესტაფონიც” წამოეპარა. ამიტომ, თუ ასე გააგრძელეს, ვინძლო მეორე ადგილიც სანატრელი გაუხდეთ.

ქუთაისელებზე კი რა ვთქვათ, “დინამოსთან” სკანდალური მატჩის შემდეგ როგორ ფსიქოლოგიურ განწყობაზე იქნებიან, არავინ იცის.

 

დინამო (თბილისი)– მეტალურგი (რუსთავი)

16 მარტი. თბილისი. “დინამო არენა.” 15:00

მსაჯები: ლ. სილაგავა, ლ. თოდრია, გ. ელიკაშვილი, ო. ხეცაძე (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:0

ქუთაისში სკანდალური მატჩის შემდეგ “დინამომ” უკვე 10 ქულით გაუსწრო უახლოეს მდევარს და უკვე ძნელი წარმოსადგენია ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ვინმე შეეცილოს, თუმცა არ გვგონია თვითკმაყოფილებას მიეცნენ და ბოლომდე აღარ დაიხარჯონ. ერთია, იმ დავიდარაბის შემდეგ როგორ მდგომარეობაში იქნებიან, მინდორზე გამოჩნდება. “მეტალურგისთვის” კი ეს სეზონის ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. თუ გაიმარჯვეს ზედა ექვსეულში დაიმკვიდრებენ ადგილს, სხვა შემთხვევაში გორის “დილას” შედეგზე იქნებიან დამოკიდებულნი.

“დინამო” და “მეტალურგი” ამ სეზონში უკვე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი წრის მატჩი, რუსთავში 3 ნოემბერს უგოლოდ დამთავრდა, 22 თებერვალს კი საქარველოს თასის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში, ასევე რუსთავში, “დინამომ” ჩისკოსა და ძარიას გოლებით 2:0 იმარჯვა.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გეგმავს.

 

 სიონი (ბოლნისი) – ზესტაფონი

16 მარტი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” სათადარიგო მოედანი. 15:00

დისკვალიფიცირებული: გიორგი განუგრავა (“სიონი”)

მსაჯები: თ. გვანცელაძე, ზ. ფიფია, გ. ჩიგოგიძე, ა. ბასლეჰლო (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:0

“სიონმა” გასულ ტურში დაიბევა ზედა ექვსეულში ადგილი და ახლა “ზესტაფონს” კარგ ხასიათზე დაუხვდება. მარგველებს კი ბოლო დროს ახალი საზრუნავი გაუჩნდათ, გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით გაზაფხულზე ოთხიდან ოთხივე მატჩი მოიგეს და თუ თავიდან მიზანი საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა იყო, ახლა საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაებნენ.

წლევანდელ სეზონში ესენი ქვეყნის თასის გათამაშების მერვედფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს, ორივე მატჩი ბოლნისელებმა მოიგეს ერთნაირი ანგარიშით 1:0 და მეოთხედფინალში “ჩიხურას” ხვდებიან. ასე რომ, იმერლებს გაერკვეული რევანშის საბაბიც აქვთ.

 

მერანი (მარტვილი) – დილა (გორი)

16 მარტი. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 15:00

დისკვალიფიცირებულები: ლაშა კუჭუხიძე, ჯემალ გაბუნია (“მერანი”); ალექსანდრე კვახაძე, ვახტანგ კვარაცხელია (“დილა”)

მსაჯები: ა. კრიჭაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ლ. ვარამიშვილი, ბ. ნინუა, ა. ნონიკაშვილი, ჯ. ხორავა (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:3

“დილამ” საგაზფხულო ეტაპი ცუდად დაიწყო, სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და ზედა ექვსეულში მოხვედრის პერსპექტივაც გაირთულა. გორელებს უკან დასახევი გზა აღარ აქვთ, აუცილებლად უნდა მოუგონ “მერანს,” თუმცა, თუ რუსთაველებმაც იმარჯვეს, აღარც ეს მოგება ეყოფათ.

“მერანმა” კი ბოლოს 21 სექტემბერს გაიმარჯვა. მას შემდეგ 16 ტური მიილია…ზამთარში ჭყონდიდელებს მწვრთნელი შეეცვალათ, კახა ჩხეტიანის ნაცვლად გუნდში ზურაბ იონანიძე მივიდა, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს.

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი)

16 მარტი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 15:00

დისკვალიფიცირებულები: ნიკოლოზ მაისურაძე (“ვიტ ჯორჯია”); ლევან კაკუბავა (“სპარტაკი”)

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ზ. მენთეშაშვილი, ი. კაკაბაძე, დ. ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:3

მარტის დასაწყისი ცხინვალელთათვის იღბლიანი გამოდგა. კაჭარავას შეგირდებმა მიჯრით ორი მატჩი მოიგეს და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გამოიკეთეს. ეს ყველაფერი უპირველესად ფსიქოლოგიური კუთხითაა მათთვის სასარგებლო. არადა, ცოტა ხნის წინათ უიმედო აუტსაიდერებად გამოიყურებოდნენ.

“ვეტერინარებმა” კი საგაზაფხულო სეზონი უხეიროდ დაიწყეს და ზედა ექვსეულში რომ ვერ მოხვდნენ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ. მათ ჯერ “მეტალურგთან” წააგეს, შემდეგ “ზესტაფონთან” და მხოლოდ გორში მოახერხეს ქულის მოპოვება, თუმცა ესეც დიდი აურზაურის ფასად დაუჯდათ.

 

ზუგდიდი – გურია (ლანჩხუთი)

16 მარტი. განმუხური. ცენტრალური. 15:00

მსაჯები: ხ. გაგნიძე, ზ. ბერულავა, ს. სპიცინი, თ. ხუჭუა (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:1

ამ ზამთარს “ზუგდიდშიც” ბევრი რამ შეიცვალა. ახალი მთავარი მწვრთნელი, გიორგი დარასელია ახალ გუნდს აყალიბებს და ჯერჯერობით, ცხადია, სტაბილურობა აკლიათ. მაგალითად, მარტის ორ მატჩში ჯერ ამბიციურ “დილას” მოუგეს, შემდეგ კი უშუალო კონკურენტ “სპარტაკთან” დამარცხდნენ და ისევ გასავარდნ ზონაში არიან. ისე, მართლაც უცნაურია, მდიდარი საფეხბურთო ტრადიციებით განთქმული სამეგრელოს ორი წარმომადგენელი ბოლო ორ ადგილზე რომ დგას.

 

1      დინამო (თბ)                                                            21           15           3           3           51:16           48          
2 ჩიხურა              21 11 5 5 39:31 38
3 ზესტაფონი       21 11 4 6 29:15 37
4 გურია               21 11 0 10 25:27 33
5 სიონი              21 9 6 6 27:22 33
6 მეტალურგი        21 8 6 7 25:25 30
7 დილა               21 7 8 6 26:21 29
8 ვიტ ჯორჯია              21 7 5 9 26:28 26
9 ტორპედო            21 7 5 9 22:29 26
10 სპარტაკი       21 6 2 13 18:30 20
11 ზუგდიდი            21 4 5 12 10:30 17
12 მერანი                      21 4 3 14 15:39 15

 

მეგოლეები:

13 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

12 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

7 - ვილი ისიანი (“გურია”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)

6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”)

5 – გრიგოლ დოლიძე (“ზესტაფონი”), ჯაბა ჯიღაური, გიორგი გაბედავა, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;


0.113487