კალათბურთი

22:04 | 9.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია: „ჩეხებთან ყველა ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ“

10 აგვისტოს, კალათბურთში ევრო 2015-ის შესარჩევი ტურნირი იწყება. ამ დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე, ფინალური საგზურისთვის ბრძოლაში გამორჩეული კონკურენტი, ჩეხეთის ნაკრები იქნება. „ჯვაროსნებს“ მოგება და თანაც დიდი ანგარიშით ჰაერივით ჭირდებათ, რადგან შესარჩევი ტურნირის დებულებიდან გამომდინარე, შესაძლოა ფინალური ეტაპის საგზურის ბედი  ბურთების უკეთესმა შეფარდებამაც კი გადაწყვიტოს.  საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად ევრო 2015-ის ფინალური საგზურისათვის ჯგუფში უნგრეთისა და პორტუგალიის ეროვნული გუნდები იბრძოლებენ. საქართველოს ნაკრების გაფართოებული სიაში 21 კალათბურთელი მოხვდა. გუნდმა შეკრება თბილისში დაიწყო, სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში გააგრძელა და თბილისში ოთხთა ტურნირით დაასრულა, რომელიც 2-4 აგვისტოს ჩატარდა. მასპინძლებმა ტურნირის მონაწილე სამივე სტუმარს - დიდ ბრიტანეთს, მოლდოვასა და ბელარუსს მოუგეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

ტრავმის გამო შეკრება ვერ გაიარეს მანუჩარ მარკოიშვილმა, რიკი ჰიკმანმა, ხოლო რაც შეეხება გიორგი შერმადინს, იგი გუნდს მოგვიანებით შეუერთდა და უკეთეს შემთხვევაში შესარჩევი ტურნირის მეორე წრიდან დაეხმარება. ჩეხებთან ასევე სათუოა უკანახაზელ ოთო ფხაკაძის თამაში, რომელმაც შეკრების ბოლო დღეებში ტრავმა მიიღო. სამწუხაროდ, შესარჩევ ტურნირს მთლიანად გამოტოვებენ მარკოიშვილი და ჰიკმანი. შეკრებაზე გამოძახებული კალათბურთელებიდან მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს და შეკრება ვადაზე ადრე დატოვეს რევაზ როგავამ, ლაშა ფარღალავამ, ირაკლი ჩლაიძემ და აკაკი დვალიშვილმა. ამრიგად, ევრო 2015-ის შესარჩევ ტურნირში თამაშის უფლება 15 კალათბურთელმა(ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია, გიორგი ცინცაძე, ვიქტორ სანიკიძე, ლევან ფაცაცია, ნიკა მეტრეველი, ბექა წივწივაძე, მიხეილ ჭოჭუა, მიხეილ ბერიშვილი, დუდა სანაძე, ოთო ფხაკაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შარაბიძე, გიორგი შერმადინი, ბესო ლეჟავა) მოიპოვა, რომელთაგან, თითოეული მატჩის წინ, მთავარი მწვრთნელი 12 საუკეთესოს შეარჩევს.

ევრო 2015-ის ფინალური საგზურისათვის მებრძოლი გუნდები 7 ქვეჯგუფში არიან გადანაწილებულნი. პირველ და ბოლო ჯგუფში სამ-სამი, ხოლო დანარჩენში ოთხ-ოთხი გუნდი თამაშობს. 7 ჯგუფის თითოეული გამარჯვებული პირდაპირ ხვდება ევრო 2015-ის ფინალურ ეტაპზე, ხოლო მეორეადგილოსნებიდან ერთს, სხვებთან შედარებით უარესი შედეგის მქონეს, სახლში დარჩენა მოუწევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 7 ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე სულ 13 გუნდი გადის.  ოთხგუნდა ჯგუფებში ტურნირის დასრულების შემდეგ მეორეადგილოსნისთვის ბოლოადგილოსანთან დაგროვილი გუნდები განულდება.

„მსოფლიო სპორტმა“ ევროპის შესარჩევ ტურნირთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით  საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტან ზაზა ფაჩულიას მიმართა.

რას გვეტყვით ხვალინდელ საქართველო-ჩეხეთის შეხვედრის შესახებ?

- ხვალინდელ შეხვედრას ორივე გუნდისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით ჩვენთვის, რადგან სახლში ვთამაშობთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, უბრალოდ მოგებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საჭიროა დიდი ანგარიშით მოგება, რადგან შეიძლება გუნდიდან გამსვლელის ბედი ბურთების უკეთესმა შეფარდებამაც კი გადაწყვიტოს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ სრული შემადგენლობით არც ჩეხები იქნებიან, რომლებსაც ვესელი, ბენდა და ხოუსკა არ ეყოლებათ, როგორ აფასებთ ხვალინდელი შეხვედრის მონაწილე გუნდების შანსებს?

- რა შემადგენლობითაც არ უნდა თამაშობდეს ჩეხეთის ნაკრები, მოდუნების უფლება არ გვაქვს. თუ ქვეჯგუფიდან გასვლა გვინდა, ნაკრების ყველა წევრი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს და შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა გამოავლინოს.

ჯგუფის სხვა მონაწილეებზე რას გვეტყვით?

- ევროპაში და არა მარტო ევროპაში კალათბურთის დონე საკმაოდ ამაღლდა და თითქმის ყველა ნაკრები ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნგრეთისა და პორტუგალიის ნაკრებსაც ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დავისაჯოთ და საგზურის გარეშეც კი დავრჩეთ. მიუხედავად იმისა, რომ ზედიზედ ორი ჩემპიონატის ფინალური საგზურის მოპოვება შევძელით, ჯგუფიდან გაუსვლელობას გულშემატკივარი ნამდვილად არ გვაპატიებს.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გულშემატკივრებს მოვუწოდო, რათა მოვიდნენ თამაშებზე და მხარი დაგვიჭირონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.451957