შაბათს საქართველოში საფეხბურთო სეზონი განახლდება. 22 თებერვალს, ქვეყნის თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება, 26-ში კი ეროვნული ჩემპიონატიც გაგრძელდება. ვფიქრობთ, საგაზაფხულო ეტაპი საინტერესო და ცოტა უცნაური იქნება. ამის მიზეზს აქვე გეტყვით: ამ ზამთარს, თითქმის ყველა ქართულ გუნდში იმდენი ცვლილება მოხდა, რომ დღეს, დანადვილებით ვერავინ გვეტყვის, ვინ რისი მაქნისია. ზოგიერთი გუნდის შემადგენლობა დიდწილად გადახალისდა, ზოგი კი, მაგალითად ქუთაისის “ტორპედო,” სულაც ნულიდან შენდება.
სიონი (ბოლნისი) – ჩიხურა (საჩხერე)
22 თებერვალი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 14:00
მსაჯები: თ. გვანცელაძე, დ. ჩიგოგიძე, ზ. ფიფია, ა. ნონიკაშვილი, ბ. ნინუა, ჯ. ხორავა (სათადარიგო)
დღეისათვის “სიონი” საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია და თუ წინა წლებში უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოდა, წლეულს საშემოდგომო ეტაპის შემდეგ, სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე დგას და შესაძლოა, საპრიზო ადგილებისთვისაც იბრძოლოს. ეს წარმატებები, რა თქმა უნდა, უპირველესად, ლადო ბურდულს უკავშირდება. რომელიც გუნდში “ყველაფერია” - დირექტორიც, მწვრთნელიც და ასე შემდეგ. მოსამზადებელი ეტაპი ბოლნისელებმა ნაყოფიერად გამოიყენეს, შარშანდელის მსგავსად, წლეულსაც იყვნენ თურქულ შეკრებაზე და რამდენიმე ამხანაგური მატჩი გამართეს. გუნდი, ფაქტობრივად, დაკომპლექტებულია, ეგაა, მეკარის დამატება სურდათ, ლიტველ გრიბაუსკასთან ჰქონდათ მოლაპარაკება, მაგრამ მიზეზთა გამო, შეთანხმება ვერ მოხერხდა. ბოლო ინფორმაციით, ბოლნისელებმა 28 წლის კიპერი, ვლადიმერ ზუხბაია დაიმატეს, რომელიც შემოდგომაზე ცხინვალის “სპარტაკში” ირიცხებოდა.
უცნაურია, მაგრამ “ჩიხურას” ამ ზამთარს უცხოური შეკრება არ გაუვლია. არადა, ფინანსურად, თბილისის “დინამოსთან” ერთად, ყველაზე სტაბილურ კლუბად ითვლება. საჩხერელებს მატერიალური პრობლემები არ აქვთ, უბრალოდ, წლევანდელი ბიუჯეტის დამტკიცება ცოტა გაიწელა და შეკრებაც ამიტომ ვერ მოასწრეს. ზემოიმერლებს საკმაოდ ამბიციური გუნდი ჰყავთ, ჩემპიონატში ცხრილში მეორე ადგილზე არიან და თასის მოპოვებაზეც არ იტყოდნენ უარს, თანაც, შარშან უკვე იყვნენ ფინალში, სადაც “დინამოსთან” დამარცხდნენ (1:3).
ზამთარში საჩხერელებმა ორი ძალიან კარგი ფეხბურთელი დაკარგეს: ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი დიმიტრი ტატანაშვილი “ზესტაფონში” გადავიდა, მცველი გიორგი რეხვიაშვილი კი “დინამოში” დაბრუნდა, თუმცა შევსებაც სოლიდური აქვთ - სამი დინამოელი: ლევან ხმალაძე, გივი კვარაცხელია და ელგუჯა გრიგალაშვილი ამიერიდან საჩხერელთა ღირსებას დაიცავენ.
სხვათა შორის, თასის გათამშებაში ეს გუნდები შარშანაც შეხვდნენ ერთმანეთს. ოღონდ, მაშინ ნახევარფინალში, რომელიც “ჩიხურამ” მოიგო (2:0, 0:1).
შაბათს, მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.
მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (თბილისი)
22 თებერვალი. რუსთავი. “ფოლადი.” 14:00
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, ი. უკლება, გ. ყრუაშვილი (სათადარიგო)
“მეტალურგში,” ისევე, როგორც უმეტეს ქართულ გუნდებში, ამ ზამთარს დიდი ცვლილებები მოხდა. ფინანსურმა მდგომარეობამ კლუბის ხელმძვანელობის თავდაპირველი გეგმები შეცვალა, შედეგად, მთავარი მწვრთნელი გელა სანაია და თითქმის მთელი ძირითადი შემადგენლობა გუნდიდან წავიდნენ. საშველად რუსთაველ კაცს, ვარლამ კილასონიას დაუძახეს, რომელსაც გუნდში ადრეც უმუშავია. შედეგად, ცოტა ხნის წინათ, “მეტალურგმა” 11 ახალწვეული წარუდგინა საზოგადოებას (!..). ამიტომ, ახლა მეტალურგთა რეალურ ძალაზე საუბარი, ალბათ, მართებული არ იქნებოდა.
დინამოელთა ბანაკშიც დიდი ამბებია. მალხაზ ჟვანია ახალ გუნდს ქმნის, რომელიც შეტევაზე იქნება დაგეშილი და ლამაზ ფეხბურთს ითამაშებს. ასე ამბობენ თბილისელთა ხელმძღვანელები. ახალი ტაქტიკური სქემაც 4-3-3, რომელიც ოფიციალურად გამოაცხადეს, ამის დასტურია. ზამთარში, ჯამში, გუნდი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა შევსებაც სოლიდური მიიღეს, თუნდაც ოთარ მარცვალაძის დაბრუნება რად ღირს. საინტერესოა ჰოლანდიელი 27 წლის მცველის, იენს იანსეს გამოჩენაც, რომელსაც ერედივიზიონში გამოსვლის საკმაო გამოცდილება აქვს. იანსე პირველი ჰოლანდიელი იქნება, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში და თასზე ითამაშებს.
“მეტალურგი” და “დინამო” თასის შარშანდელი გათამაშების ნახევარფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ, ორი მატჩის ჯამში დინამოელებმა იმარჯვეს (1:2, 5:0) და შემდეგ თასსაც დაეუფლნენ.
ორივე გუნდმა შეკრება თურქეთში გაიარა.
ტორპედო (ქუთაისი) – დილა (გორი)
22 თებერვალი. ქუთაისი. ცენტრალური. 14:00
მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ა. კოკაია, ო. ხეცაზე (სათადარიგო)
ამ წყვილშიც ძნელი სათქმელია, ვინ შეიძლება მივიჩნიოთ ფავორიტად. ორივეგან დიდი ცვლილებები მოხდა, თუმცა ეს, ქუთაისელებს უფრო ეხება. კომპანია “ვისოლის” კლუბიდან წასვლის შემდეგ, ფაქტობრივად, გუნდი დაიშალა. ექსპერიმენტმა, რომელიც ახალგაზრდებზე იყო გათვლილი, ვერ გაამართლა. საშველად ისევ ძირძველ ქუთაისელს, რევაზ ძოძუაშვილს უხმეს, რომელმაც ნულიდან დაიწყო ახალი გუნდის შენება, არც ფინანსურად ულხინთ, ამიტომ მცირე უპირატესობა მაინც გორელებს აქვთ, რომლებმაც თურქეთში შეკრების გავლაც მოასწრეს.
შუქურა (ქობულეთი) – მერანი (მარტვილი)
22 თებერვალი. ქობულეთი. “ჩელე არენა.” 14:00
მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ი. მაჩიტიძე, ზვ. ერქვანია, ა. კრიჭაშვილი (სათადარიგო)
ქობულეთის “შუქურა” პირველი ლიგის A ზონის ერთ-ერთი ლიდერია, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დგას და ფოთის “კოლხეთს” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ასე რომ, სავარაუდოდ, უმაღლესი ლიგის აუტსაიდერ “მერანს” დიდ ბრძოლას გაუმართავს.
თავის მხრივ, “მერანიც” შეეცდება ახალი მწვრთნელის, 42 წლის ზურაბ იონანიძის ხელმძღანელობით ყველას დაუმტკიცოს, რომ მათი ჩამოწერა ჯერ ნაადრევია. შეგახსენებთ, მარტვილელებმა წლევანდელი სეზონი კარგად დაიწყეს, საწყის ტურებში ლიდერების სიახლვეს ტრიალებდნენ და გამართულ ფეხბურთსაც თამაშობდნენ, მაგრამ მალხაზ ჟვანიას წასვლის შემდეგ ყველაფერი აირია, ჟვანიას ნაცვლად მისულმა კახა ჩხეტიანმა, ეგრემც ვერ იპოვნა წარმატების გასაღები, შედეგად, გუნდი ბოლო ადგილამდე დაქვეითდა. ახლა, დამრიგებლად “იონა” მიიყვანეს და მისი იმედი აქვთ.