ფეხბურთი

10:55 | 18.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყირიმის გუნდები რუსეთის ჩემპიონატში?

ყირიმში მიმდინარე ცნობილი მოვლენების გამო, ფეხბურთი იქ უკვე ნაკლებად აღელვებთ. ჯერჯერობით, “სევასტოპოლი” უკრაინის პრემიერლიგაში თამაშობს, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა ალექსანდრ კრასილნიკოვმა განაცხადა, რუსეთის ჩემპიონატში გადასვლის საკითხს დავაყენებთო – რა თქმა უნდა, მომავალი სეზონისთვის.  

“სევასტოპოლში”, როგორც იცით, ორი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება: მათე ღვინიანიძე და დავით დარციმელია. ფეხბურთელები სევასტოპოლში ცხოვრობენ და არსად გასულან. გასაუბრება ვერ მოხერხდა, რადგან შევიტყვეთ, რომ “სევასტოპოლის” ფეხბურთელებს ამ მოვლენებთან დაკავშირებით, პრესასთან საუბარი აკრძალული აქვთ.

“სევასტოპოლის” პრეზიდენტს კი სურს რუსეთის ჩემპიონატში გადასვლა, მაგრამ ასე იოლი როდია. კრასილნიკოვი ამბობს, ფიფასა და უეფას წესების დაცვა მოგვიწევსო.

“უეფაში გავაგზავნით წერილს, რათა გაგვარკვიონ, როგორ შეიძლება ამ სიტუაციიდან გამოსვლა. გვსურს, რომ 2014/2015 წლების სეზონის წინ უკვე ვიცოდეთ, შეგვეძლება თუ არა რუსეთის ჩემპიონატში გამოსვლა”.

გაურკვევლობაშია ყირიმის კიდევ ერთი კლუბი, სიმფეროპოლის “ტავრია”. გუნდის ნახევარმცველმა მაქსიმ კალინიჩენკომ სისულელედ მიიჩნია ხმები “ტავრიას” რუსეთის ჩემპიონატში გადასვლაზე:

“ვინმეს უფიქრია, რა რეაქცია ექნებათ ამაზე ბლატერსა და პლატინის? მეორე მხრივ, რა უნდა გავაკეთოთ ფეხბურთელებმა? ჩვენზე არაფერი არაა დამოკიდებული. პოლიტიკური ამბებია, ჩვენ კი ამ შემთხვევაში მაყურებლები ვართ. დღეს ყირიმში ფეხბურთისთვის არავის სცალია. ხალხს სხვა რამ უტრიალებს თავში. მე ვარ “ტავრიას” ფეხბურთელი და ვთამაშობ უკრაინის ჩემპიონატში”.

უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია ყირიმულ კლუბებს მოუწოდებს, რომ უკრაინის პრემიერლიგაში ჩვეულებრივ გააგრძელონ მონაწილეობა, თუმცა აღნიშნავს, რომ მათ თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელ ჩემპიონატში სურთ გამოსვლა. აი, უეფა კი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს ყირიმული კლუბების რუსეთში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116183