სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ უიმბლდონის ტურნირის ნახევარფინალში ჩოგბურთის გულშემატკივარს დაუვიწყარი სანახაობა აჩვენეს. ოსტატურ, დრამატულ, მეტად საინტერესო მატჩში საბოლოოდ ევროპელმა იმარჯვა 7:6, 4:6, 7:6, 6:7, 6:3 და ამ მოგებით “ნოლე” მეთერთმეტედ გავიდა სადიდსლემო ტურნირის ფინალში. წინა 10 გადამწყვეტი მატჩიდან 26 წლის ჯოკოვიჩმა 6 ტიტული მოიხვეჭა, მათ შორის 2011 წელს უიმბლდონზე.
ჯოკოვიჩმა და დელ პოტრომ უიმბლდონის ნახევარფინალურ პაექრობათა ხანგრძლივობის რეკორდი დაამყარეს. მათ დღეს კორტზე 4 საათი და 27 სათამაშო წუთი გაატარეს. აქამდე ყველაზე ხანგრძლივი ივან ლენდლისა და ბორის ბეკერის ნახევარფინალი გახლდათ (4 საათი და ერთი წუთი).
დღევანდელ პაექრობისას ნოვაკმა 3 ბრეიკი და 22 ეისი განახორციელა და არგენტინელთან პირადი შეხვედრების ბალანსი თავის სასარგებლოდ 9:3 გახადა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ეს მეტოქეები ბალახის საფარიან კორტზე ერთმანეთს მეორედ შეხვდნენ და ჯოკოვიჩმა ანგარიში 1:1 გააყაიმა.
“ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია. თანაბარი ორთაბრძოლა მიდიოდა და მეტოქე მოგებასთან ახლოსაც იყო. დელ პოტრო გადამწყვეტ მომენტებში ფანტასტიკურად აწვდის. ხუან მარტინს მადლობა მინდა მოვუხადო ღირსეული თამაშისთვის. ორივემ მაღალი კლასის თამაში ვაჩვენეთ, მოგებით ბედნიერი ვარ”, - “ნოლეს” ეს სიტყვები უიმბლდონის ოფიციალურ ვებგვერდს მოჰყავს.
ნოვაკ ჯოკოვიჩის საფინალე მოწინააღმდეგეს შოტლანდიელი ენდი მარეის და პოლონელი ეჟი იანოვიჩის შეხვედრა გაარკვევს.