ფეხბურთი

12:26 | 26.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხუბუტიას გუნდმა საგზური გაინაღდა, რუხაიამ გადამწყვეტი გაიტანა

 

რუსეთის პირველ დივიზიონში 3 ტური დარჩა, თუმცა აკაკი ხუბუტიას “მორდოვიამ” პრემიერლიგის საგზური ოფიციალურად გაინაღდა. მესამე ადგილზე მყოფმა მოსკოვის “ტორპედომ” შინ 1:2 წააგო ნალჩიკის “სპარტაკთან” და ამიტომაც, ხუბუტიას გუნდს თეორიულადაც აღარაფერი ემუქრება.

სად გააგრძელებს კარიერას ხუბუტია, ჯერ უცნობია. შესაძლოა, სარანსკის გუნდში დარჩეს, თუმცა მათთან კონტრაქტი ამ ზაფხულს უმთავრდება და ახალი ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა. აკაკის სხვა ვარიანტებიც აქვს, მაგრამ კლუბების დაკონკრეტებისგან ჯერ თავს იკავებს – რაც ცნობილია, თურქეთიდანაც აქვს მიწვევა.

უკვე ნახსენებ “ტორპედო”-ნალჩიკის “სპარტაკის” შეხვედრაში (1:2) კი გუჯა რუხაიამ გაიტანა გადამწყვეტი გოლი. ის 79-ე წუთზე შევიდა მინდორზე და 88-ე წუთზე ზუსტი დარტყმით მოუტანა გამარჯვება ყაბარდო-ბალყარულ კლუბს. რაც შეეხება დავით სირაძეს, ის სასტარტოში გახლდათ და 68-ე წუთზე შეცვალეს.

რუსულ პრემიერლიგაში ალეკო ამისულაშვილის “კრილიამ” შინ 2:2 ითამაშა “ამკართან” და მე-13 ადგილზეა. ამისულაშვილმა შეუცვლელად ჩაატარა მატჩი.

0.115679