ესპანელი ხუან მატა დასავლეთლონდონის “ჩელსიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” მანკუნიანელთა კლუბისთვის სარეკორდო თანხად, 37.1 მილიონ გირვანქად გადავიდა. დღეს მანჩესტერელები ინგლისური პრემიერლიგის მორიგ მატჩში “კარდიფს” ხვდებიან და გულშემატკივრები “იუნაიტედის” რვანომრიანი მაისურათი მოთამაშე მატას იხილავენ.
- “მანჩესტერ იუნაიტედში” საქვეყნოდ ცნობილ არაერთ საფეხბურთო ლეგენდას უთამაშია. ამის მიუხედავად, კლუბმა ყველაზე მაღალი სატრანსფერო თანხა სწორედ თქვენს სანაცვლოდ გადაიხადა. ეს ფაქტი დამატებით პასუხისმგებლობას არ განიჭებთ საკუთარი თავისა და გუნდის გულშემატკივრების წინაშე?
- პარტნიორების, მწვრთნელების, კლუბის ხელმძღვანელების, ქომაგების იმედის გასამართლებლად თავს არ დავზოგავ. აქ ყველაფერი დამხვდა საიმისოდ, შესაძლებლობები სრულად რომ გამოვავლინო. “მანჩესტერს” ყველაფერი აქვს წარმატების მისაღწევად.
- “ჩელსიში” ასპარეზობის პერიოდში პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოგანიჭეს. გასაკვირი არაა, ლონდონელებმა ძლიერი მოთამაშე უშუალოდ საკუთარ კონკურენტს რომ მიჰყიდეს?
- გითხრათ სიმართლე, მომხდარი ჩემთვისაც დიდწილად სიურპრიზი გახლავთ. ისე კი, “ჩელსის” მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს. პირიქით, კლუბის მეპატრონეს, თანაგუნდელებს, გულშემატკივრებს ვემადლიერები – ისინი ხომ 2 წლის განმავლობაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელდ მასახელებდნენ. ლონდონში ყველა პატივისცემით მეპყრობოდა. თუმცა ერთიცაა - ბოლო 6 თვე ცოტათი გამიჭირდა. იმდენს არ მათამაშებდნენ, რამდენიც მსურდა. მესმის, ფეხბურთი სპორტის კოლექტიური სახეობა რომაა, მაგრამ ამბიციურ მოთამაშეს ყველა მატჩის თავიდან ბოლომდე ჩატარება სურს.
- მანჩესტერში ყველაზე მეტად დავიდ დე ხეა გელოდათ. რა მოგითხროთ მან “იუნაიტედის” შესახებ?
- ბოლო დღეების განმავლობაში მისგან მოსვენება არ მქონდა. დავიდი მანჩესტერში ჩასვლას მაჩქარებდა. დე ხეა ჩემი მეგობარი, ბრწყინვალე ადამიანი და მეკარეა. მისი თანაგუნდელობა ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია.
- “ოლდ ტრაფორდზე” უეინ რუნის და რობინ ვან პერსის პარტნიორი იქნებით...
- უეინ რუნის, რობინ ვან პერსის, ადნან იანუზაის, ანტონიო ვალენსიას, ჩიჩარიტოს, დენი უელბეკის თანაგუნდელობას ნებისმიერი ფეხბურთელი ისურვებს. მათთან ერთად არაფერს დავიშურებ “მანჩესტერ იუნაიტედის” საკეთილდღეოდ.
- დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ სამშაბათს პრემიერლიგის მორიგ მატჩში “კარდიფ სიტის” წინააღმდეგ გათამაშებთ. რას ნიშნავს თქვენთვის “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორმით “ოლდ ტრაფორდზე” გასვლა?
- “ოლდ ტრაფორდი” მართლაც ფენომენალური სტადიონია. აქ რამდენჯერმე “იუნაიტედის” წინააღმდეგ მომიწია ასპარეზობამ, ახლა კი მის მინდორზე რეგულარულად ვითამაშებ. ჩვენ გუნდს ფანტასტიკური ქომაგები ჰყავს და იმედია, მათ გახარებას მოვახერხებ.