ესპანური “ვალენსიას” ახალი მთავარი მწვრთნელი ხუან ანტონიო პიცი მოხარულია, რომ ევროპაში მუშაობის საშუალება მიეცა.
45 წლის სპეციალისტმა, რომელიც არგენტინაშია დაბადებული, მაგრამ ესპანეთის მოქალაქეობა აქვს და ამ ქვეყნის ნაკრებში ჩატარებულ 22 მატჩში 8 გაუტანია, ლევანტიელებთან კონტრაქტი წლინახევრით გააფორმა.
“სან-ლორენსოს” ხელმძღვანელობას სურდა, რომ გუნდში დავრჩენილიყავი, მაგრამ ახალი ვარიანტი უკეთესი იყო ჩემი კარიერისათვის. “სან-ლორენსოსთან” ერთად გარკვეულ წარმატებებს მივაღწიე და ახლა უარს ვერ ვეტყოდი იმ დონის გუნდს, როგორიც “ვალენსიაა”. არგენტინაში მუშაობა მომწონდა, მაგრამ ახლა ესპანეთში მივდივარ” - განუცხადა პიციმ Football Espana-ს.
ახალმა მწვრთნელმა “ღამურების” თავკაცის პოსტზე მიროსლავ ჯუკიჩი შეცვალა, რომელიც გუნდიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაუშვეს. მოცემული მომენტისთვის “ვალენსია” პრიმერა დივიზიონში 20 ქულით მე-11 ადგილს იკავებს (17 თამაშის შემდეგ). გარდა ამისა, გუნდი ევროპის ლიგაზეც თამაშობს, სადაც პლეი ოფის პირველ ეტაპზე მისი მეტოქე კიევის “დინამო” იქნება.