სომხეთის ქალაქ ჯერმუკში დასასრულს მიუახლოვდა კარენ ასრიანის სახელობის მემორიალი, რომლის მოგების ჩინებული შანსი მასპინძელ რობერტ ჰოვანისიანს (2610) გააჩნია. ამ უკანასკნელმა 7 ტურში 6.5 ქულა მოაგროვა და ფინიშამდე 2 ტურით ადრე უახლოეს კონკურენტებს 1.5 ქულით უწრებს, რაც ჩემპიონობის წინაპირობად უნდა მივიჩნიოთ.
ჯერმუკში 5 ქართველი მოჭადრაკეც თამაშობს, რომელთაგან საუკეთესო მონაგარი – 4.5 ქულა დავიდ არუთიანიანს (2543) და ნინო ხომერიკს (2066) გააჩნიათ. დამატებითი მაჩვენებლებით არუთინიანი მეთერთმეტეა, ხოლო ხომერიკი – მეთექვსმეტე.
გამოსარჩევია ამ უკანასკნელის ჩინებული თამაში. 15 წლის ხომერიკი რეიტინგით გაცილებით ძლიერ მეტოქეებს ტოლს არ უდებს და მე-7 ტურში შავი ფიგურებით ყაიმი ძლიერ ებრაელ მოჭადრაკე ევგენი პოსტნისთან (2645) დაფიქსირა.
სხვა ქართველებს ასეთი შედეგები გააჩნიათ: 33. ნატო იმნაძე (2059) – 3.5 ქულა; 49. ანა შამათავა (2111) – 2.0; 52. ნოე თუთისანი (2037) – 2.0;
სომხური ტურნირი 9 ტურად შვეიცარიული სისტემით მიმდინარეობს და 25 ივნისს დასრულდება. საპრიზო ფონდი 22 ათასი დოლარია, საიდანაც გამარჯვებული 5 ათასს მიიღებს, ქალთა შორის საუკეთესოს კი 800 დოლარი ერგება.