ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია! საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილებების თუ დასანანი შეცდომების გამო რამდენიმეჯერ დაკარგული ოქროს მედალი ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე ევროპირველობაზე იპოვა. 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 22 წლის გორელმა სპორტსმენმა საწადელს ძველებურ სტილთან შედარებით ნაკლებად ეფექტური, თუმც ტაქტიკურად გაცილებით გამართული ჭიდაობით მიაღწია.
ხინჩეგაშვილი ფინურ ხალიჩაზე სულ ოთხჯერ გავიდა. საჩემპიონო აღმართს მერვედფინალიდან შეუყვა, ბულგარელი გეორგი ვანგელოვის ძლევით - 6:2. ფრანგ ზოჰეირ ელ უარაქთან პირველი პერიოდის შემდეგ 5:2 დაწინაურდა, მეორე სამწუთეულის დაწყებისთანავე კიდევ ერთი ორქულიანი შეასრულა და შეხვედრა სასურველ ფინიშამდე საკმაოდ მშვიდად მიიყვანა – 7:4. მთავარი ბრძოლა კი ნახევარფინალში გადაიტანა, რუსეთის ნაკრების წევრ რუსტამ ამპართან.
შეხვედრის პირველი ნახევარი ხინჩეგაშვილმა მოწინააღმდეგის ხალიჩის მიღმა გაყვანით აღებული ერთადერთი ქულით მოიგო. მეორე პერიოდი ამპარის უპირატესობით დაიწყო - რუსმა ორი ორქულიანი ილეთი შეასრულა და თითქოს გადამწყვეტი უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ ხინჩეგაშვილმა ჯერ ორ ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა, შემდეგ წონასწორობა აღადგინა, საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე კი ფინალის საგზურის მომტანი ორქულიანიც მიითვალა – 6:4.
ოქროს მედლისთვის ქართველი მსუბუქწონოსანი მონაკოს სახელით მოჭიდავე ევროპის 2-გზის ჩემპიონს, 35 წლის მოლდოველ გენადი ტულბეას დაუპირისპირდა. ეს უკანასკნელი ევროპული პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე პირველად 13 წლის წინ ავიდა, მაშინ, როდესაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჭიდაობაში პირველ ნაბიჯებს დგამდა.
ფინალის პირველი პერიოდი ქართველმა მოჭიდავემ აქტიურობის ხარჯზე მინიმალური ანგარიშით მოიგო, ტულბეას გაფრთხილების გამო მიღებული ქულით. მეორე პერიოდის დაწყებისთანავე კი მოწინააღმდეგეს 4-ქულიანი ილეთი შეუსრულა და უპირატესობა ზედმეტი რისკის გარეშე, მშვიდად შეინარჩუნა – 5:1.
მიმდინარე ევროპირველობამდე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევრო-პოდიუმზე ორჯერ იყო ასული. 2011 წელს მეორე საფეხურზე, ხოლო 2013 წელს – მესამეზე. ამასთან, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ფინალში იჭიდავა და საბოლოოდ ვერცხლს დასჯერდა.
დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები 61 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით ხალიჩაზე ბექა ლომთაძე გავიდა, მაგრამ სამეულს მიღმა დარჩა.
ძირითად ბადეში ლომთაძემ ორი შეხვედრა ჩაატარა. პირველ წრეში სომეხი ნარეკ სანოიანი 14:9 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევთან 6:12 წააგო. არადა ბოლო წუთამდე ანგარიში 6:6 იყო.
ალიევმა შემდეგი ეტაპიც წარმატებით დაძლია და საქართველოს ნაკრების წევრს ბრინჯაოსკენ მიმავალი გზა გაუხსნა. რეპეშაჟის ნახევარფინალში ბექა ლომთაძეს მეტოქედ გერმანიის ნაკრების წევრი ალექსანდერ სემისოროვი ერგო და სამწუხაროდ, ჩემპიონატზე გამოსვლა სწორედ ამ შეხვედრით დაასრულა – 4:15.
ხვალ მედლები 74 და 125 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ იაკობ მაქარაშვილი (74 კგ) და დავით მოძმანაშვილი (125 კგ) იჭიდავებენ.