Radio Caracol-მა ინტერვიუ ჩამოართვა მადრიდის “რეალის” კოლუმბიელ ახალწვეულ ხამეს როდრიგესს. გასული მუნდიალის საუკეთესო გოლეადორმა სიხარული გამოთქვა “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადასვლასთან დაკავშირებით, “სამეფო კლუბის” ქომაგებს კი თვდადებით თამაშს დაჰპირდა.
- რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე პრეზენტაციამ, რომელსაც “სანტიაგო ბერნაბეუზე” 45 ათასი გულშემატკივარი დაესწრო?
- ჩემთვის განსაკუთრებული დღე იყო. ამგვარი რამ ცხოვრებაში იშვიათად ხდება. “სანტიაგო ბერნაბეუს” გაზონზე ფეხის დადგმა მრავალრიცხოვანი ქომაგის თანდასწრებით ჩემი ახდენილი ოცნება იყო. ეს დღე არასდროს დამავიწყდება. “რეალთან” ერთად კლუბის ახალი ისტორიის შექმნა მსურს.
- პრეზენტაციამდე “სანტიაგო ბერნაბეუზე” თუ გასულხართ?
- არა, აქამდე ასეთი შესაძლებლობა არ მომცემია. ამიერიდან კი მადრიდის “რეალის” სრულუფლებიანი წევრი ვარ და ვფიქრობ, გუნდთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევ.
- იცით, რას ნიშნავს მადრიდის “რეალში” 10 ნომრიანი მაისურათი თამაში?
- უდიდეს სიხარულსა და ამასთან პასუხისმგებლობას ვგრძნობ. იმედია, გულშემატკივრებს, მწვრთნელებს და პარტნიორებს მოლოდინს გავუმართლებ.
- როგორ გგონიათ, “რეალში” რა პოზიციაზე მოგიწევთ თამაში?
- მზად ვარ მწვრთნელის ნებისმიერი მითითება შევასრულო. შემიძლია თავდამსხმელის ოდნავ უკან ასპარეზობა, ამასთან როგორც მარჯვნიდან, ასევე მარცხნიდან შევუტევ მოწინააღმდეგეს. პარტნიორთაგან უმეტესობა სუპერვარსკვლავია და მათ გვერდიგვერდ წარმატებით გამოსვლისთვის არაფერს დავიშურებ.
- თავიდანვე ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების იმედი გაქვთ?
- სასტარტოში ადგილი შრომით უნდა მოვიპოვო და დავამტკიცო, ამის ღირსი რომ ვარ. “რეალში” ტოპკლასის მოთამაშეები ირიცხებიან, რომლებთანაც ჯანსაღი კონკურენცია მექნება.
- ბევრს საუბრობენ რადამელ ფალკაოზე. შესაძლოა, თანანაკრებელი თქვენი პარტნიორი კლუბშიც გახდეს?
- დარწმუნებული ვარ, რადამელი “რეალში” გაიბრწყინებდა, მაგრამ ჩემი გადასაწყვეტი არაა, ვის გაუფორმებენ კონტრაქტს. ეს კლუბის პრეზიდენტის პრეროგატივაა. ისე კი, ფალკაოს ყველა საფეხბურთო თვისება აქვს მადრიდის “რეალში” სათამაშოდ.
- თქვენი მწვრთნელები ფალსიონი, რანიერი, ვილაში-ბოაში, პეკერმანი იყვნენ. ყველაზე მეტი რომელი სპეციალისტისგან ისწავლეთ?
- ყველა მათგანი მაღალი დონის დამრიგებელია, მაგრამ განსაკუთრებით მაინც ფალსიონის ვუმადლი. მასთან ერთად კარიერის დასაწყისში ვმუშაობდი და ბევრი რამ ავითვისე. მეტად კარგად მახსენდება ანდრე ვილაშ-ბოაშთან თანამშრომლობაც.
- რა მიმართვა სურთ გაუგზავნოთ მადრიდის “რეალის” ერთგულ ქომაგებს?
- მათი მხარდაჭერით ტიტულებს მოვიხვეჭთ, ჩემი მხრიდან კი “ბლანკოსის” გულშემატკივარს თავდადებას ვპირდები.