სხვა

17:59 | 14.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთელებმა მე-2 ჯგუფი უდანაკარგოდ მოიგეს

 

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის მე-2 ჯგუფური ეტაპიც დაუმარცხებლად განვლო. ვლადიმერ ისელიძის შეგირდებმა თბილისში ჩატარებულ პირველ ეტაპზე დიდი ბრიტანეთი (12:3), პოლონეთი (16:10) და ჩეხეთი (16:5) იოლად დაამარცხეს, უმთავრეს კონკურენტ სლოვაკეთთან კი ფრეს (7:7) დასჯერდნენ და 10 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს.

ქართველმა წყალბურთელებმა კიდევ უფრო უკეთესი შედეგები აჩვენეს მალტაში გამართულ მე-2 ჯგუფურ რაუნდში, სადაც ყველა მეტოქეს სძლიეს. როგორც უკვე ვიუწყებოდით, პირველ ტურში ჩვენმა გუნდმა ისრაელს 13:8 მოუგო, რასაც კიდევ 3 გამარჯვება მიაყოლა: უკრაინასთან – 15:8, ბელარუსთან – 24:7 და მალტასთან – 16:12.

გასულ მატჩებში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი გახლდათ: ზურაბ ჭუმბურიძე, მარკო იელაჩა, დამირ ცრეპულია, მარკო ელეზი, გალაქტიონ ლაითაძე, ბექა ქავთარაძე, გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა, კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, მარინო ფრანიჩევიჩი, ბექა კაპანაძე.

ტურნირზე ქართველთა ყველაზე შედეგიანები მოთამაშეები ნატურალიზებული ხორვატი წყლაბურთელები – დამირ ცრეპულია და ხორვატი მარკო ელაჩა იყვნენ, რომელთაც, შესაბამისად, 14 და 13 გოლი გაიტანეს.

ამგვარად, ქართველებმა D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ჯამურ ცხრილშიც, რომელიც 3 ჯგუფური ეტაპის ჯამში უნდა შედგეს, მოწინავეთა რიგებში იმყოფებიან. აქვე ვთქვათ, რომ მე-3 რაუნდი მიმდინარე წლის 11-14 ნოემბერს გახლავთ დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 17 გუნდი ჯამში სამ ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს, შემდეგ კი საერთო ცხრილი შედგება და მოწინავე ექვსეული პლეი-ოფში გააღწევს.

უკვე ცნობილია, რომ პირველ-მესამე პოზიციებზე გასული გუნდები პლეი-ოფში წინა ევროპის ჩემპიონატის მეათე-მეთორმეტე ადგილოსნებს – ჰოლანდიას, მაკედონიას და თურქეთს გაეჯიბრებიან, ხოლო მესამე-მეექვსე ადგილოსნები – მეშვიდე-მეცხრე ადგილოსნებს – ესპანეთს, რუმინეთს და ხორვატიას.

პლეი-ოფის მატჩები მიმოსვლითი სისტემით ჩატარდება, გამარჯვებულები კი ფინალურ ეტაპზე პირდაპირ დაშვებულ ექვს გუნდს შეუერთდებიან. ესენი 2012 წლის ევროპირველობის მოწინავე ნაკრებები – სერბეთი, ჩერნოგორია, უნგრეთი, იტალია, გერმანია და საბერძნეთი არიან.

ცნობისთვის, 2014 წლის ევროპის ჩემპიონატი უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტში 13-26 ივლისს ჩატარდება.

0.111455