სერენა უილიამსი WTA-მ 2013 წლის საუკეთესო ჩოგბურთელად დაასახელა. წლეულს უილიამს-უმცროსმა 11 ტურნირი (სეზონის შემაჯამებელი ტურნირი, პეკინი, აშშ-ის ღია პირველობა, ტორონტო, ბოსტადი, “როლან გაროსი”, რომი, მადრიდი, ჩარლსტონი, მაიამი, ბრისბენი) მოიგო. ეს საუკეთესოა მას შემდეგ, რაც 1997 წელს მარტინა ჰინგისმა 12 შეჯიბრება მოიგო.
სერენამ წლის საუკეთესო მოთამაშე ჩოგბურთელი ქალის ტიტული მეხუთედ მოიპოვა. იგი უძლიერესად 2002, 2008, 2009 და 2012 წლებშიც სცნეს. უილიამს-უმცროსზე მეტჯერ საუკეთესო მოთამაშის წოდება მხოლოდ მარტინა ნავრატილოვას (7-ჯერ) და შტეფი გრაფს (8-ჯერ) მოუპოვებიათ.
წყვილთა თანრიგს რაც შეეხება, WTA-მ საუკეთესოდ იტალიელთა, სარა ერანისა და რობერტა ვინჩის დუეტი დაასახელა. სარამ და რობერტამ მიმდინარე სეზონში ავსტრალიის ღია ჩემპიონატი მოიგეს და წელიწადი რეიტინგის პირველ ნომერზე დაასრულეს. ამას გარდა, ერანი-ვინჩის წყვილმა “როლან გაროსის” ფინალში ითამაშა. ერთეულთა თანრიგში სარა ერანი მეშვიდე საფეხურზეა, რობერტა ვინჩი კი მეთოთხმეტე. Iტალიის ნაკრების შემადგენლობაში ერანიმ და ვინჩიმ ფედერაციის თასი მოიგეს.