სხვა

1:29 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

წარუმატებელი სტარტი ნაგოიაში

ნაგოიას ბაშოს სასტარტო დღე წარუმატებელი გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებამდე აღზევებული თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ ბულგარელ ოძეკი კოტოოშუს კარიერაში მეექვსედ დაუპირისპირდა და ამჯერადაც მარცხი განიცადა. ევროპელმა სეკიტორმა ჩვენებური დოჰიოდან წამებში იორიტაოშით გადააგდო და თვითონაც ზედ გადაჰყვა.

მარცხი იწვნია ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემაც, რომელსაც კარიერის საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას. ქართველი გოლიათი უკვე დასავლეთის მე-11 მაეგაშირობამდე დაქვეითდა, ივლისის სუპერტურნირი კი ბრაზილიელ კაისეისთან მარცხით გახსნა. აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას ტიტულის მქონე სამხრეთამერიკელმა ქართველი სეკიტორი იორიკირით დაჯაბნა.

ნაგოიას ბაშოს მე-2 დღეს გაგამარუ ოძეკი კაკურიუს დაუპირისპირდება, რომელიც გუშინ მოულოდნელად მე-2 მაეგაშირა ტოჩიოძანთან დამარცხდა. ურთიერთშეხვედრებში ჯუღელი მონღოლთან 0:4 მარცხდება. რაც შეეხება ტოჩინოშინს, მისი მომდევნო მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-10 მაეგაშირა ჩიონოკუნი იქნება. ქართველი სუმოისტს იაპონელთან გასული ორივე შერკინება მოგებული აქვს.

აქვე დავძენთ, რომ ივლისის ტურნირის პირველ დღეს გამარჯვებები იზეიმეს იოკოძუნებმა – ჰაკუჰომ და ჰარუმაფუჯიმ და ოძეკებმა კისენოსატომ, კოტოშოგიკუმ და კოტოოშუმ, კაკურიუს მარცხის გარდა კი, მოულოდნელი იყო სეკივაკეეების – გოეიდოს და მიოგირიუს წაფორხილებაც. თუმცა, ეს უკანასკნელი მეტოქის თმებში წვდომისთვის დასაჯეს, თორემ უშუალოდ შერკინებისას გამარჯვება მისი იყო.

ნაგოიას ბაშოს პირველი დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=wyzAjqqmHPk&feature=player_embedded

0.123113