ხორვატიის ქალაქ ოპატიაში მიმდინარე მსოფლიოს რიგით 23-ე პირველობაზე სენიორ-მოჭადრაკეთა შორის მე-3 ტური წარმატებული გამოდგა ქართული დელეგაციისთვის.
ქალთა ტურნირში სამივე ჩვენებურმა გამარჯვება იზეიმა. მსოფლიოსა და საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებულმა ნონა გაფრინდაშვილმა (2312) შავი ფიგურებით რუსი ელენა აფანასიევა (1625) დაამარცხა, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა სენიორთა შორის თამარ ხმიადაშვილმა (2158) ასევე შავებით გერმანელ მარტინა ბელტცს (2100) სძლია, ხოლო სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა ნინო მელაშვილმა (2126) თეთრებით ინგლისელ ინგრიდ ლაუტერბახს (2132) აჯობა.
3 ტურის შედეგებით, 2.5 ქულით 6 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი ლიდერობს, რომელშიც ხმიადაშვილი და მელაშვილიც იმყოფებიან. დამატებითი მაჩვენებლებით თამარი მეორეა, ხოლო ნინო – მეხუთე. რაც შეეხება გაფრინდაშვილს, იგი 2.0 ქულით მერვე პოზიციაზე იმყოფება.
მე-4 ტურში მელაშვილი რუს სვეტლანა მიედნიკოვას (2166) ეთამაშება, ხმიადაშვილი – რუს
მამაკაცთა ტურნირში საქართველოს 2013 წლის ჩემპიონი სენიორთა შორის სერგო ცომაია (1859) 2.5 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება და ლიდერებს მხოლოდ 0.5 ქულით ჩამორჩება. ცომაია, რომელიც ამგვარი ტურნირების დებიუტანტია, მე-3 ტურში თეთრი ფიგურებით დანიელ იორგენ იორგენსენს (2257) დაუზავდა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მოჭადრაკე შეჯიბრის ორასამდე მონაწილეს შორის რეიტინგით მხოლოდ 179-ეა. მე-4 ტურში სერგო კვლავ თეთრებით რუს ალექსანდრ ფილიპენკოს (2288) დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, მსოფლიოს ჩემპიონატი თერთმეტ ტურად წარიმართება და 23 ნოემბრამდე გასტანს. 17 ნოემბერს მონაწილეები დაისვენებენ, ტურნირის საპრიზო ფონდი კი 18 ათას ევროს შეადგენს.