რაგბი

15:36 | 19.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

წარმატება ქართული რაგბის წარმატების საწინდარია

მას შემდეგ, რაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პირველი დონის გუნდ სამოას 16:15 სძლია, ქართული რაგბისადმი მსოფლიოს ყურადღება კიდევ უფრო გაიზარდება და რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქართული რაგბისადმი მიძღვნილი წერილი გამოქვეყნდა.

“საქართველოში რაგბს ხანგრძლივი და სასახელო ისტორია აქვს, რომელმაც ფესვები 1920 წელს გაიდგა და 1961 წელს საქართველოს რაგბის კავშირი დაარსდა. მაგრამ ახლა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა პირველად არსებობის ისტორიაში პირველი დონის გუნდი - სამოა დაამარცხა, ამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში, შესაძლოა, ეს თამაში სულ სხვა დონეზე ავიდეს.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივისა და პროგრამის მიზანი, რომლის თანახმადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი საერთაშორისო თამაში ჩატარდა, პლანეტაზე სპორტის ამ სახეობის პოპულარობისა და მოთამაშეთა რაოდენობის ერთი მილიონით ზრდას ემსახურება. და ნამიბიის, მექსიკისა და ინდოეთის წარმატების ფონზე, საქართველოს ნაკრების თამაშში ცვლილება და განვითარებისკენ სწრაფვა კიდევ უფრო თვალსაჩინოა.

სრკ-ს ტექნიკური დირექტორი და განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ჭუმბურიძე ამბობს: “ახალი პროგრამისთვის მზადება ზაფხულში დავიწყეთ და ოქტრომბერში მოქმედებაზე გადავედით. ავარჩიეთ თბილისის სამი სკოლა, სადაც ჩვენი პროგრამის რელიზაციას ვახდენთ და ბავშვებს რაგბის სახალისო ვარიანტი შევთავაზეთ. მალე კიდევ ორი სკოლა შემგვიერთდა და ამ პროექტს ნაბიჯ-ნაბიჯ ვანვითარებთ. მოცემული მომენტისთვის აღნიშნულ პროგრამაში 120 პირველ და მეორე კლასელი ბავშვია ჩართული და 2014 წლის ოქტომბრისთვის ამ რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდას ვვარაუდობთ. იანვარში ამ პროგრამას ქუთაისში დავიწყებთ, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით მეორეა ჩვენს ქვეყანაში და ასევე საგარეჯოში, პატარა პროვინციულ ქალაქში აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში. ასევე ვმუშაობთ ასპინძაში, სადაც 18 სკოლაა და რაგბს იქ დაახლოებით 200 ბავშვი ეუფლება”.

სრკ ჩართულია IRB-ს იმ პროგრამაში, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხალხი ერთმანეთს რაგბის მეშვეობით უნდა დააკავშიროს, ასწავლოს პატივისცემა, სოლიდარობა და დისციპლინა. პროგრამა უფასოა რაგბის საერთაშორისო საბჭოს წევრებისთვის და მათ შორისაა საქართველოც, სადაც რეგულარულად ტარდება მწვრთნელთა სემინარები და რაგბს უამრავი ადამიანი ეცნობა მათი ვებ-გვერდის საშუალებით.

მსოფლიოს მასშტაბით პროგრამაში 175 ათასი ადამიანია ჩართული და მათი მესამედი ქალები არიან. სრკ 50 კავშირს შორის ერთ-ერთია და იქ პროგრამის მონაწილეთა რაოდენობა ათასს აღწევს. საქართველოში რაგბის პოპულარიზაციისთვის გრძელვადიანი პროგრამა აქვთ, იქ ამის პოტენციალიც არსებობს და მათი მიზანი პირველად ქვეყნის ისტორიაში სრულმასშტაბიანი სასკოლო ჩემპიონატის ჩატარებაა. განვითარების ჯგუფში შედიან საქართველოს 15 და 7-კაცა ნაკრების წევრები, ამ ყველაფერს კი, სათავეში გუნდის კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი უდგას.

“ვფიქრობდით, რომ თვეში ერთი სეანსი გვექნებოდა, მაგრამ პროგრამამ ისეთი პოპულარობა მოიხვეჭა, გაფართოვება მოგვიწია. ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ პროცესში მოთამაშე გოგონებსაც ჩავრთავთ. ეს გოგონებს შორის რაგბისადმი ინტერესს გაზრდის და შესაბამისად, საერთო მონაწილეთა რაოდენობაც გაიზრდება. უმეტეს შემთხვევებში საქმე პატარა ბავშვებთან გვაქვს და მისი გათვალისწინებით, ვცდილობთ მეცადინეობები მხიარული და საინტერესო იყოს. აღსანიშნავია, რომ მეორე სესიის დროს ბავშვებს თამაშთან დაკავშირებით უკვე უამრავი კითხვები ჰქონდათ.

საწყის ეტაპზე ბავშვებს რაგბის ბურთთან დაკავშირებულ გასართობ თამაშებს ვთავაზობთ - დამალობანას, გაშეშობანას და ასე შემდეგ. ეს მეთოდი ამართლებს, ბავშვები დიდ ენთუზიაზმს იჩენენ და მათი რაოდენობა გაკვეთილიდან გაკვეთილამდე იზრდება. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა და ამით ენთუზიაზმი ჩვენც გვემატება” - ამბობს მაჩხანელი.

თანამედროვე ქართული რაგბის ისტორიაში უდიდესი მოვლენა გასულ თვეში მოხდა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა სამოა თბილისში 16:15 დაამარცხა. ის იყო ღირსშესანიშნავი მოვლენა ნაკრებისთვის და ის 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი ეტაპის წინ გუნდს თავდაჯერებულობას შემატებს.

იმ დღეს გუნდის კაპიტანმა მამუკა გორგოძემ თქვა: “უმნიშვნელოვანესი თამაში მოვიგეთ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს საერთაშორისო საბჭოს რეიტინგის ათეულში მყოფი გუნდი დაამარცხა. გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო მოთამაშეებისთვის, მწვრთნელებისთვის, გულშემატკივრებისთვის და მთელი კავშირისთვის. ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენმა გარჯამ შედეგი მოიტანა. მზად ვართ და შესანიშნავი იქნება, თუ ასეთი დონის გუნდებთან უფრო ხშირად ვითამაშებთ. გულშემატკივარმა თამაშზე განსაკუთრებულად იმოქმედა და მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ჩვენ ეს თამაში ერთად მოვიგეთ”.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ დაამატა: “მამუკას სრულად ვეთანხმები. ვერც კი წარმოიდგენთ, გულშემატკივართა მხარდაჭერა მოთამაშეებს როგორ აძლიერებს. წმინდა გიორგის ხსენების დღე იყო და ამ ფაქტმა გამარჯვებისთვის დამატებითი სტიმული მოგვცა. ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრებს ასეთი ძლიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ თამაშის შანსი მიეცა, ყველაფერზე თავის თავად მეტყველებს. მართალია დღეს რეიტინგში მე-8 ადგილზე მყოფი გუნდი დავამარცხეთ, მაგრამ ხვალ შესაძლოა, ჩვენს ქვევით მყოფ ნაკრებთან დავმარცხდეთ. ეს ნორმალურია და დაუღალავი შრომა უნდა განვაგრძოთ. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვვითარდეთ, რადგან შეუძლებელია ათ საუკეთესო გუნდს შორის ხუთ წუთში მოხვედრა. სამოას დამარცხება საოცრება და სენსაცია იყო. მე არასდროს მინახავს ჩვენი გუნდის ასეთი შემოქმედებითი თამაში. ამ გამარჯვებით რაგბის მსოფლიო ოჯახში უდიდესი პატივისცემა მოვიპოვეთ და ახლა 100-ჯერ მეტი უნდა ვიმუშაოთ, ეს პატივისცემა რომ შევინარჩუნოთ”.

0.148904