სხვა

17:24 | 15.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ ისელიძე: “იმედია, ლეგიონერები თამაშს გააძლიერებენ და თავის პოტენციალს გამოავლენენ”

 

საბერძნეთის ნაკრებთან თამაშის დროს ალფრედ  ჰაიოშის სახელობის სპორტარენის ტრიბუნებზე ადგილი საინტერესო რამ მოხდა. მეორე პერიოდიდან დაწყებული საქართველოს ნაკრებს ქართველ გულშემატკივართა პატარა ჯგუფთან ერთად აქტიურად ქომაგობდნენ ნორჩი უნგრელი ფანები. მათ აიტაცეს არამარტო ჩვენი ტრადიციული შეძახილი “საქართველოს გაუმარჯოს”, არამედ ჩვენ მიერ უნგრულად წამოთქმული შეძახილი  “ჰაირა, ჯორჯია” (“წინ, საქართველო”).  1994 წლიდან ჯერ  უნგრეთში და ბოლო წლებში ჩეხეთში მცხოვრები სოხუმიდან დევნილი, ერთიანი საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზატორმა სოსო მატკავამ პრაღიდან მირჩია, “თენგიზ, დაიძახეთ უნგრულად “ჰაირა, ჯორჯია” და უნგრელი მაყურებლები აგყვებიან”. ასეც მოხდა - მეორე პერიოდში მე და ჩვენმა ერთმა თანამემამულემ  გავიძახეთ უნგრულად ეს ფრაზა და იმავე წუთს აენთო რამდენიმე ადგილობრივი ფანი, მათ შორის გოგონები. ისინი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ქართველ ფანების დაახლოებით 15-20 კაციან ჯგუფთან (ჩვენები სხვადასხვა ადგილზე ისხდნენ, თაკარა მზეს ემალებოდნენ) ერთად აქტიურად უჭერდნენ მხარს ჩვენ ნაკრებს.

საბერძნეთის ნაკრებს საკამოდ ბევრი ქომაგი ჰყავდა, თუმცა ჯამში, უნგრელების მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები უფრო აქტიურები იყვნენ.  მაყურებელთა უმეტესობის სიმპათია საქართველოს ნაკრებისადმი იყო, თუმცა თავად აუზში ბერძნების უპირატესობა აშკარა იყო. ჩვენი გუნდი ბოლომდე იბრძოდა და ცდილობდა მაქსიმალურად შეემცირებინა ანგარიში, თუმცა საბოლოო შედეგი 6:15 დაფიქსირდა.

თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ისელიძემ გვითხრა:  “ბიჭებმა იბრძოლეს ბოლომდე. რასაკვირველია, ვიცოდით, საბერძნეთის ნაკრებთან გაგვიჭირდებოდა თანაბარი თამაში, მაგრამ ასეთ შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილების შეძენის თვალსაზრისით. ეს აუცილებელია გუნდის მომავლისათვის. რაც შეეხება ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებულ ორ თამაშს, მინდა აღვნიშნო, რომ უფრო მეტს ველით ჩვენი ლეგიონერებისგან. მათ აქვთ პოტენციალი, რომ მოუმატონ თამაშს და ამით გააძლირონ გუნდი. ჯერჯერობით ლეგიონერებიდან ყველაზე სტაბილურად თამაშობს მარინო ფრანიჩევიჩი, იმედია, სხვებიც მოუმატებენ, მათ აქვთ საამისო პოტენციალი”.

ჩვენი გუნდი შემდეგ შეხვედრას 17 ივლისს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ეს მატჩი თბილისის დროით 13:30 დაიწყება.

 

თენგიზ პაჭკორია, ბუდაპეშტიდან სპეციალურად  www.worldsport.ge-სთვის  

ხათუნა გაბიტაშვილის ფოტოები  

0.195603