1988 წლის ბოლოს, მოსკოვში, "დინამოს" ცენტრალურ საბჭოში, საქართველოს, ბელარუსის, მოსკოვის (რუსეთის) და უკრაინის "დინამოს" რესპუბლიკური საბჭოს ხელმძღვანელები და თბილისისა და კიევის "დინამოს" მწვრთნელები დავით ყიფიანი და ვალერი ლობანოვსკი შეიკრიბნენ. შეხვედრა სპორტსაზოგადოება "დინამოს" ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარე პიოტრ ბოგდანოვსა და მის პირველ მოაგილეს, ფეხბურთის კურატორ ვალერი სისოევს მიჰყავდათ.
სწორედ იმ შეხვედრისას სპორტსაზოგადოების სტრუქტურული ცვლილება გადაწყდა. ოთხივე საფეხბურთო კლუბ "დინამოს", რომლებიც სსრკ უმაღლეს ლიგაში თამაშობდნენ, პროფესიული კლუბების სტატუსი მიენიჭა. კლუბების ბიუჯეტი და დაფინანსების წყარო, როგორც ყველაფერი იმ პერიოდში, გასაიდუმლოებული იყო. საფეხბურთო კლუბს სამეურნეო საქმიანობით ინახავდნენო და ცნობილია, რომ საქართველოში სპორტსაზოგადოება "დინამოს" ტრიკოტაჟისა და უქსოვადი მასალების ფაბრიკები ეკუთვნოდა.
1989 წლის დასწყისში კი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის რეკომენდაციით, პროფესიულ საფეხბურთო კლუბ "თბილისის დინამოს" პრეზიდენტად საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორი ოთარ წეროძე დაინიშნა. რადგანაც წეროძე უჩინო გახლდათ, ვიცე-პრეზიდენტის პოსტი პოლკოვნიკ ვალერი ჩოლარიას უბოძეს, რომელიც იქამდე "დინამოს" რესპუბლიკური საბჭოს სპორტის სამმართველოს უფროსი გახლდათ.
1989 წლის შემოდგომაზე თბილისის "დინამომ", საბჭოთა კავშირის ახალი ჩემპიონატისთვის მზადება უკვე პროფესიული კლუბის სტატუსით დაიწყო. გუნდი რამდენიმე უცხოურ შეკრებაზე გაემგზავრა და წეროძემ და ჩოლარიამ, კიეველ, მოსკოველ და მინსკელ თანაკლუბელებს შორის პირველებმა, კლუბის ტექნიკურ სპონსორად სპორტული სამოსის მწარმოებელი ცნობილ გერმანულ კომპანია "პუმა" შეიგულეს. "პუმას" "დინამო" სამოსით უსასყიდლოდ, მხოლოდ საკუთარი ნაწარმის რეკლამირებისთვის უნდა მოემარაგებინა. მაშინ ეს უჩვეულო და დიდი ამბავი გახლდათ.
საინტერესოა, რომ სწორედ იმ უცხოური შეკრებისას თბილისელთა მწვრთნელის დავით ყიფიანის კონსულტანტად მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი დამრიგებელი, აწ გარდაცვლილი კონსტანტინ ბესკოვი დანიშნეს. მოგვიანებით კი "დინამოს" მწვრთნელის პოსტზე ყიფიანი სწორედ ბესკოვს უნდა შეეცვალა...
1990 წლის ზამთარში ქართული ფეხბურთი საკავშიროსას გამოეყო, "დინამო" ეროვნულ ჩემპიონატში ოთარ წეროძის, ვალერი ჩოლარიასა და მწვრთნელ დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით ჩაერთო. 1991 წლის ბოლოს კი ჩოლარია სამუშაოდ მოსკოვში წავიდა, ყიფიანი - კვიპროსზე. "დინამო" ბედის ანაბარა დარჩა, სპორტსაზოგადოება "დინამოს" რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე კი ჯიმი მიქელაძე ვლადიმერ ისელიძემ შეცვალა. მაშინდელი ამბების გასარკვევად “მსოფლიო სპორტი” წარსულში ცნობილ წყალბურთელს, ამჟამად კი საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმერ ისელიძეს ესაუბრა.
- ბ-ნო ვოვა, იმ დროს თქვენ უშუალოდ მონაწილეობდით “დინამოს” ბედის განსაზღვრაში...
- დიახ. 1991 წლის 1 იანვარს დავინიშნე სპორტსაზოგადოება “დინამოს” თავმჯდომარის მოადგილედ. საერთოდ, სიმბოლურად, თავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, რეალურად კი გუნდის ხელმძღვანელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. ფეხბურთელებს თავისი პრეზიდენტი - მაშინ ოთარ წეროძე - ჰყავდათ და ისინი ჩვენთან ანგარიშვალდებული იყვნენ. ისე, ფინანსურად უკვე ვეღარ ვეხმარებოდით, რადგან ფიზიკურად არ გვქონდა. საკუთარ თანამშრომლებსაც ძლივს ვუხდიდით ხელფასს.
ამ დროს “დინამო” მძიმე კრიზისში იყო, ხელფასებს ვერ იღებდნენ, კვება არ უვარგოდათ. გუნდიLლამის დაშლის პირას იყო მისული. ოთარ წეროძემ დაგვაკავშირა ფირმა “ვესტასთან.” მაგრამ, თუ ხელშეკრულებას გავაფორმებდით, მხოლოდ სახელი “დინამო” გვრჩებოდა. დანარჩენი - ბაზა, ფეხბურთელები, მოკლედ ყველაფერი, მათ მფლობელობაში გადადიოდა. თხოვნაზე, ”დინამოსთვის” რაღაც წილი მაინც დაეტოვებინათ, უარი გვითხრეს. დავრჩით ისევ საკუთარი თავის იმედად, თუმცა პოტენციური მეპატრონის ძებნას კვლავ ვაგრძელებდით.
ამასობაში, გამოჩნდა საავიაციო კომპანია “აირზენა,” რომლის ხელმძღვანელებმაც სიტყვიერად ყოველმხრივი დახმარება აღგვითქვეს, მაგრამ დრო გადიოდა, დაახლოებით 6 თვის განმავლობაში არავინ შეგვხმიანებია, არადა დინამოელთა მთავარი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი თითქმის ყოველდღეE მოდიოდა ჩემთან, რამე გვიშველეთო. შემდეგ რეზომ თავად შემომთავაზა: არის ასეთი ფირმა - “ბერმუხა” და ყოფილი, საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი მერაბ ჟორდანია, რომელსაც უცხოეთშიც კარგი კავშირები აქვს და საქმეც იცის. ვცადოთ, იქნებ სწორედ ეს იყოს გამოსავალიო. გადავწყვიტეთ, მათთან გვეთანამშრომლა. მოკლედ, “ბერმუხა” “დინამოში” თავისი ფინანსებით შემოვიდა. სხვათა შორის, პირობა კაცურად შეასრულეს და პრობლემებიც მალევე მოგვარდა. ფეხბურთელებიც ძალიან კმაყოფილი იყვნენ. ფირმის ხელმძღვანელი მერაბ რატიანი გახლათ, მასთან იყვნენ მერაბ ჟორდანია, რომიკო შოთაძე, ნუკრი კაკილაშვილი და ლერი სულაბერიძე. პრეზიდენტად კი ჟორდანია დაინიშნა. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანებმა მაშინ “დინამო” გადაარჩინეს. ზედიზედ რამდენჯერმე მოვიპოვეთ ქვეყნის ჩემპიონობა და თასი, მოსკოვში ესენგეს ტურნირი მართალია არ მოგვიგია, მაგრამ იქაც საკმაოდ წარმატებით ვითამაშეთ. მოკლედ, ყველაფერი კარგად იყო.
ამ თანამდებობაზე 1994 წლამდე ვიყავი და მერე შსს-ში გადავედი სამუშაოდ. ახლა დეტალურად ვერ გეტყვით შემდეგ რა ხდებოდა.
- ვიცით, რომ “დინამოს” საბჭოს წილობრივად მაშინ 10% დაუტოვეს.
- დიახ, “დინამოს” 10% ეკუთვნოდა. შესაძლოა ამიტომ, ეგებ სხვა რამის გამო, მაგრამ ფაქტია, რომ ვითარება ნელ-ნელა აირია. შსს-ში გარკვეულ ადამიანებს ასეთი წილობრივი მდგომარეობა არ მოსწონდათ, ვიღაცეებს კიდევ საკუთარი ინტერესები გაუჩნდათ და ბოლოს როგორც დამთავრდა ეს ყველაფერი, კარგად ვიცით. ამ დროს მე უკვე გუნდთან უშუალო შეხება აღარ მქონდა. არც იურისტი გახლავართ, რომ ფაქტს სამართლებრივი შეფასება მივცე, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით, ამ ბიჭებს კლუბი უკანონოდ ჩამოართვეს. მათთვის არავის არაფერი უკითხავს, ისე გაასხვისეს.
ასეთი იყო ბ-ნი ვოვას პასუხები. მოვლენები კი შემდგომში ასე განვითარდა: ეროვნულ ჩემპიონატში 2000-2001 წლების სეზონი საფეხბურთო კლუბმა “თბილისის დინამომ” დაიწყო, ხოლო ჩემპიონატის მეორე წრიდან მონაწილეობა უკვე "დინამო თბილისმა" განაგრძო და სეზონიც ამავე კლუბმა ჩაამთავრა. არადა, "დინამო თბილისი", თურმე, 2001 წლის მარტში დარეგისტრირდა, არც "თბილისის დინამოსთან" აკავშირებდა სამართლებლივი ურთიერთობა და არც ამ კლუბის უფლებამონაცვლეს წარმოადგენდა. იმ სეზონის საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე განაცხადი მხოლოდ საფეხბურთო კლუბ "თბილისის დინამოს" ჰქონდა წარდგენილი, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი ხელმძღვანელობის გულგრილობის გამო "თბილისის დინამოს" ადგილი "დინამო თბილისმა" დაიკავა. 2001 წელს შექმნილი კლუბის ხელში აღმოჩნდა ასევე "თბილისის დინამოს" უძრავ-მოძრავი ქონებაც.
მოგეხსენებათ, მერაბ რატიანმა და ფიზკულტურულ-სპორტულმა კლუბმა “დინამომ” სფფ-ში წერილი შეიტანეს, რომელშიც სწორედ ამ საქმის გამოძიებას ითხოვენ. გასულ ოთხშაბათს ფედერაციის აღმასკომმა იმსჯელა და ეს საკითხი იურიდიულ კომიტეტს გადასცა, რომელიც შეისწავლის ვითარებას, კონკრეტულ პიროვნებებს დაელაპარაკება და 15 სექტემბრამდე დადებს დასკვნას. როგორც ჩანს, ბოლოს ეს საქმე მაინც სასამართლომდე მივა.
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტოები