ვარშავის “ლეგიას” ფორვარდმა ვლადიმერ დვალიშვილმა, რომელმაც კვირას პოლონეთის ექსტრაკლასაში “პიასტთან” მატჩში (4:1) დუბლი შეასრულა, განაცხადა, რომ პირველი გოლის გატანით გამოწვეული ემოცია სარეკლამო ბანერზე ფეხის დარტყმით გამოხატა.
“პირველი გოლის გატანის შემდეგ, ფეხი სარეკლამო ბანერს მივარტყი და ჩემი ემოციები ამით გამოვხატე. მე შემიძლია გუნდს დავეხმარო და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თითოეულ შეხვედრაში უნდა დავამტკიცო, რომ ფეხბურთის თამაში შემიძლია. თავდამსხმელი ვარ და გოლების გატანა ყოველთვის მსურს. ეს ჩემი სამუშაოა. ახლა 2 მნიშვნელოვანი თამაში გველის ევროპის ლიგაში “ტრაბზონსფორთან” და პოლონეთის ჩემპიონატში “ლეხთან”. მინდა რომ ამ მატჩებში ერთი გოლი მაინც გავიტანო”- იუწყება დვალიშვილის სიტყვებს ინტერნეტპორტალი Sport.pl-ი.
“ლეგიას” მთავარმა მწვრთნელმა იან ურბანმა დვალიშვილის შესახებ ასეთი რამ განაცხადა:
“ჩვენ ყველას მოგვიწია ლადოსთვის პრეტენზიების გამოთქმა, რადგან მისი მთავარი ამოცანა გოლების გატანაა. “პიასტთან” თამაში მისთვის სამაგალითო უნდა იყოს. მან უნდა გაიტანოს, რადგან ახლა თავდასხმაში არჩევანი არ გვაქვს”.