ევრობასკეტ-2015-ის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრამ საქართველოს ნაკრები ჩეხეთის, უნგრეთისა და პორტუგალიის ნაკრებ გუნდებთან ერთად E ჯგუფში გაამწესა.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2015-ის ფინალურ ტურნირზე თითოეული ჯგუფის გამარჯვებულთან ერთად 7 ჯგუფის 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის, ყველაზე ცუდი შედეგის მქონე ერთ მეორეადგილოსანს კი სახლში დარჩენა მოუწევს.
ყველაზე რთული B ჯგუფია (ჩერნოგორია, ისრაელი, ბულგარეთი, ჰოლანდია). ფავორიტი ჩერნოგორიაა. მე-2 ადგილისთვის ბრძოლის უკეთესი შანსი ბულგარეთსა და ისრაელს აქვს. სიურპრიზის შემოთავაზება ჰოლანდიასაც შეუძლია, რომელმაც ევრო-2013-ის შესარჩევი ტურნირის ერთ შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე ჩვენ ნაკრებს მოუგო.
მართალია, საქართველო, სხვებისგან განსხვავებით, შედარებით სუსტ ჯგუფში მოხვდა, მაგრამ ზედმეტი თვითდაჯერების უფლება ნამდვილად არ გვაქვს. ევრობასკეტ-2013-ის ფინალურ ტურნირზე ჩეხეთთან დიდი ანგარიშით დავმარცხდით. მართალია, უნგრელებთან აქამდე ოფიციალური შეხვედრა არ გვქონია, მაგრამ ამხანაგურებში ჩვენთან მეტი მოგება აქვს, ვიდრე წაგება. პორტუგალია აუტსაიდერია, მაგრამ შეუფასებლობას არც ეს გუნდი გვაპატიებს.
თუ შესარჩევი ტურნირის მსვლელობისას საქართველოს ნაკრების ყველა წევრი ფორმაში იქნება და იგორ კოკოშკოვზე უკეთესი მწვრთნელი გვეყოლება, ამ ნაკრებით, შესარჩევ ტურნირზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უფრო დიდი მიზნებისთვის შეგვიძლია ვიბრძოლოთ.
აღნიშნული კენჭისყრის შესახებ კომენტარის გაკეთება ვეტერან კალათბურთელ ვლადიმერ ბოისას ვთხოვეთ, რომელიც ამჟამად საქართველოს ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთ ვიცე- პრეზიდენტად მუშაობს კახა შენგელიასთან ერთად.
- ევრობასკეტ-2015-ის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრით კმაყოფილი დარჩით?
- ცუდი ჯგუფი ნამდვილად არაა და ევრობასკეტ-2015-ის ფინალურ ტურნირზე მოხვედრის კარგი შანსი გვაქვს. ამ ყველაფრის მიუხედავად, თვითდამშვიდების უფლება ნამდვილად არ გვაქვს. ლუქსემბურგისგან განსხვავებით, რომელიც მოყვარული კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული, ევრობასკეტ-2015-ის შესარჩევ ტურნირში ყველა ნაკრები პროფესიონალი კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული და უყურადღებო თამაშს არავინ გვაპატიებს.
- იყო დრო, როცა ჩვენი ნაკრები ისლანდიასთან და ლუქსემბურგთანაც კი აგებდა. თქვენ, როგორც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი გამოცდილი წევრი, რით ახსნით აღნიშნული თამაშების წაგებას?
- მწვრთნელების შეფასებისგან თავს შევიკავებ. ლუქსემბურგსა და ისლანდიას მწვრთნელის გარეშეც უნდა მოუგო. აღნიშნულიდან გამომდინარე, წაგება კალათბურთელთა დაუდევრობის ბრალი იყო. მეტოქე სათანადოდ ვერ შევაფასეთ.
- რადგან მწვრთნელზე ჩამოვარდა სიტყვა, თუ შეიძლება, გვიპასუხეთ, იგორ კოკოშკოვს კონტრაქტი უკვე დაუმთავრდა, ნაკრებს ისევ სერბი გაუძღვება თუ ახალი მწვრთნელი ეყოლება?
- ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეგახსენებთ: “15 მარტს გვეცოდინება, ეროვნულ ნაკრებს კვლავ იგორ კოკოშკოვი უხელმძღვანელებს თუ სათავეში ახალი სპეციალისტი ჩაუდგება”.
- თქვენ როგორ შეაფასებთ ჩვენს ნაკრებში კოკოშკოვის მუშაობას. მიზანშეწონილად მიგაჩნიათ მისთვის კონტრაქტის გაგრძელება?
- კოკოშკოვისთვის კონტრაქტის გაგრძელება მარტო ჩემი გადასაწყვეტი არაა.
- ბესიკ ლიპარტელიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვლადიმერ ბოისას აქტიური სპორტთან საზეიმო გაცილებას მოვუწყობთო. ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას ამ თემაზე ხომ არაფერი უთქვამს?
- ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.
- თუ შეიძლება, მოკლედ გვიამბეთ თქვენ შესახებ.
- დავიბადე 1981 წლის 4 ივლისს ქალაქ რუსთავში. მყავს მეუღლე და ორი შვილი (გოგო-ბიჭი). ეროვნული ნაკრების გარდა, საკლუბო დონეზე ვთამაშობდი: “აზოტი”, “ვითა”, “არმია” (ყველა საქართველო), “სლოვანი”, “ჰოსტოინა”, “ოლიმპია”(სამივე სლოვენია), “სიენა” (იტალია), “სპარტაკი” ვლადივოსტოკი (რუსეთი), არისი”, “პანიონისი” (ორივე საბერძნეთი), “ზადარი” (ხორვატია), “მენორკა” (ესპანეთი). ამჟამად ვარ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
- როგორც ვიცე-პრეზიდენტს, რა გევალებათ კალათბურთის ფედერაციაში?
- უცხოეთიდან ჩვენთვის მისაღები პროექტებისა და სიახლეების გადმოტანა და დანერგვა. ინფორმაციების მოპოვება იმ უცხოელ მწვრთნელებზე, რომლებიც ჩვენი ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატები არიან.
- ამჟამად ვინ არიან ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატები?
- მაგ საკითხზე პასუხისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ.