უეფას ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, არნემის “ვიტესმა”, სადაც გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია ირჯებიან, სტუმრად რუმინეთის “პეტროლულთან” 1:1 ითამაშა.
კაშიამ გუნდს შეუცვლელად უკაპიტნა და 73-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მის მსგავსად, ყაზაიშვილმაც მოედანზე 90 წუთი დაჰყო. ჭანტურია შეცვლაზე 24-ე წუთზე შევიდა. აქვე გეტყვით, რომ მისი დისკვალიფიკაცია ევროთასებზე არ ვრცელდება.
“ვიტესი” თამაშს 52-ე წუთზე ჯონათან რეისის მიერ გატანილი პენალტით იგებდა, ხოლო მასპინძლებმა ანგარიში 84-ე წუთზე გეორგე გროზავის გოლით გაათანაბრა.
აგდამის “ყარაბაღმა”, რომელშიც ნიკა გელაშვილი გამოდის, შინ სვედურ “გეფლეს” 1:0 აჯობა. ქართველი თავდასხმელი აზერბაიჯანელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, რამდენიმე ხელსაყრელი მომენტიც ჰქონდა და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. მატჩის ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე რეინალდომ გაიტანა.
ლატვიურმა “ვენტსპილსმა”, რომლის ღირსებასაც თორნიკე თარხნიშვილი იცავს, თავის მოედანზე ჰაიფას “მაკაბის” ვერ მოუგო – 0:0. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 83-ე წუთზე გამოჩნდა.
ყაზანის “რუბინმა”, სადაც სოლომონ კვირკველია ირიცხება, გასვლაზე დანიურ “რანდერსს” 2:1 მოუგო. კვირკველია სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია.