არნემის “ვიტესმა” შინ 1:2 წააგო ფილიპ კოკუს გაწვრთნილ პსვ-სთან. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი 69-ე წუთზე შევიდა მინდორზე. ყაზაიშვილს 10 წუთში იდეალური მომენტი შეექმნა, ხელს არავინ უშლიდა და დაახლოებით 10 მეტრიდან ააცილა. “ვიტესი” ბოლოს გამუდმებით უტევდა, თუმცა გათანაბრება ვერ მოახერხა. შეხსენებისთვის, არნემელებმა პირველ წრეში პსვ-ს გასვლაზე 6:2 მოუგეს. “ვიტესი” მეორე ადგილზე დარჩა, თუმცა კვირას “ტვენტე” თუ მოიგებს, ქულებით გაუთანაბრდება.
უკრაინაში “დნიპრომ” შინ 3:0 სძლია “სევასტოპოლს” და მეორე ადგილზეა. დნეპროპეტროვსკელები 3 ქულით ჩამორჩებიან “შახტარს”. ჯაბა კანკავა სასტარტოში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. უჩა ლობჟანიძე განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია, ხოლო სანდრო კობახიძე სკამზეც არ გახლდათ.
“სევასტოპოლიდან” მათე ღვინიანიძემ 90 წუთი ითამაშა, ხოლო დავით დარციმელია განაცხადში არ იყო – მან გუშინ დეუბლებში ითამაშა. “სევასტოპილი” მეთერთმეტე პოზიციაზეა.