ფეხბურთი

15:46 | 16.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვისენტე დელ ბოსკე: “ჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე არ გავსულვართ, 3 მატჩი გვაქვს მოსაგები”

ვისენტე დელ ბოსკემ, რომელსაც 2011 წლის თებერვალში, ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-მა მარკიზის წოდება მიანიჭა, “იზვესტიასთან” საუბარში გაანცხადა, რომ ესპანეთის ნაკრები ბოლო გუნდი იქნება, სადაც ის მწვრთნელად იმუშავებს.

- იმის შემხედვარე, თუ როგორ მუშაობდით მადრიდის “რეალში” და როგორ მუშაობთ ესპანეთის ნაკრებში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თქვენი მთავარი პრინციპია ფეხბურთელებს ხელი არ შეუშალოთ: ისინი თავად გააკეთებენ ყველაფერს, რაც საჭიროა და გაიმარჯვებენ.

- მადრიდის “რეალში” გატარებული 18 წლის შემდეგ, პროფესიულ ფეხბურთში დარჩენას არ ვფიქრობდი. “რეალის” ახალგაზრდულ გუნდებთან ვმუშაობდი და ნიჭიერ ბიჭებს ვავარჯიშებდი. თუმცა, შემდეგ პროფესიული კლუბის მწვრთნელი გავხდი. თუ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, როგორც თქვენ მითხარით... ე. ი. არცთუ ცუდად გამომდის. მე ხომ იქიდან გამოვდივარ, თუ როგორ შეუძლია მოთამაშეს მოედანზე და გუნდში თავის გამოვლენა. სწორედ ამ ცოდნის არსენალით ვმუშაობ. გარდა ამისა, მწვრთნელი გასახდელში “მიღებული” კაცი უნდა იყოს, რომელიც ფეხბურთელებისთვის უცხო არ არის და მათთან მეგობრობს. შეიძლება ითქვას, რომ ხელს არ ვუშლი. თუმცა, გადაწყვეტილებებს თავად ვიღებ და ფეხბურთელებთან მათი მიტანა ჩემი ვალდებულებაა. ასევე, მათ შესრულებას მოვითხოვ. სხვაგვარად არ შეიძლება.

- მთელმა მსოფლიო იცის, როგორ თამაშობს ესპანეთის ნაკრები. თქვენი ჯობნა არავის შეუძლია. რატომ?

- დიახ, ერთ და იგივე სტილში რამდენიმე წელიწადია ვთამაშობთ. რატომ უნდა შეცვალოთ, როდესაც ამ სტილს წარმატება მოაქვს? რა თქმა უნდა, ფეხბურთში მოედანზე მოძრაობის ბევრი ვარიანტი და სქემა არსებობს, ხოლო ჩვენ სხვაგვარად თამაშიც შეგვიძლია. თუმცა, პირველ ყოვლისა, იმ მოთამაშის შესაძლებლობებს ვითვალისწინებ, რომელთანაც ვმუშაობ და მის გარდაქმნას არ ვცდილობ. ბოლო წლებში ჩვენი ყველა ასაკობრივი ნაკრები ისე თამაშობს, როგორც ეროვნული გუნდი.

- ეროვნულ გუნდთან კონტრაქტი 2014 წელს, ბრაზილიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გეწურებათ. წერტილის დასმა გადაწყვიტეთ? ფიქრობთ, რომ მეორე მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ, მესამეს ვეღარ მოიგებთ?

- მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯერ არ გავსულვართ, მისი საგზური მოსაპოვებელი გვაქვს. ავანსების გაცემა არ მახასიათებს: ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი გვაქვს, მაგრამ ვიდრე სამუშაო 100 პროცენტით შესრულებული არაა, არ შეიძლება თქმა, რომ ის შესრულებულია.

- ამჟამად ესპანეთი ჯგუფში პირველ ადგილზეა. ბრაზილიის საგზური უკვე გარანტირებულად შეიძლება ჩაითვალოს?

- არა, ჯერ კიდევ 3 მატჩი გვაქვს მოსაგები.

- არცთუ რთული. სრულიად ნათელია, რომ ორ მატჩში, ფინეთთან და საქართველოსთან, ესპანეთი საჯარიმოში “ავტობუსს” შეეჯახება. თქვენ ხომ გაქვთ მისი კარის “გახსნის” რეცეპტი?

- ცხადია, ამ თემაზე გარკვეული მოსაზრება მაქვს, მაგრამ ყველა იდეის განხორციელებაა საჭირო. თუ ხსენებული გუნდები დაცვიდან თამაშს ამჯობინებენ, ბურთის ფლობისა და დომინირების საშუალებას მოგვცემენ, მაშინ, ვფიქრობ, მათ მოვუგებთ.

- მაინც, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორედ მოგებაზე რას ფიქრობთ?

- ზედიზედ ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება არა უბრალოდ რთულია, არამედ, წარმოუდგენლად რთულია.

- თუმცა, 1958 და 1962 წლებში ბრაზილიის ნაკრებმა მოახერხა...

- ჩვენც შევეცდებით (იღიმის).

- თქვენი აზრით, მაშინ უნდა წახვიდე, როდესაც აღმავლობას განიცდი, თან ტიტულები გაქვს და არა იმ შეგრძნებით, რომ ყველაფერი კარგი წარსულს ჩაბარდა და ახალს ვერაფერს მოიგებ?

- პირველ ყოვლისა, უნდა შეგძელოს, გაკეთებულზე პასუხი აგო და დაპირება შეასრულო. წასვლა... რა ახსოვს თანამედროვე გულშემატკივარს მატჩისგან? ათეული მომენტი პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმის ბოლო 10 წუთი. შეიძლება, საწყისი ნახევარი საათი არაშთამბეჭდავად ჩაატარო, მაგრამ ბოლო წუთებზე გაიბრწყინო და ყველა ჩათვლის, რომ საუცხოო მატჩი ჩაატარეთ. ასე არის კარიერაშიც: ფინალს უმაღლეს წერტილზე უნდა მიუახლოვდე.

- ნაკრებთან კონტრაქტი რომ დაგიმთავრდებათ, მხოლოდ 64 წლის იქნებით...

- არავითარ შემთხვევაში! მე ხომ დეკემბერში ვარ დაბადებული და ამიტომ, კონტრაქტი რომ დამიმთავრდება, 63 წლის ვიქნები (იცინის).

- ესპანეთში საპენსიო ასაკი 65 წლიდან განისაზღვრება და შესაძლოა, ის კიდევ უფრო გაზარდონ. რით დაკავდებით, ვიდრე პენსიაზე გახვალთ?

- ვნახავ რამეს, რაც გარკვეულ შემოსავალს მომიტანს (იღიმის).

- დათანხმდებით, რუსეთის ნაკრების გაწვრთნა რომ შემოგთავაზონ?

- არა. მეტი არავითარი ნაკრებები და კლუბები. ესპანეთის ნაკრები ჩემი ბოლო გუნდია. გუნდში 2014 წლამდე ვიმუშავებ, 2015-მდე თუ 2018-მდე... მნიშვნელობა არ აქვს. ამაზე ვამთავრებ.
- “რეალში” თამაშობდით, “რეალს” წვრთნიდით, ხოლო ამჟამინდელი ნაკრების ბაზა საბაზო გუნდი “ბარსელონაა”...

- უბრალოდ, მე საუკეთესოებს ვიწვევ და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ გუნდში თამაშობს. “რეალიდან” მეტი ფეხბურთელის მიწვევა რომ მინდოდეს, მაინც არ გამომივა. იქ ხომ ცოტა ესპანელია – კასილიასი, რამოსი, ალბიოლი, არბელოა და ჩაბი ალონსო. სათანადო დონის სხვა ესპანელი ფეხბურთელი არ არის. კლუბი აქცენტს ხომ უცხოელ შემსრულებლებზე აკეთებს: მარსელო, კოენტრაუ, ხედირა, რონალდუ, იგუაინი, დი მარია, პეპე. ჩემთვის არჩევანის კრიტერიუმი სპორტსმენის უბრალო თვისებაა: კარგი მოთამაშეა ის თუ ცუდი. ეს შერჩევის ერთადერთი პრინციპია. რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის კლუბის დასახელებას, რომელშიც ფეხბურთელი თამაშობს? ბარსელონელები... ისინი ხომ თავის კლუბშიც იგივე სტილში თამაშობენ, როგორსაც ნაკრები ქადაგებს.

- სახელგანთქმული ესპანური ტიკი-ტაკა... ახლა მის ავტორობას ბევრი იჩემებს. ლუის არაგონესი ამტკიცებს, რომ ნაკრები 2008 წელსაც ასე თამაშობდა...

- თუმცა, არაგონესი ხომ არ ამბობს, რომ ეს მან მოიგონა? ამას ყველაფერს ჟურნალისტები საუბრობენ.

- საფრანგეთი-ესპანეთის მატჩში ვიქტორ კაშაის მსაჯობით კმაყოფილი ხართ? თქვენი აზრით, იყო პენალტი, როდესაც პედრო მასპინძელთა მეკარესთან შეჯახების დროს წაიქცა?

- თუ ჩემს მიერ ადრე მიცემულ ინტერვიუებს მოიძიებთ, ვერცერთში ნახავთ, მსაჯებს ვსაყვედურობდე ან მათ შესახებ საერთოდ ვსაუბრობდე.

- ესპანურ კლუბებს კარგი საფეხბურთო სკოლები აქვთ, სადაც საუცხოო ოსტატებს ამზადებენ. მსოფლიო და ევროპულ ფეხბურთში ესპანური ფეხბურთის ჰეგემონია სამუდამოა?

- ყოველთვის გამარჯვება შეუძლებელია. თუმცა, საუკეთესოებში ყოფნა შესაძლებელია. ვერ ვხედავ მიზეზს იმისა, რომ უახლოეს მომავალში ლიდერების სიაში აღარ ვიყოთ. ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები თავის დონეზე კარგად გამოიყურებიან, პირველ ნაკრებში მისულებიც არ იკარგებიან. ესპანეთის ასაკობრივი ნაკრებები ნებისმიერი მასშტაბის ტურნირზე გამარჯვების პრეტენდენტები არიან. თუმცა, შეცდომების ან უიღბლობის გამორიცხვა არ შეიძლება.

 

თეგებიდელ ბოსკე
0.117104