ევროპის ლიგის ფლეი ოფები სენსაციებით დაიწყო. ძლიერი ევროპული კლუბები რომ ამ ტურნირს დიდად არ სწყალობენ, ეს სიახლე არაა, მაგრამ ის რაც ნეაპოლსა და მადრდში მოხდა, ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს. იტალიის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა, “ნაპოლიმ”, საკუთარ კედლებში, პლზენის “ვიქტორიასთან” 0:3 წააგო, ხოლო მოქმედი ჩემპიონი “ატლეტიკო”, რომელსაც შინ ქულები ბოლოს გასულ სეზონში ჰქონდა დაკარგული, მადრიდში, “რუბინთან” 0:2 დამარცხდა.
“ნაპოლისა” და “ვიქტორიას” შორის გამართულ შეხვედრაში მასპინძელი გუნდი გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ “სან პაოლოზე” შეკრებილი გულშემატკივარი შინ შერცხვენილი დაბრუნდა. ჩეხებმა ანგარიში 28-ე წუთზე, საჯარიმოს წინა ხაზიდან დარიდას ზუსტი დარტყმით გახსნეს. 79-ე წუთზე, საკუთარ საჯარიმოში, ზუნიგამ უხეში შეცდომა დაუშვა რაიტორალმა ნეაპოლელი გულშემატკივარი შოკში ჩააგდო. დაახლოებით 10 წუთში, “ვიქტორიამ” შემდეგი ეტაპის საგზური ფაქტობრივად გაინაღდა. ფილოს გადაცემის შემდეგ, ტეცლი თამაშგარე მდგოამრეობაში კი იმყოფებოდა, მაგრამ არბიტრმა ეს ვერ შეამჩნია და ჩეხურმა გუნდმა თამაში ისეთი ანგარიშით მოიგო, როგორსაც კლუბის ვერცერთი გულშემატკივარი ვერც კი ინატრებდა.
ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, დიდი ალბათობით, წინა გათამაშების გამარჯვებული ევროპის ლიგასაც დატოვებს. “რუბინთან”, საკუთარ კედლებში, მადრიდის “ატლეტიკომ” ძალიან ცუდი თამაში ჩაატარა. ყაზანელებმა ანგარიში მე-6 წუთზე გახსნეს, როდესაც თანაგუნდელის დარტყმისა და ასენხოს არცთუ კარგი თამაშის შემდეგ, ბურთს მასპინძელთა კარში ადგილი კარადენიზმა მიუჩინა. პირველი ტაიმის მიწურულს, შარონოვმა მე-2 ყვითელი ბართი მიიღო და “რუბინი” რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. ამით ვერ ისარგებლა “ატლეტიკომ”, რომელმაც მე-2 ტაიმში რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი კი შექმნა, მაგრამ გოლი თავად გაუშვა. მიმდინარეობდა არბიტრის მიერ დამატებული მე-4 წუთი, როდესაც მასპინძლები სტანდარტს ასრულებდნენ და ასენხო მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა. ყაზანელებმა ბურთი მოიგერიეს და ცარიელი კარის წინ აღმოჩენილმა ორბაისმა ჩემპიონი თითქმის გამოუვალ სიტუაციაში ჩააგდო.
ყველაზე დრამატული შეხვედრა “გლადბახსა” და “ლაციოს” შორის გაიმართა. გერმანელებმა პირველი ტაიმი მოიგეს, მაგრამ 64-ე წუთზე, წინ უკვე იტალიელები იყვნენ. 70-ე წუთზე, შტრანცლმა თერთმეტმეტრიანი გააცუდა და ხელიდან დუბლის შესრულების შანსი გაუშვა. 84-ე და 88-ე წუთებზე, მისმა თანაგუნდელებმა 2-ჯერ გაიტანეს და თითქოს “გლადბახს” მოაგებინეს, მაგრამ მე-4 დამატებულ წუთზე, კოზაკმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშად 3:3 დააფიქსირა.
“ლივერპულის” სანკტ პეტერბურგში წაგებას მოულოდნელობას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. მერსისაიდელებს ცუდი დროება უდგათ, ხოლო “ზენიტი” საკმაოდ კარგი გუნდია, რომელიც საკუთარ კედლებში ფავორიტად ითვლებოდა. ლუჩანო სპალეტის შეგირდებმა “ლივერპულს” 2 გოლი გაუტანეს და ეს სამწუთიან მონაკვეთში მოახერხეს. 69-ე წუთზე, ანგარიში ჰალკმა გახსნა, რომელმაც დაახლოებით 25 მეტრიდან, რეინას აუღებელი დაურტყა. მალევე, სტუმართა მცველების შეცდომის წყალობით, თავი სემაკმაც გამოიჩინა.
დღის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ლონდონში გაიმართა, სადაც “ტოტენჰემმა” “ლიონს” უმასპინძლა. “დეზები” მოგებას გარეთ ბეილს უნდა უმადლოდნენ, რომლებმაც ტაიმების მიწურულს 2 საჯარიმო დარტყმა აქცია გოლად. თუმცა, შეხვედრის მშვენება 55-ე წუთზე, უმტიტის მიერ გატანილი გოლი იყო. ფრანგმა მარცხენა მცველმა, საჯარიმოს კუთხიდან, შორეულ “ცხრიანში” ისეთი ტრაექტორიით დაარტყა, რომ ამ ეპიზოდის ცქერის სიამოვნება საკუთარ თავს ვერც მასპინძელთა მეკარემ მოაკლო.
ევროპის ლიგა მოგებით დაიწყო კიდევ ერთმა ინგლისურმა გუნდმა. ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების გამარჯვებული ლონდონის “ჩელსი” პრაღას სტუმრობდა. ადგილობრივი “სპარტა” “არისტოკრატებმა” ოსკარის მიერ შეხვედრის მიწურულს გატანილი გოლით დაამარცხეს.
საკუთარ კედლებში იმარჯვა მილანის “ინტერმა”, რომელმაც “კლუჟი” დაამარცხა. შეხვედრის გმირად როდრიგო პალასიო იქცა, რომელმაც ანგარიშზე დუბლი ჩაიწერა. არგენტინელი შემტევი მოედანზე მე-10 წუთზე, თანამემამულე დიეგო მილიტოს ნაცვლად შევიდა, რომელმაც მძიმე ტრავმა მიიღო.
1/16-ფინალის პირველი მატჩების შედეგებით ყველაზე მეტად უკმაყოფილონი გერმანული ფეხბურთის გულშემატკივრები უნდა იყვნენ. ევროტურნირების ჯგუფური ეტაპები ამ ქვეყნის წარმომადგენელთა ტრიუმფით დასრულდა – გერმანიამ შვიდივე გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. თუმცა, ფლეი ოფში, გერმანულ კლუბებს საქმეები კარგად ნამდვილად არ მისდით. 5 თამაშიდან (1 ჩემპიონთა ლიგაზე და 4 ევროპის ლიგაზე), მათ ვერცერთი თამაში ვერ მოიგეს. ევროპის ლიგაზე, “გლადბახმა”, “შტუტგარტმა” და “ლევერკუზენმა” საკუთარ კედლებში ითამაშეს და თუ პირველმა ორმა ფრე მაინც გაახერხა, “ლევერკუზენმა” წაგებას თავი ვერ აარიდა. კიდევ ერთი გერმანული კლუბი, “ჰანოვერი” “ანჟისთან” გასვლაზე დამარცხდა.
ზენიტი-ლივერპული 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 ჰალკი (69), 2:0 სემაკი (72)
მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)
ანჟი-ჰანოვერი 3:1 (1:1)
გოლები: 0:1 ჰუსცტი (22), 1:1 ეტო’ო (34), 2:1 ახმედოვი (48), 3:1 ბუსუფა (64)
58-ე წუთზე, ეტო’ომ (ანჟი) ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი
მსაჯი: მარიო სტრაჰონია (ხორვატია)
სპარტა-ჩელსი 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ოსკარი (82)
მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)
ლევანტე-ოლიმპიაკოსი 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 პედრო რიოსი (10), 2:0 ბარკერო (40, პენ), 3:0 მარტინსი (56)
30-ე წუთზე, მარტინსმა (ლევანტე) ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი
გაძევება: აბდუნი 29 (ოლიმპიაკოსი)
მსაჯი: მანუელ გრეფე (გერმანია)
ნაპოლი-პლზენი 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 დარიდა (28), 0:2 რაიტორალი (79), 0:3 ტეცლი (90)
მსაჯი: პოლ ვან ბოეკელი (ჰოლანდია)
დინამო კ-ბორდო 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 არუნა (20), 1:1 ობრანიაკი (23)
76-ე წუთზე, გუსევმა (დინამო კ) ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი
მსაჯი: ალექსანდრუ დან ტუდორი (რუმინეთი)
ლევერკუზენი-ბენფიკა 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 კარდოსო (61)
მსაჯი:L ანტონიო მატეუ ლაოსი (ესპანეთი)
ბატე-ფენერბაჰჩე 0:0
გაძევება: მეირელეში 4 (ფენერბაჰჩე)
მსაჯი: ალან ლენი (ირლანდია)
აიაქსი-სტიაუა 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ალდერვაირელდი (28), 2:0 ვან რინი (48)
გაძევება: პინტილი 89 (სტიაუა)
მსაჯი: სტანისლავ ტოდოროვი (ბულგარეთი)
ბაზელი-დნიპრო 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 შტოკერი (23), 2:0 შტრელერი (67)
მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია)
ინტერი-კლუჟი 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 პალასიო (20), 2:0 პალასიო (87)
მსაჯი: მიხაელ კუკულაკისი (საბერძნეთი)
ნიუკასლი-მეტალისტი 0:0
მსაჯი: ტომ ჰარალდ ჰაგენი (ნორვეგია)
შტუტგარტი-გენკი1:1 (1:0)
გოლები: 1:0 გენტნერი (42), 1:1 პლეტი (90)
მსაჯი: მანუელ დე სოუზა (პორტუგალია)
ატლეტიკო-რუბინი 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 კარადენიზი (6), 0:2 ორბაისი (90)
გაძევება: შარონოვი 45 (რუბინი)
მსაჯი: ისტვან ვადი (უნგრეთი)
გლადბახი-ლაციო 3:3 (1:0)
გოლები: 1:0 შტრანცლი (17, პენ), 1:1 ფლოკარი (57), 1:2 კოზაკი (64), 2:2 მარქსი (84, პენ), 3:2 არანგო (88), 3:3 კოზაკი (90)
70-ე წუთზე, შტრანცლმა (გლადბახი) ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი
გაძევება: დიასი 69 (ლაციო)
მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)
ტოტენჰემი-ლიონი 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 ბეილი (45), 1:1 უმტიტი (55), 2:1 ბეილი (90)
მსაჯი: პედრო პროენსა (პორტუგალია)