კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდი დავიდ ვილია კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ზაფხულამდე არ გეგმავს. Marca-ს ცნობით, 31 წლის ესპანელი სეზონის ბოლოს გადაწყვეტს, უღირს თუ არა “კამპ ნოუზე” დარჩენა.
მოგეხსენებათ, სეზონის წარუმატებელი სტარტის შემდეგ, ვილია შესანიშნავ სათამაშო ფორმაში ჩადგა და “ბარსელონამაც” კონტრაქტის გახანგრძლივება მყისიერად მოისურვა. იყო ალბათობა იმისა, რომ კატალონიელებს ვეტერანი მეგოლე ზამთრის სატრანსფერო სეზონში გაეყიდათ, მაგრამ საბოლოოდ, ვილია მაინც “ბარსაში” დარჩა.
ვილიასადმი სერიოზულ ინტერესს იჩენდა ლონდონის “არსენალი”, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. სავარაუდოდ, “მეთოფეები” ასტურიელის გადაბირებას ზაფხულშიც ეცდებიან.