ჩილეს ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი არტურო ვიდალი უკვე იტალიაშია. ადგილობრივ მედიასთან საუბრისას, 27 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას არ აპირებს.
"იუვენტუსში" ვრჩები? არ ვიცი. ჯერჯერობით არც ალეგრისთან და არც თანაგუნდელებთან არ მისაუბრია, მაგრამ შემიძლია გითხრათ "მანჩესტერში" არ მივდივარ." - განაცხადა ჩილელმა.
ბოლო პერიოდში ჭორები არტურო ვიდალის გარშემო მრავლად ვრცელდება. მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს ჩილელ ფეხბურთელს "მანჩესტერს" უკავშირებდნენ და გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელები მზად იყვნენ ჩილელის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაეხადათ. შემდეგ, მანჩესტერულმა გრანდმა ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერი უარყო და დღეს თავად ვიდალიმაც პრემიერლიგაში თამაში გამორიცხა.
იტალიური მედია მაინც ირწმუნება, რომ ჩილელი "ბიანკონერი", შესაძლოა "მანჩესტერს" შეურთდეს. არტურო ვიდალი ტურინელთა ახალ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის ორშაბათს შეხვდება და ფეხბურთელის მომავალიც გაირკვევა.
გიორგი ბალახაძე